ეროსი კიწმარიშვილი: „ოქრუაშვილი მიშას თვალში იყო მაჩო“

ეროსი კიწმარიშვილი: „ოქრუაშვილი მიშას თვალში იყო მაჩო“

For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.

მე ჟვანიას მეგობრად მივიჩნევდი და მას ვენდობოდი. საერთოდაც, ადამიანებს ძალიან ადვილად ვენდობი და ასევე იოლად ვუჯერებ. პოლიტიკაში ეს თვისება არავის სჭირდება, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ შევარდნაძის რეჟიმი უსისხლოდ მოვიშორეთ, ეიფორიაში ჩამაგდო. არავის წინაშე არანაირად ვალდებულები არ ვყოფილვართ, არც შეერთებული შტატების, არც რუსეთის, ბიზნესმენების თუ სამხედროების. ჩვენ ქვეყნის განვითარება სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო, რისთვისაც 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა სააკაშვილს და ჩვენ ყველას ნდობის 96 პროცენტიანი მანდატი მოგვცა. ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილისთვის მიცემული ხმები. ნოემბერში მას ამომრჩეველთა მხოლოდ 20 პროცენტი უჭერდა მხარს, იანვარში კი მან ხმების 96 პროცენტი მიღო. ასეთ მოკლე ხანში, ასეთი გრადაცია წარმოუდგენელია. ეს ხმები ერთად მოვიპოვეთ რუსთავი 2-მა, სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ. იმაზე საუბარს აღარ ვაპირებ, ამ ოთხეულიდან თითოეულს რა მხარდაჭერა და პოპულარობა ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ამ გაერთიანებას უამრავმა ადამიანმა თავისი იმედები დაუკავშირა.

2003 წლის 20 დეკემბერს „რუსთავი 2“-ის შენობას ე.წ “მუხა” ესროლეს. მსხვერპლს სასწაულებრივად გადავურჩით. ბომბი ფანჯარას ასცდა და კედელს მოხვდა, თორემ ოთახში აფეთქდებოდა და იმ დროს “კურიერის” სტუდიაში მომუშავე ხალხს დახოცავდა. რთული დრო იყო და რომელიმე ჩვენგანის სიკვდილს უმართავი სიტუაციის გამოწვევა შეეძლო. პირადი დაცვა გიორგი სანაიას სიკვდილის შემდეგ ავიყვანე. ჟვანიას დაცვის 5 წევრი შემცირებაში მოყვა და ისინი დავიქირავე. რევოლუციის შემდეგ ჟვანიამ და სააკაშვილმა დაჯავშნული ავტომანქანით სიარული მომთხოვეს. ბურჯანაძის, სააკაშვილის ან ასლან აბაშიძის ნაქონი ავტომანქანით უნდა მესარგებლა, მაგრამ შემდეგ დაჯავშნული ავტომანქანები თავად დაიტოვეს და ჩემთვის არაფერი მოუციათ. ამ აფეთქების შემდეგ იძულებული გავხდი, ჩემს უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღება გამომეჩინა და ბიზნესმენმა დათო ზოდელავამ თავისი ძველი ამერიკული ჯიპი მათხოვა. სასაცილო სანახავი ვიყავი თუ როგორ დავდიოდი ამ “კონსერვის ქილით.” დათოზე კი მადლობის მეტი რა მეთქმოდა.

