პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი და კოლაფსი განიცადა. ამიტომ საჭიროა, ამ ინსტიტუტს გადახედვა და ხარვეზების გამოსწორება, მით უფრო, რომ დაზარალებულის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა, დამნაშავე დაისაჯოს და ეს სახელმწიფომ უზრუნველყოს.
როგორც ირკვევა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით არც თეა წულუკიანია მოხიბლული. იუსტიციის მინისტრიც ადასტურებს, რომ ეს ინსტიტუტი გარდაქმნას საჭიროებს, თუმცა მის სრულ გაუქმებაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.
ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე დღის წინ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გონივრულ ვადაში ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, რის შემდეგაც მოსამართლემ ისინი დაითხოვა. პარალელურად, მოკლული ლაშა მახარაძის ბიძა - ზაალ ჟვანია სკანდალურ განცხადებას აკეთებს: „ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა, რომელიც ჩვენთან სახლში მოვიდა, გვაცნობა, თუ როგორ ხდებოდა ნაფიც მსაჯულებს შორის გადაბირება ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასარგებლოდ“. უფრო მეტიც, ორმა ნაფიცმა მსაჯულმა იტირა კიდეც სასამართლოზე და იქ ხელჩართული ჩხუბი ყოფილა ნაფიც მსაჯულებს შორის, ვინ ვის გადაიბირებდა...
თბილისის ყოფილი პროკურორის, მაია მწარიაშვილის თქმით, მისი დაკვირვებით, ნაფიც მსაჯულებზე ძირითადად ორი დამოკიდებულება მუშაობს - ან ეშინიათ, ან ეცოდებათ და პასუხისმგებლობას მძიმე გადაწყვეტილებაზე ვერ იღებენ და ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა.
მას შემდეგ, რაც საქართველოში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი დაინერგა, მუდმივად გრძელდება დავა, უნდა არსებობდეს თუ არა ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში აღნიშნული ინსტიტუტი, რაც ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვასა და მათზე ზეგავლენას არ გამორიცხავს.
მართალია, ქართველ საზოგადო მოღვაწეს, ნიკო ნიკოლაძეს ჯერ კიდევ 130 წლის წინ ესმოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უპირატესობა ჩვეულებრივ სასამართლოსთან შედარებით და მის ღირსებად ამ სასამართლოს აღმზრდელობით მნიშვნელობას თვლიდა, მაგრამ დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იდეა მოძველდა და რაღა დროს ნაფიცი მსაჯულებია?! ნუთუ იურისტებმა ამდენი წლის განმავლობაში იმიტომ ისწავლეს, რომ მათ ნაცვლად საქმე უბრალო მოქალაქეებმა გადაწყვიტონ?!
ნიჰილისტები არგუმენტად იმასაც იშველიებენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ბევრი დრო მიაქვს. მსოფლიო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ყოველთვის არ ყოფილა სამართლიანობის უზენაესი გამოვლინება. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელისა და მსახიობის - ოჯეი სიმპსონის შემთხვევა იყო, როცა ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელი სიმპსონი გაამართლეს და ტრაგიკული ისტორია „ჰეფი ენდით“ დააგვირგვინეს. კერძოდ, 1994 წელს 13 ივნისს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს ოჯეი სიმპსონის ყოფილი მეუღლე ნიკოლი და მისი საყვარელი, რონალდ გოლდმენი. მკვლელობის ბრალდებით მალე ოჯეი სიმპსონი დააკავეს. საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს ჩაბარდა. უპრეცედენტოდ დაძაბული სასამართლო პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. გაჩნდა საფრთხე, რომ შავკანიანი სიმპსონის დასჯა ლოს ანჯელესის შავკანიანი მოსახლეობის რასობრივ პროტესტს გამოიწვევდა. იმის მიუხედავად, რომ ყველა ეჭვობდა, რომ სწორედ ოჯეი სიმპსონმა მოკლა ყოფილი მეუღლე საყვარლითურთ, ნაფიცმა მსაჯულებმა სიმპსონი მაინც გაამართლეს და ის სიკვდილით დასჯას გადაარჩინეს. ამბობენ, რომ ეს ემოციური სასამართლო პროცესი იყო და, როგორც ჩანს, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაც (რომელთა უმრავლესობაც მუქკანიანი იყო) ემოციითაც იყო ნაკარნახევი. მოგვიანებით მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით „მე რომ ეს ჩამედინა“, რაც ხალხის აზრით, ცინიკური იყო და სიმპსონის მიერ ორმაგი მკვლელობის ჩადენის აღიარებას ნიშნავდა. მოგვიანებით საქმე სამოქალაქო სასამართლომ განიხილა და ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ სიმპსონი დამნაშავედ ცნო.
