For.ge განაგრძობს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
მე და ჩემმა პარტნიორმა დათო დვალმა გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციების ბიზნესში გადავრთულიყავით. “რუსთავი 2” კი საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაგვექცია. ვაპირებდი ტელევიზიის აქციები ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების პატივსაცემი ადამიანებისთვის მეჩუქებინა.Aამის თაობაზე სააკაშვილსაც ვუთხარი. თუმცა, ამ პროექტს ტელევიზიის ბალანსის გამოსწორების გარეშე ვერ განვახორციელებდით.
ტელევიზიას ყოველწლიურად 3 მილიონი დოლარი დეფიციტი ჰქონდა, რომელსაც ჩვენ “ჯორჯიან ონლაინიდან” ვავსებდით.
ეს, დეფიციტიც პატარკაციშვილის გამო გაგვიჩნდა, ვინაიდან 2001 წელს ჩვენ უკვე მომგებიანი კომპანია გავხდით. ბადრიმ ფასები ხელოვნურად გაზარდა, მე თუ ვუხდიდი ოპერატორს 300 ლარს, მან 1000 დაუნიშნა, თუ ჟურნალისტს ჩემთან მაქსიმუმ 1000 ლარი ჰქონდა, ბადრიმ 1500 დაუნიშნა. მე თუ სერიალს 50 დოლარად ვყიდულობდი, ამან 500 დოლარად იყიდა. მე მეუბნებოდნენ, - კი, ძველი მეგობარი ხარ, მაგრამ 500 დოლარს თუ არ გადაიხდი, მაშინ “იმედს” მივყიდით. საერთაშორისო ბაზარზეც გააქტიურდა. მან “გლობოსთან” ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა და ბრაზილიური სერიალები დაისაკუთრა. კონკურენცია აუტანელი გახდა. შემოსავალი იგივე გვქონდა, ხარჯი კი რამდენჯერმე გაიზარდა. ამას ომის ხასიათი უფრო ჰქონდა, ვიდრე კონკურენციის. მეორეს მხრივ, კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით არ ვაკეთებდით, ვერც ჟურნალისტს შევუმცირებდით ხელფასს, ისეც ოპტიმიზირებული გვქონდა ყველაფერი.
გარდა ამისა, მე და ჩემს პარტნიორებს გვსურდა, რომ “რუსთავი 2” ისევ დამოუკიდებელ, თავისუფალ ტელეკომპანიად გვექცია. მე რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი ვიყავი და პოლიტიკურ პროცესებში საკმაოდ ჩაბმული, რაც ჩვენს ჟურნალისტებს მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის ხელს უშლიდა. ამიტომ ტელევიზიიდან ჩემი დისტანცირებით ტელევიზია უფრო თავისუფალი გახდებოდა. თავად ჟურნალისტებიც არჩევანის წინაშე დადგნენ, ახალი ხელისუფლების წევრებთან მეგობრობდნენ და ესაც ხელს უშლიდა მოვლენების ობიექტურად გაშუქებას.
ჟურნალისტები შევკრიბე და ვუთხარი, ვისაც გინდათ ჟურნალისტობა, დარჩით, ვისაც გინდათ თანამდებობა, არჩევანი გაქვთ და წადით. გურამ დონაძე პირველი გაიქცა, ნანა ინწკირველიც წავიდა, ტაბატაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ერთ დღესაც, სააკაშვილმა დამირეკა და კრწანისის რეზიდენციაში ასვლა მთხოვა, ის ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა.
ავდივარ კრწანისში, ლავრენტი ბერიას ყოფილ სახლში. ძალიან ლამაზი სახლია, სადაც ორი ასასვლელია, თუ ეზოდან შედიხარ, მარმარილოს ფოიეში ხვდები, მერე დიდი დარბაზია ბუხრით, საიდანაც აივანზე გადიხარ და თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. მიშამ მთელი ეს ტერიტორია, სახლიან-ეზოიანად, 10 მილიონად გაყიდა. მაშინ ამბობდა, რომ მას ვითომ არაფერი ჭირდებოდა და მოკრძალებულად იცხოვრებდა. ახლა კი ავლაბარში 200 თუ 300 მილიონიან სასახლეს იშენებს.
