საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 ივნისის დადგენილებით, საქართველოში 1 წლის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა 94 ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ. ახალი დადგენილებით გაუქმდა 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება, იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზო მიმოსვლა. ამ დოკუმენტით, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ეზღუდებოდათ. მათ 180 დღის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღით ჰქონდათ ქვეყანაში დარჩენის უფლება.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს, მათ საქართველოში შემოსვლა სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის საფუძველზე შეუძლიათ. მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება ასევე აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზირებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს მფლობელ უცხოელებს.
საქართველში 365 დღიანი ყოფნით ისარგებლებენ:0 ბრაზილიის, არგენტინის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, აშშ-ის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიატენთის, სინგაპურის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ქუვეითის, ბოტსვანას, კვიპროსის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ბელორუსიის, ბელგიის, იტალიის, ისრაელის, რუსეთის, რუმინეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლებენ - ირანის, ერაყის, ჩინეთის, პერუს, ჩილეს, ბოლივიას და გვატემალას მოქალაქეები.
ექსპერტებისთვის კი, გაუგებარია ზოგ განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეებს რატომ უნდა ქონდეთ მუდმივი ყოფნის უფლება, რაც მათივე თქმით საემიგრაციო პოლიტიკის არქონას ნიშნავს. პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისთვის გაუგებარია რა კრიტერიუმებით მოხდა იმ ქვეყნების შერჩევა, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში1 წლის განმავლოვაში უვიზოდ ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.
„არ მესმის მაგალითად ტაჯიკეთთან რატომ უნდა გვქონდეს უვიზო მიმოსვლა, როდესაც ლამისაა რუსეთმა ჩაკეტოს საზღვარი, რადგან ტაჯიკეთს ახლა აქვს თალიბანების პრობლემა და არის პრესპექტივა, რომ იქ გამოჩნდება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. გაუგებარია საერთოთ ტაჯიკეთის შემთხვევა, ისევე, როგორც გაუგებარია ირანის შემთხვევა. წინა ხელისუფლებამ საერთოდ მოხსნა ვიზა ირანის მიმართულებით, ახლა კი, ვამკაცრებთ.
არ მესმის რატომ წესდება შეზრუდვა ირანის მოქალაქეებზე, როდესაც ამ ქვეყნიდან იზრდება, როგორც ტურისტების, ასევე ინვესტიცების შემოსვლის შანსი. გაუგებარია რატომ უნდა იყოს სიმკაცრე ჩინეთთან მიმართებაში, როდესაც ჩინელებს საკმაოდ დიდი ინვესტიცია შემოაქვთ საქართველოში და რა პრინციპით უნდა იყოს ღია საზღვარი იგივე ჩილესთან? ჩემთვის გაუგებარია ჩინეთის და ირანის შემთხვევა. შესაბამისად, ვერ გეტყვით რა კრიტერიუმებით მოხდა ქვეყნების დაყოფა“, -აცხადებს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სიაში მოხვდნენ, პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ დსთ-ს ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება დიდი ხანია არსებობს.
„გარკვეული შეთანხმება ჯერ კიდევ დსთ-ს ფარგლებში მოხდა და ეს გასაკვირი არ არის. მეორეა ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენ გვქონდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, მართალია ახლაც გვაქვს, უბრალოდ შემცირებულია მათი რიცხვი. ახლა, როგორც ჩანს, ისევ იზრდება, რაც აბსოლუტურად სწორია. ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვამ ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირის მოქალაქეების მხრიდან. ეს საკითხი გარკვეულ უხერხულობებს იწვევდა ევროკავშირთან.
კარგია, რომ ისევ გაზარდეს ერთწლიანი ვადა, იმიტომ, რომ ეს საშუალებას აძლევს უამრავ ხალხს, იმოგზაურონ საქართველოში და სურვილის შემთხვევაში შემოიტანონ ინვესტიციები. ასე რომ, შეცდომა იყო ის შეზღუდვები, რომელიც დაწესდა ერთი წლის წინ. ახლა ხდება ამ შეცდომის გამოსწორება, რაც თავისთავად მისასალმებელია“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
კახა გოგოლაშვილის თქმით, ქვეყნების დაყოფა არ მომხდარა განვითარებად და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებად, რამდენადაც საუბარია ორმხრივ ურთიერთობებზე და საფრთხეების შეფასებაზე.
„მაგალითად, იგივე, ყირგიზეთთან დაკავშირებით პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არანაირი პრობლემა არ გვქონია მიგრაციის თვალსაზრისით, თუნდაც იგივე ტაჯიკეთიდან. ისინი უფრო მიგრაციას ახორციელებენ რუსეთის მიმართულებით. რაც შეეხება ჩინეთს, ცოტა სახიფათო ქვეყანაა, იმიტომ, რომ ჩინეთიდან მთელს მსოფლიოში მიგრაციის დონე ძალიან მაღალია და არ მიკვირს, რომ ჩინეთთან არ მოქმედებს ეს პროცესი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.