ჩვენში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვაზე დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ წამყვან ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდა. „რეფორმატორების“ მთავარი მოტივი შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს შელახული იმიჯის აღდგენა იყო. 2001 წელს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ, თუკი ხელისუფლებას საქმის კეთების სურვილი მართლაც ჰქონდა, მაშინ პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა მიეღო კანონ-პროექტი ნაფიცი მსაჯულების სისტემის შემოღების შესახებ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაციონალები კვლავაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობის არელის გაფართოებას მოითხოვდნენ. ამ ინსტიტუტს იწონებდა საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე- დავით საყვარელიძე, განსხვავებით, თეა თუთბერიძისგან, რომელსაც ნაფიცი მსაჯულების თემა არ ხიბლავდა. თუთბერიძის აზრით, ბაჩო ახალაიას საქმე ნაფიც მსაჯულებს რომ განეხილათ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, მათ იმდენი აგრესია ჰქონდათ დაგროვილი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომ ბაჩო ახალაიას, მართალიც რომ ყოფილიყო, დამნაშავის ვერდიქტს გამოუტანდნენ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან საუბარში ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს უარყოფითად აფასებს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა და აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რაც სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება. ლევან ალაფიშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, კარგად წაიკითხონ კანონის ის ნორმა, რომელიც შეეხება ნაფიც მსაჯულებს და, თუკი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერ ან არ იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ შესაძლებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჩარევით, მართლმსაჯულება აღსრულდეს.
„არც მე მაქვს ცალსახა პოზიცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს პირდაპირ კამპანიური თავდასხმაა. პრემიერი იქნება თუ სხვა, იმ ხალხს რას ეუბნება, რომლებმაც ნაფიცი მსაჯულის შრომა გასწიეს? მათ ოჯახებს ხომ საფრთხის ქვეშ აყენებს? საბოლოო ჯამში, ამით ხომ ინსტიტუციის დისკრედიტაციას ახდენს? გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში არ შეეძლოთ, ეფიქრათ ამ საკითხზე? კი მაგრამ, ამ ხელისუფლებისთვის უცნობია, რომ გახმაურებულ საქმეზე, თუ არ ვცდები, ჟვანიას საქმეზე, ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ ეს ყველაფერი და ამის შემდეგ პოლიტიკური კონტექსტი რომ მიეცემა ამ თემას, ამას არ უფიქრდებიან? ასეთი კომენტარები ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ პოლიტიკურად მათთვის მომგებიანია ამგვარი განცხადების გაკეთება და კანონი მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. ამით სასამართლო სისტემას დავაზიანებთ. მე ველი ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც პრემიერს თუ ნებისმიერ სხვას თავის ადგილს მიუჩენს, რადგან მნიშვნელოვან სიმპტომად მიმაჩნია, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან მესამე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კარგად მიუჩინა ადგილი პრემიერს, რომელმაც რუსთავში მეტალურგიულ ქარხანასთან მიმართებით მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გააკეთა. იურისტია პრემიერი, რომ ამგვარ განცხადებას აკეთებს? ვინ ურჩია ამ განცხადების გაკეთება?“ - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მართალია, ძალზე საფრთხილოა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ რაღაც ერთეულ საქმეებზეა საუბარი, 20-30 საქმეც არ იქნება, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს. ამასთან, თუკი ამ 30 საქმიდან ერთი საქმე ჯეროვნად არ შედგა, მთლიანი სისტემის ხარვეზზე საუბარი არ შეიძლება. მით უმეტეს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი პირველ ინსტანციაში არ არის მართლმსაჯულების დასასრული და არსებობს გასაჩივრების მექანიზმი.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორი გიორგი ბურჯანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საინტერესოა, საიდან იცის პრემიერმა, რომ კონკრეტული პირი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, მაინცდამაინც დამნაშავეა და ნაფიც მსაჯულებს უნდა გამოეტანათ გამამტყუნებელი ვერდიქტი? უბრალოდ, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ყველა ქვეყანაში ხდება.