ბერიას სახლში მხვდება მიშა და, კიდევ, გამხდარი, ინტელიგენტური გარეგნობის, ფერმკრთალი, სადღაც ასე 45 წლის კაცი, ძვირფას, მაგრამ სადა კოსტიუმში, ნაქსოვ პერანგში. მთლად ქართული იერი არ აქვს, გარეგნობასა და ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ მდიდარია. იმ პერიოდში, სადაც მივდიოდი ყველგან პირდაღებულები მხვდებოდნენ, ცოცხალ ლეგენდასავით მიყურებდნენ. ამ კაცს დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით მსგავსი არაფერი გამოუხატავს, თავისუფლად, მშვიდად შემხვდა. ამან გამაკვირვა და ცოტა დავიძაბე, ჩავთვალე, რომ ან ქართველი არ იყო, ანაც მე საერთოდ არ მიცნობდა. ამასობაში მიშამ ერთმანეთი გაგვაცნო და ეს კაცი ყველაზე მდიდარი ქართველი - ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა, რომელზეც მეც უამრავი ლეგენდა მსმენოდა. მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ის მიშასთან ძალიან დაახლოებული ყოფილა.
2 ნოემბრის არჩევნებსა და რევოლუციის წინა პერიოდში ივანიშვილი მიშას მთავარი დონორი იყო. დანარჩენ პარტიათა უმეტესობას და ზურაბ ჟვანიას პატარკაციშვილი აფინანსებდა. ჟვანიას არ სურდა საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილთან ერთ ბლოკში გაერთიანება, რასაც მე ვაპროტესტებდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ერთიანი ძალით უფრო იოლად დავამარცხებდით შევარდნაძის რეჟიმს. ეს მცდელობა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისას მქონდა, მაგრამ ამათი გაერთიანება არც მაშინ მოხერხდა. ჟვანიას გარემოცვის წევრები, სააკაშვილს კრიმინალებისაგან დაფინანსების გამო აკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ სააკაშვილი თვითმართველობის არჩევნებში კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დააფინანსა, რაც ფანტაზიის სფერო სულაც არ არის. სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ბიზნესმენ მიხეილ სურგულაძესთან მეგობრობს, რომელიც თავის მხრივ ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარიცაა.
სააკაშვილმა მე და ბიძინა ერთმანეთს გაგვაცნო და რამდენიმე ხნით მარტო დაგვტოვა. ბიძინა ძალაუფლებას შეჩვეული კაცის ტონალობით მესაუბრა. ის ამ ტიპის საუბარს შეჩვეულია, როცა მისი ნათქვამი განხილვას აღარ ექვემდებარება.
- მიხარია, რომ გაგიცანით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რაც გააკეთეთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს რევოლუცია არ მოხდებოდა. სულ მქონდა განცდა, რომ “რუსთავი 2”-ს გაყიდდით. მე ვიცოდი, რომ ბადრის თითქმის ნაყიდი ჰქონდა თქვენი ტელევიზია და ამის გამო მე-9 არხს ვაფინასებდი, რათა მთელი სატელევიზიო სივრცე მას არ გაეკონტროლებინა - მითხრა ბიძინამ.
ბადრის მიმართ უარყოფითად საუბრობდა, რაც გულზე სალბუნივით მომხვდა. გამეხარდა იმ ფონზეც, რომ სააკაშვილი და ჟვანია ბადრისთან დამეგობრობას ცდილობდნენ. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.
- მინდა მადლობა გამოვხატო თქვენს მიმართ და რახან ბადრი დამარცხდა, მე მე-9 არხი აღარ მჭირდება, თქვენ გაჩუქებთ მის ტექნიკას, სიხშირეს, შენობებს და რაც მოგეწონებათ ყველაფერი წაიღეთ.
გამიხარდა. კაცი მეცენატია, გჩუქნის. რაც შეეხება პერსონალს, თუ ვინმეს საჭიროდ ჩათვლით თქვენათან გადაიყვანეთ, დანარჩენებზე მე ვიზრუნებ ქუჩაში, რომ არ დარჩნენო.
