ლაშა მარახარძის მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი ოქროპირიძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გოგიტა თოთოსაშვილის გადაწყვეტილებით, ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ბრალდებული ოქროპირიძის დედამ და ახლობლებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ მოკლული ლაშა მახარაძის ახლობლები.
პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი გუშინ წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.
მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მე-8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის მე-8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან.
როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება ვერ გამოიტანეს. მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ამ საქმეზე 9-თვიანი პატიმრობის ვადა 12 ივნისს ეწურება. სწორედ პატიმრობის ვადის ამოწურვას უკავშირებს თავად ბრალდებული მისთვის ბრალის დამძიმებას. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ პროკურატურა პრემიერ-მინისტრის დავალებას ასრულებს.
„პრემიერ-მინისტრმა დაავალა პროკურატურას, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ოქროპირიძე ციხიდან არ გამოვიდესო. ეს ბრალი მხოლოდ იმისთვის წარმიდგინეს, რომ პატიმრობიდან არ განვთავისუფლდე“, - ამბობს ბრალდებული გიორგო ოქროპირიძე.
თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ოქროპირიძის ადვოკატი. როგორც მოდებაძე აცხადებს, მისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პროკურატურამ ოქროპირიძეს ახალი ბრალი მხოლოდ იმიტომ წარუდგინა, რომ ის პატიმრობაში დაეტოვებინათ.
„ველოდები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას და არა იმიტომ, რომ კანონიერია, არამედ ველოდები იმიტომ, რომ ის რაც წინა დღეებში მოხდა, გასაგები იყო. პროკურატურა ყველაფერს გააკეთებდა, რათა თითიდან გამოწოვილი ბრალდება გაეტანა სასამართლოზე და 12 ივნისს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გარეთ არ გამოსულიყო“, - აცხადებს დავით მოდებაძე.
გიორგი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურება სახალხო დამცველი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი.
„მსგავსი პრეცედენტი ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, არა მხოლოდ გიორგი ოქროპირიძის მიმართ წაყენებული ბრალის დასაბუთებულობასა და მართებულობასთან დაკავშირებით, არამედ არსებითად აყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე სახელმწიფოს მიერ არაერთგზის ნაკისრი - წამების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებას. საქართველოს პროკურატურამ, ისევე როგორც ნებისმიერმა სხვა ინსტიტუტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ უმაღლეს კონსტიტუციურ ინსტიტუტს“, - ნათქვამია სახალხო დამცევლის განცხადებაში.
ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ ოქროპირიძეს მალე მიესჯება სამუდამო პატიმრობა. მისივე თქმით, სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნინო დიდებულიძე აცხადებს, ორ მკვლელობაში ბრალდებულის ციხით გართ ყოფნა დიდი შეცდომა იქნებოდა.
„არ შეიძლება ორი კაცის მკვლელი თავისუფალი იყოს. ერთადერთი შვილი მომიკლა. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ოქროპირიძეს სამუდამო პატიმრობა მალე მიესჯება. მისი 9 თვის ვადაში ციხიდან გამოშვება ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა, რასაც ახალი მკვლელობები მოჰყვებოდა“, - აცხადებს ნინო დიდებულიძე.
დღესვე საგანგებო მიმართვა გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლო საზოგადოების წარმომადგენლებს, კერძოდ კი, მედიას, პროცესის მონაწილე მხარეებს და ყველა იმ პირს, ვინც შემხებლობაშია ნაფიც მსაჯულთა განსჯად - ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმესთან, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარი განმარტების თუ განცხადების გაკეთებისაგან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმე კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია და შესარჩევია ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა, მედიასაშუალებებით ნებისმიერი ხასიათის განცხადებებმა და საჯარო განხილვებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების განხორციელებას.
მართლმსაჯულების ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო, ასევე, მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კანონის ფარგლებში, სრულად უზრუნველყონ პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება.