„ნუ დაპანიკდებით ყოველთვის, როდესაც ხედავთ ტურისტების რაოდენობის შემცირებას“, - მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ეს რეკომენდაცია, ალბათ, ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს აღაშფოთებდა, რადგან ის გამუდმებით მასობრივი ტურიზმის დანერგვაზე საუბრობდა და არ ითვალისწინებდა რეალობას, შეეძლო კი ღარიბ ქვეყანას უამრავი ტურისტის მიღება ისეთ პირობებში, სადაც მეორედ ჩასვლის სურვილი ტურისტს არ გაუჩნდებოდა?!
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი აჰმედ ეივეიდა საქართველოში ტურიზმის განვითარების ხედვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარია ხარისხი და არა - რაოდენობა და საქართველოში ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან.
„ჩვენ არ გვინდა, საქართველო გადავაქციოთ მასობრივი ტურიზმის ადგილად, რომელიც ზიანს მიაყენებს როგორც საქართველოს ბუნებას, ასევე, კულტურულ ძეგლებს, კულტურულ მემკვიდრეობას. მთავარია ხარისხი, თუ რამდენს დახარჯავენ ჩამომსვლელები. მთავარია, რომ ჩვენ მეტი ჩამომსვლელი ჩამოვიყვანოთ უფრო მაღალმხარჯველი ქვეყნებიდან. ამიტომ ნუ დაპანიკდებით ხოლმე, როდესაც მცირდება ჩამომსვლელთა რაოდენობა“, - განაცხადა აჰმედ ეივეიდამ.
პარალელურად, საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელშიც აქცენტი არა ტურისტების რაოდენობაზე, არამედ მათ ფინანსურ შესაძლებლობებზეა გადატანილი. 2015-2025 წლების ტურიზმის სტრატეგია მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტის დახმარებით მომზადდა და მისი მიხედვით, საინტერესო გამოცდილების მიღება უნდა შევთავაზოთ ტურისტებს, მეტი მხარჯველი უნდა ჩამოვიყვანოთ და ტურისტი, რომელიც მეტ ფულს დახარჯავს საქართველოში, წვლილს შეიტანს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში.
სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, ორჯერ უნდა გაიზარდოს ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა დასავლეთ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის შედარებით მდიდარი ბაზრებიდან, ხოლო თითოეული ვიზიტორის მიერ დახარჯული თანხა 320 აშშ დოლარიდან 365 აშშ დოლარამდე უნდა ავიდეს.
პარალელურად, მთავრობა მიიჩნევს, რომ მაისში ტურისტების ზრდა მათი წარმატებული პოლიტიკის შედეგია. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ტურ-ოპერატორები და სასტუმროების მფლობელები. ისინი მაისის მაჩვენებლის ზრდას ორ ფაქტორს უკავშირებენ - იბიარდის კონფერენეციის თბილისში გამართვას და ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით მეზობელ ქვეყნებში არდადეგების გამოცხადებას.
ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მასობრივი ტურიზმის განვითარებისგან ჯერ ძალიან შორს ვართ და, მინიმუმ, 1000%-ით უნდა გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყნაში. იგი მარტივ მაგალითზე საუბრობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე 5-ათასკაციანი ქალაქი გატლინბურგი, რომელიც ადგილმდებარეობით ზუსტად აბასთუმნის მსგავსია, წელიწადში ათ მილიონ ტურისტს იღებს 52 ათას სასტუმროს ნომერში, მარტო სამუშაოდ იქ ჩადის 60 ათასი ადამიანი და ქალაქში გამოყოფილია სპეციალური სამუშაო ადგილები. ასე რომ, ვერც მიხვდებით, თუ დაცული ტერიტორიებითა და უამრავი ატრაქციით მომხიბვლელ ამ ქალაქს ყოველწლიურად ათი მილიონი ტურისტი სტუმრობს. შესაბამისად, შალვა ალავერდაშვილი თვლის, რომ ჩვენმა სამმილიონნახევარიანმა ქვეყანამ, მინიმუმ, ათი მილიონი რეალური ტურისტი რომ მიიღოს (და არა უბრალოდ ვიზიტორი), ეს ჩვენთვის ნამდვილად იქნება ტურიზმის განვითარება.