ასე გადმოვიდა “რუსთავი 2”-ში ანუკა ქინქლაძე, გადმოვიტანეთ ჩართვის მეორე მანქანა, ტოიოტას ჯიპზე დამონტაჟებული უძვირფასესი ტექნიკა. ბევრი არაფერი წამომიღია, ძირითადად, ბიძინასაც წეწავდნენ, ბევრი ფული ჰქონდა გადაყრილი.
მეცხრე არხის ტერიტორიაც დავათვალიერეთ, ვნახე შენობები, ყველა ადგილი ფეხით მოვიარე და ეს ადგილი ჩვენთვის უინტერესო აღმოჩნდა. ეს ის ტერიტორიაა ახლა სადაც “ორთაჭალის ტურფა” შენდება,, მერე ამ მიწის გამო დიდი ხმაური ატყდა და ნაცემი დეპუტატი ვალერი გელაშვილი რეანიმაციაშიც მოხვდა. ჩვენ გვაჩუქეს და უარი ვთქვით.
ივანიშვილმა იცოდა, რომ ჩვენ ტელევიზიის აქციების დარიგებას და მის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გადაქცევას ვაპირებდით. ამ თემაზე თვითონ ჩამოაგდო საუბარი. ამ პროექტის განსახორციელებლად თავად შემომთავაზა დახმარება.
მან მითხრა, რომ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე 20 მილიონ დოლარს ჩარიცხავდა, რათა ტელეკომპანიას დეფიციტი აღარ შექმნოდა, ხოლო მომავალი აქციონერების სია ერთად უნდა ჩამოგვეწერა. ის აპირებდა ტელევიზიის დამფუძნებლებისთვის მატერიალური კომპენსაცია გადაეხადა.
მას სურდა, რომ ტელევიზიის გენერალურ დირექტორად ისევ მე დავრჩენილიყავი, თუმცა მე ვიუარე, ვინაიდან ზუსტად იმიტომ გავდიოდი ტელევიზიიდან, რომ ჩემი სახელი მას ობიექტურობაში უკვე ხელს უშლიდა.
- ერთადერთი თხოვნა მაქვს, ეს ჩვენი შეთანხმება საიდუმლოდ დარჩეს, მე რუსეთში ვშოულობ ფულს და არ მინდა პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ გაიგოს აქ რას ვაკეთებ, ამის გამო შესაძლოა პრობლემები შემექმნას, - მთხოვა მან.
მე ვუთხარი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებ, არის ჩემი პარტნიორი დათო დვალი და მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. ამასთან, ჩემს ინტერესში არ შედის ამ პროექტის ჩაშლა.
ამ საუბარს სააკაშვილიც ესწრებოდა, ისიც კმაყოფილი ჭყლოპინებდა. ერთმანეთს კარგად დავშორდით. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს. “ქართუს” შენობაში ერთად ვისადილეთ მე, ბიძინამ და კახა ლომაის ძმამ, რომელიც “ქართუ ჯგუფს” ხელმძღვანელობდა. ჩვენი პროექტის ირგვლივ დეტალებს ვათანხმებდით, თითქმის დავმეგობრდით, მართლა სასიამოვნო იყო ჩემთვის ასეთი ალტრუიზმი, ადამიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგვეხმაროს, ამხელა მატერიალურ დანახარჯზე მიდიოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა გაქრა. მე მასთან შეხვედრაზე მივედი და მის ნაცვლად ლომაიას ძმა დამხვდა, რომელმაც გადმომცა, რომ ივანიშვილს ვანო ჩხარტიშვილმა დაურეკა და ჰკითხა - მართლა “რუსთავი 2”-ს ყიდულობო?
ამის მერე ბიძინა ივანიშვილი საერთოდ აღარ მინახავს. არც მიცდია მისი მოძებნა, მაგრამ გამოვიდა, რომ მან რაღაც მთხოვა და მე ეს ვერ შევასრულე.
ვიღაცამ ჩვენი შეთანხმება გაახმაურა, რაც პირობის დარღვევა იყო. ზუსტად ვიცი, რომ მე და დვალს არავისთვის არაფერი გვითქვამს, ეს არანაირად გვაწყობდა. ლომაიას ძმა ივანიშვილის თანამშრომელი იყო და ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა, ეს მისთვის თვითმკვლელობა იქნებოდა.