„არსებობს საქმეები, როცა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი, საბოლოო ჯამში, არასწორად შეფასდა, მაგრამ უფრო ბევრ საქმეს ნახავთ, სადაც მოსამართლეების გადაწყვეტილება შეფასდა ცუდად. ასე რომ, ეს საზომი ერთეული ვერ იქნება. მინუსი ყველა ინსტიტუტს აქვს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტიც არ არის გამონაკლისი, მაგრამ აქ მთავარია, რომ რიგითი მოქალაქე არ არის იურისტი, მოქალაქეს არ აქვს სპეციალური განათლება და, პირიქით, კარგია, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე იღებს გადაწყვეტილებას. რატომღაც პრემიერს მიაჩნია, რომ ეს ხარვეზია. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაყვანილია იქამდე, რომ მხარეები მაქსიმალურად წარადგენენ ყველა არგუმენტს. რა თქმა უნდა, იმის შანსიც არის, რომ დამნაშავემ ნაფიცი მსაჯულები მოატყუოს, მაგრამ იმ პროცესზე მარტო ადვოკატი არ არის, არამედ ბრალდების მხარეცაა. პროცესს ჰყავს ორი მხარე-ბრალდების მხარე (პროკურორი) და დაცვის მხარე. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან მოტყუების მცდელობისას ერთვება პროკურორი და ამ ხარვეზს ასწორებს. სწორედ ეს არის შეჯიბრებითობის პროცესი. ეს აზღვევს ყველა იმ რისკს, რაც არსებობს. ამ ინსტიტუტის მომხრე ვარ და არგუმენტი, რომ ის მოძველდა, სისულელეა. ნათესაური ურთიერთობა და ნაცნობობა, შეიძლება, მოსამართლის მიმართაც გამოიყენონ. ამ ლოგიკით, მაშინ სასამართლოც უნდა გავაუქმოთ, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება, მოსამართლის ნათესავიც აღმოჩნდეს ბრალდებული. თუმცა ჩვენზე პატარაა შოტლანდია, ნათესაური ურთიერთობა იქაც მშვენივრად იციან, მაგრამ იქ ძალიან კარგად მუშაობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამდენად, ეს არის სიახლის შიში და შიში იმისა, რომ რაღაც ახალი არ შემოვიდეს. ხალხი იმიტომ არ ენდობა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ არ ესმის მისი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე წარმოაჩენს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სისტემას ხარვეზებზე საუბრობენ უფლებადამცეველები. for.ge-სთან საუბრისას უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ამ სისტემას კვალიფიციური ბრალდებისა და დაცვის მხარეები სჭირდება. „არც პროკურატურა და არც ადვოკატურა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ, სასამართლოზე რომ არაფერი ვთქვათ. მსჯავრდებულებმა და პირებმა, რომლებიც უმძიმეს დანაშაულში არიან ბრალდებულნი, თავისი საქმის გადაწყვეტა ნაფიც მსაჯულებს მიანდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს გამართლების იმედი ჰქონდათ, თორემ ასეთ პროცესზე არ წავიდოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა დაცვის მარცხით დამთავრდა. ახლა გვაქვს საკვანძო მომენტი, როდესაც ნაფიცებმა ვერდიქტის გამოტანაზე უარი თქვეს. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობის, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ვერც მსაჯულთა იმგვარ დამოუკიდებლობას, რომ მათ აიღონ თავის თავზე პასუხისმგებლობა და ვინმე გაამართლონ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
ადვოკატი, ირმა ჭკადუა ერთ–ერთი იმ ადვოკატებისგან, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ნაფიცმა მსაჯულებმა უმძიმეს დანაშაულში უდანაშაულოდ ცნეს. თუმცა, ამის მიუხედავად, for.ge-სთან საუბრისას ადვოკატი ამბობს, რომ სახეზეა გარკვეული ხარვეზები, რაც დასახვეწია.
„მე მხარს არ ვუჭერ ამ ინსტიტუტის გაუქმებას. როგორც ადვოკატს ძალიან მომწონს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და მომხრე ვარ, რომ ყველა საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავდეს. უბრალოდ, თვითონ საკანონმდებლო ბაზა არ იყო მომზადებული იმისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა დაწყებულიყო, არის გარეკვეული ხარვეზები და ეს უნდა აღმოიფხვრეს. იმედს ვიტოვებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საკანონმდებლო ბაზას ქმნიან, იზრუნებენ, რომ ეს ინსტიტუტი გააუმჯობესონ და არ გააუარესონ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
for.ge-სთან საუბრისას ადვოკავი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ადვოკატისთვის უკეთესია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, თუმცა, როგორც მოქალაქე ამბობს, რომ თუ საკითხს სახელმწიფოებრივად შევხედავთ, რა თქმა უნდა, არც ერთი ქვეყნისთვის და არც ობიექტური მართლმსაჯულებისთვის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მისაღები არსად არ არის.
„პირველივე დღიდან ვამბობდი და ახლაც ვამბობ, როგორც ადვოკატი, ნებისმიერი ადვოკატისთვის უკეთესია ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის გამნხილვა, ვიდრე მოსამართლის მიერ. მაგრამ, როგორც მოქალაქე, ჩვეულებრივად სახელმწიფოებრივად თუ მიუდგებით ამას, ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტმა არა თუ საქართველოში, არამედ არასად არ გაამართლა. იმიტომ, რომ შეუძლებელია შემთხვევითმა ადამიანებმა რომლებმაც არათუ საქმის ვითარება არ იციან, არამედ არაფერი იციან იურისპრუდენციაში, ასეთმა შემთხვევითმა ადამიანებმა დააყენონ ობიექტური გადაწყვეტილება“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.