ამ პერიოდში გაჩნდა სახელგანთქმული სლოგანი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”, რომელიც მაშინდელ ოპოზიციას დღემდე ყურს ჭრის და შემდეგ ეს სალანძღავ სიტყვად აქციეს. ჩვენ დავიწყეთ ტელევიზიის რებრენდინგი, ვინაიდან ტელევიზიის იმიჯი მნიშვნელოვანწილად “ვარდების რევოლუციას” მოვახმარეთ. გვსურდა იმ ხალხის შემობრუნება, ვინც რევოლუციის მხარდამჭერი არ იყო; ასევე იმათიც, ვინც რევოლუციას მხარს უჭერდა, მაგრამ რისთვისაც იბრძოდა ის შედეგი მაშინვე ვერ მიიღო. ბუნებრივია, ბევრს ეგონა რომ რევოლუციის მერე გავიღვიძებდით და უცებ, ახალ და უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით. ჩვენ რევოლუციიდან დისტანცირებას ვერ მოვახდენდით, პირიქით, მის პოზიტიურ როლზე ვსაუბრობდით და ამის გამო გაჩნდა ეს სლოგანიც, რომელსაც ჩემი ინიციატივით ფონად ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია დაედო.

პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გარდაიცვალა. ნინო ბურჯანაძე ბაქოში სამძიმარზე წასვლას აპირებდა და საპრეზიდენტო რეისით შევარდნაძეც თან უნდა წაეყვანა.

გეგონებოდა, ვითომ ეს შევარდნაძე რამდენიმე დღის წინ არ დაგვემხო. თითქოს არაფერი მომხდარა, ვითომ ვადის ამოწურვის შემდეგ გადადგა და თავის მემკვიდრესთან ერთად თავისი მეგობრის დასაფლავებაზე მიემგზავრებოდა. ნინოსთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა და ამიტომ ჟვანიას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ბურჯანაძის საქციელი მიუღებელი იყო, მის საქციელს საზოგადოებაც ნეგატიურად აღიქვამდა და შევარდნაძე პრეზიდენტის რეისით არ წაეყვანა.

ამის შემდეგ შევარდნაძე დამოუკიდებლად ჩავიდა ბაქოში, მე მისი გაწვალება არ მდომებია, უბრალოდ, გუშინ კაცი დავამხეთ და დღეს ისევ ჩვენთან ერთად დადის... ეს რა ლოგიკაა?

ამან ბურჯანაძე გაანაწყენა, თუმცა ვთვლი, რომ ჟვანიაც მას ეთანხმებოდა და ჩემმა კატეგორიულობამ გადააფიქრებინა შევარდნაძესთან ერთად ბაქოში გაფრენა.

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე უშიშროების მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში რუსეთის ხელისუფლებისგან ძებნილი ბორის ბერეზოვსკი ჩამოვიდა. გავგიჟდი. ბადრი პატარკაციშვილთან ჩამოვიდოდა, აბა სხვასთან ვისთან? ვიცოდი, რომ შევარდნაძის დროს ის და რომან აბრამოვიჩი ბადრის არცთუ იშვიათად სტუმრობდნენ, მაგრამ რევოლუციის შემდეგ როგორ გაბედა აქ ჩამოსვლა? ეს ჩემს გეგმაში არანაირად არ ჯდებოდა, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გამოკეთებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობდა, ჩვენ კიდევ ეს მიზანი დავისახეთ.

ვალერი ხაბურძანიამ ვიდეოკასეტა მომცა, სადაც ნათლად ჩანდა ბორის ბერეზოვსკიმ აეროპორტში თუ როგორ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ბუნებრივია, ეს კადრები ტელევიზიით ვაჩვენე და ეს ინფორმაცია რუსულ საიტებზე მომენტალურად გაჩნდა, რასაც რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება მოჰყვა. ამის შემდეგ ჩვენი ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რატომ ჩამოვიდა ბერეზოვსკი?

მე სააკაშვილს დავურეკე და ვკითხე, რა უნდოდა ბერეზოვსკის თბილისში. ბუნებრივია, ბადრისთან იყო, მაგრამ კიდევ ვინ მიიწვიეს ამ შეხვედრაზე? ამაზე სააკაშვილმა პირში წყალი ჩაიგუბა, არაფერი მიპასუხა. ვერაფერს მივხვდი. ჩემთვის, ძნელი საფიქრებელი გახლდათ, რომ რევოლუციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჟვანიამ და სააკაშვილმა ბერეზოვსკისთან მეგობრობა დაიწყეს. ვხვდებოდი, რომ ესენი უჩემოდ რაღაც გარიგებებს დებდნენ, შეხვედრებს აწყობდნენ, მაგრამ იყო რაღაც, რასაც მაშინ ვერ დავუშვებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ბადრისთან ამ შეხვედრას ჟვანია, სააკაშვილი და ვანო ჩხარტიშვილიც ესწრებოდნენ. ბერეზოვსკიც ამათი თანხმობით ჩამოსულა და რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა.