რჩება მხოლოდ მიშა სააკაშვილი. შედეგიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება მან ჩაშალა. მას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი სატელევიზიო არხი არ ჭირდებოდა. ასეთ არხს ვერც ხელში ჩაიგდებდა, როგორც ეს მოგვიანებით გააკეთა და ძნელადაც თუ გააკონტროლებდა, ვინაიდან აქციებს საზოგადოებისთვის ნაცნობ წესიერ და პრინციპულ ადამიანებს ვჩუქნიდით. ამიტომ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი და ივანიშვილის შეთანხმება მიშას ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
ამ პერიოდში მახსოვს, ირაკლი ჩუბინიშვილმა საკრალური ფრაზა მითხრა, რომელიც თავში ჩამრჩა: მიშას “რუსთავი 2”-ის ეშინია და იძახის - არ მინდა რაღაც დროის მერე “რუსთავი 2”-ზე, “60 წუთში” ჩემზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადონ, რომ მე სახლი მაქვს ლონდონშიო. მას ეშინოდა “60 წუთში” მოხვედრის, ამ გადაცემის ნახევარი თანამშრომლები სამუშაოდ უშიშროების სამინისტროში გადაიყვანა. მან ბიძინას შემოთავაზება დაბლოკა და ყველაფერი ისე გააკეთა, ვითომ თავად მე დავარღვიე შეთანხმების პირობა.
ბიძინამ სიტყვა შეასრულა, ყველაფერი რასაც დაგვპირდა გადმოგვცა, მაგრამ გაქრა. როგორც ვიცი, შემდეგ, მან ის 20 მილიონი ვანო მერაბიშვილს მისცა, რომლის მცირე ნაწილი “რუსთავი 2”-ის წილის გამოსყიდვისას დათო დვალს გადაუხადეს, დანარჩენი ვანომ და მაგ ბიჭებმა სად წაიღეს, მათ გარდა არავინ იცის.
თებერვლის დასაწყისში, საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან ერთი თუ ორი კვირის შემდეგ მიშა პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრებოდა.
სააკაშვილს ვთხოვე, რომ მოსკოვში მის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდოდი და ვიზიტის მომზადებაში დავეხმარებოდი. ამას ვაპირებდი არა როგორც დიპლომატი, არამედ კერძო პირი, ვისაც რუსეთში ძალიან კარგი ჟურნალისტური სამეგობრო წრე გააჩნდა. ჩემი მეგობრები არიან კისილიოვი, საროკინა, ვენედიქტოვი, პარფიონოვი, მანანა ასლამაზიანი: მათ ჰქონდათ კლუბი, რომელსაც “კლუბ 42” ერქვა და გაერთიანებულები იყვნენ ძალიან გავლენიანი ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთში ჟურნალისტური ეთიკის უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებდნენ. ვიცნობდი სატელევიზიო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.
ვინაიდან მოსკოვში ეს მიშას პირველი ვიზიტი გახლდათ, ვთვლიდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ დაიწყებდნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ურთიერთობას. შევარდნაძეს პუტინის უბრალოდ ეშინოდა, საბჭოთა პარტიულ ფუნქციონირებს კგბ-ს შიში ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ პუტინთან შეხვედრისას, ვიზუალურადაც ჩანდა, რომ შევარდნაძე ამ როლიდან ვერ გამოვიდა. ამას დაემატა ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძემ პანკისში კრიმინალური ანკლავის მოსაშლელად რუსეთს სპეცოპერაციის ჩატარებაზე უარი უთხრა. კარგად მოიქცა თუ ცუდად, ამის გამო პუტინი შევარდნაძეზე განაწყენდა და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა. მიმაჩნია, რომ ამისგან კარგიც მივიღეთ: ჩვენ დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ ნამდვილად დამოუკიდებლები ვიყავით და ჩვენი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა დროშა, გერბი და ჰიმნი ბუტაფორია არ იყო.