„რეალურად, ერთ მილიონზე მეტ ტურისტს წელიწადში არც ვიღებთ. ამიტომ მასობრივ ტურიზმზე საუბარი საქართველოში ნაადრევია. არ ვიზიარებ აჰმედ ეივეიდას განცხადებას, რომ თურმე მასობრივი ტურიზმი საქართველოში კულტურულ ძეგლებსა და ბუნებას დააზიანებს. მასობრივ ტურიზმამდე საქართველო კიდევ ათი წელი მაინც ვერ მივა. თავად აჰმედ ეივეიდა ეგვიპტელია, ეგვიპტეში სწორედ მასობრივი ტურიზმია განვითარებული და ამით რამე დაუშავდა ეგვიპტურ პირამიდებს?! ასევე, ბოლო 15-20 წელიწადია, მასობრივი ტურიზმი განვითარდა თურქეთშიც და ამით თურქეთმა მხოლოდ მოიგო. მართალია, თურქეთის მიერ არაერთი კულტურული ძეგლი მითვისებულია, მაგრამ ტურისტის თვალში ისინი მაინც თურქულ ძეგლებად აღიქმება. ამით მოიგო თურქეთის თითქმის ყველა სეგმენტმა - სოფლის მეურნეობამ, მრწეველობამ“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.
ასევე, განმარტა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება სტერატეგიული დოკუმენტის იმ ნაწილსაც, სადაც აქცენტი კეთდება ტურისტების არა რაოდენობაზე, არამედ ფინანსურ შესაძლებლობაზე. ამ შემთხვევაში, ექსპერტი სასტუმროს წარმომადგენლის რანგში საუბრობს და აცხადებს, რომ იგი ტურისტებს არ ყოფს ნაციონალობის, კუთხურობის მიხედვით. ეს იგივეა, კაფეში შევიდეს ადამიანი, მხოლოდ ერთი წვენი შეუკვეთოს, ერთი საათის განმავლობაში იჯდეს და ათვალიერებდეს მის მდგომარეობას. ასეთი კლიენტი ისევე ფასეულია, როგორც ათი კლიენტი, რომელიც შეუკვეთავს ათასლარიან სუფრას, რადგან მარტოდმყოფი ადამიანი შესაძლოა, აკვირდება სიტუაციას და ხვალ მისგან ასკაციანი შეკვეთა მივიღოთ. ასევეა, ქვეყნების შემთვევაშიც. შესაძლოა, სხვა ქვეყნის რომელიმე ტურისტულმა სააგენტომ, უბრალოდ, დასაზვერად გამოუშვა ერთი ტურისტი და მას შეიძლება უამრავი ტურისტი მოჰყვეს.
„თუ ფიქრობენ, რომ ახალი სტრატეგიით, ღარიბი ქვეყნებიდან ტურისტები არ უნდა მიიღონ, ცდებიან. ჯერ ერთი, საინტერესოა, რომელია ღარიბი ქვეყანა? როგორც წესი, ადამიანები, რომლებსაც ლუკმა-პური არ აქვთ, სამოგზაუროდ არც დადიან. ასე, საქართველოც ღარიბ ქვეყნად ითვლება, მაგრამ სხვა ქვეყნებში რომ ჩადიან ქართველები, როგორ იწონებენ თავს ფულის ფლანგვით?!
ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, უფრო მეტს ვხარჯავთ უცხოეთში, ვიდრე ნებისმიერი მდიდარი ქვეყნიდან ჩასული ტურისტი, რომელსაც ასეთი რამით ვერ გააკვირვებ. ამიტომ უფრო მეტი გადახდისუნარიანი შეიძლება გვესტუმროს იმ, ერთი შეხედვით, „ღარიბი“ ქვეყნიდან. ტურიზმის განვითარების საწყის ეტაპზე ნუ მოველით, რომ პირდაპირ მდიდარი ტურისტები გვეწვევიან. ამას თავისი ეტაპები აქვს. თავდაპირველად, წლების განმავლობაში ჩამოდიან ე.წ. იაფი ტურისტები. ეს ხალხი უკან ბრუნდება, ყვება საქართველოში განცდილი ტურისტული თავგადასავლის შესახებ და ამის შემდეგ იწყება სეგმენტების განვითარება.
მაგალითად, თავდაპირველად ისრაელიდან დაიწყო შედარებით დაბალ გადამხდელუნარიანი ტურისტების ჩამოსვლა, ახლა უკვე ჩამოდიან საშუალო დონის გადამხდელები, სადღაც ორ-სამ წელიწადში კი ეს უფრო მაღალ გადახდისუნარიანი სეგმენტით ჩანაცვლდება“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, რომელიც პარალელურად, ტურისტულ სააგენტოს ფლობს, მიიჩნევს, რომ რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი მარკეტინგულ აქტივობებზე გადაიტანა რუსეთსა და უკრაინაში. ეს შეცდომა იყო, რადგან ორივე ქვეყანაში დღეს ფინანსური კრიზისი და კონფლიქტური სიტუაციაა. ამიტომ ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, საჭიროა ახალ ბაზრებზე გასვლა და მარკეტინგული ღონისძიებების გატარება.