გარდა ამისა, ითვლება, რომ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი და შემდეგ ბერლინის კედელი, რასაც რუსული სამხედრო და იმპერიული ელიტა მას ვერ პატიობდა. ამიტომ შევარდნაძეს აღარ ენდობოდნენ. შევარდნაძე მიიჩნევდა, რომ რუსებმა ორჯერ მოუწყვეს მას ტერაქტი. საქართველოს შევარდნაძის გამო სჯიდნენ, მაგრამ აქ სიტუაცია შეიცვალა რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებმაც შევარდნაძე დაამხეს. რუსეთთან ახალი ურთიერთობების დასაწყებად პრეზიდენტების პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
პირველი, რაც გავაკეთე, რუსეთში ჩვენს ელჩს, ზურა აბაშიძეს შევხვდი. ზურა აბაშიძეს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მისი კარიერა საბჭოთა კავშირიდან დაიწყო, იყო ამ ქვეყნის ელჩი ინდოეთში, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
იგი ირაკლი აბაშიძის შვილია, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უცნობილესი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, მას რუსეთში უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლის გამოყენებასაც ახლა ვაპირებდით. ამას დაუმატეთ რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველები - ზურა წერეთელი, დათო იოსელიანი, გიორგი გიგინეიშვილი, ლეო ბოკერია, გია დანელია, მელორ სტურუა - საქართველოს დიდი პატრიოტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საბჭოთა ჟურნალისტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში “იზვესტიას” კორესპონდენტი იყო.
2004 წელს მელორ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. მიშა სააკაშვილს დიდი ხვეწნით დავაწერინე მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ბრძანება, რომელიც მოსკოვში მისთვის დაბადების დღეზე უნდა გადამეცა, მაგრამ სტურუამ დამირეკა - დაბადების დღეს სხვა მიხდის, მას ასლან აბაშიძე დაუპატიჟებია და მოსვლას აპირებსო. ამის გამო მე ორდენი გავუგზავნე, დაბადების დღეზე აღარ მივსულვარ.
რუსეთში პატივსაცემი ადამიანია ვიქტორ გელოვანი, ერთადერთი ქართველი მარშალის - არჩილ გელოვანის ვაჟი.
ზურა აბაშიძეს ვთხოვე რუსეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, ევგენი პრიმაკოვთან შევეხვედრებინე. პრიმაკოვი გავლენიანი კაცია და მას პუტინის შესახებ ბევრი სასარგებლო რჩევის მოცემა შეეძლო. შევარდნაძე მასზე განხორციელებულ ბოლო ტერაქტისთვის პრიმაკოვს ადანაშაულებდა. შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობისას პრიმაკოვი ამ უწყებაში მუშაობდა. “ძალიან ცუდად მექცეოდა, სულ ეჭვიანობდა, რომ ფარულად მის წინააღმდეგ ვმოქმედებდი” - მითხრა პრიმაკოვმა. მათ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ პრიმაკოვის დედა თბილისშია არის დასაფლავებული, შევარდნაძის დროს აქ შეგნებულად არ ჩამოდიოდა.
პრიმაკოვის საყვარელი რესტორანი “კურა” “ჩისტიე პრუდიზე”მდებარეობს. იქ შევიკრიბეთ: პრიმაკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, პრიმაკოვის სიძე, მძახალი, მისი ბავშვობის ქართველი მეგობარი, გია დანელია, მელორ სტურუა, დათო იოსელიანი და მე.
ამ სუფრაზე პრიმაკოვს ვეუბნები - ევგენი მაქსიმოვიჩ, ვიცი, რომ შევარდნაძეს ვერ იტანდით. ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და შევარდნაძე გადავაყენეთ, რომელიც თქვენი და ჩვენი აზრითაც, საქართველოსთვის კარგს ვერაფერს აკეთებდა.
- ახლა ახალი პრეზიდენტი გვყავს, ახალგაზრდა, ტალანტის მქონე, ენერგიული, გვინდა ახალი კარგი საქართველოს აშენება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მოგვეხმარეთ. პრეზიდენტმა მე გამომგზავნა პუტინთან შეხვედრის მოსამზადებლად და ეგებ გვითხრათ, როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი, რომ მან და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთს გაუგონ. თავადაც გესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ორი პრეზიდენტის კარგ ურთიერთობას. კარგი იქნება თუ პუტინთან შეხვედრამდე სააკაშვილი თქვენთან კონსულტაციას გაივლის.
სიამოვნებითო, - მითხრა, -აუცილებლად დავეხმარებიო”
(გაგრძელება იქნება)