სანამ ამ ყველაფერს შევიტყობდი, ჩვენმა კორესპოდენტმა ინტერვიუ სთხოვა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ვალერი ჩხეიძეს. მას ჰკითხეს, თუ როგორ მოახერხა საერთაშორისო ძებნილმა, ავანტიურისტმა - ბერეზოვსკიმ საქართველოში შემოსვლა?

ვალერი ჩხეიძემ უპასუხა, რომ ის აუცილებლად დასჯის მათ, ვინც გამოიჩინა სამსახურებრივი დაუდევრობა თუ გულგრილობა და ვერ დააფიქსირა საზღვრის უკანონოდ გადმომკვეთი, მაგრამ ბერეზოვსკი თუ კიდევ გაბედავს ასეთი ფორმით აქ ჩამოსვლას, ის აუცილებლად განახორციელებს ყველა იმ ზომას, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

ამ ფრაზამ ჩხეიძის კარიერას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. იგი ჯერ საბჭოთა უშიშროების საკადრო ოფიცერი და ავღანეთის ომის ვეტერანი იყო, მაგრამ შემდეგ საქართველოს სამსახურში ჩადგა და მის წესიერებაზე ძალიან ბევრი ისტორია მომისმენია. ის რუსეთის სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობდა, პირიქით, ძალიან აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ის ცენტრალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ჩვენი უმთავრესი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურს წარმოადგენს.

ცოტა მოგვიანებით ვალერი ჩხეიძემ საბედისწერო შეცდომაც დაუშვა, რამაც მისი კარიერა დაასრულა. მან სააკაშვილს საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ ე.წ. ჯარის ალბომი საჩუქრად გადასცა. სააკაშვილი უშიშროების ჯარში მსახურობდა. სასაზღვრო ჯარები უშიშროების სისტემაში შედიოდა. მე არ დამავიწყდება სააკაშვილის შეშფოთებული სახე, როცა მან თავისი სამხედრო სამსახურის ამსახველი ფოტოალბომი ნახა: მიშა სამხედრო ფორმით, რუს სამხედროებთან ერთად. იმ წუთში მისი სახე საშინელ გაღიზიანებას გამოხატავდა. ეს ორი ისტორია ვალერი ჩხეიძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, როგორც ვიცი, მას ემუქრებოდნენ და აიძულეს თანამდებობიდან გადამდგარიყო. ვალერი ჩხეიძე ემიგრაციაში წავიდა. ის დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. მას პირდაპირ სამაგიერო გადაუხადა ბადრი პატარკაციშვილმა და “ზედმეტი” საუბრისთვის პასუხი აგებინა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბერეზოვსკიმ უკრაინაში გადაბარგება განიზრახა. მიმაჩნია, რომ რაღაც კავშირი შეიკრა ბერეზოვსკის, ჩვენი რევოლუციის ლიდერებსა და უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერთა შორის. ბერეზოვსკიმ უკრაინის რადის დეპუტატს, დავით ჟვანიას 15 მილიონი დოლარი გადასცა, რომლითაც ვიქტორ იუშენკოს საპრეზიდენტო კამპანია დაფინანსდა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თბილისში უკრაინის ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი - იუშჩენკო ჩამოვიდა. ვანო მერაბიშვილმა რამდენიმე პირთან ერთად ის ისნის მეტროს სიახლოვეს მდებარე სომხურ რესტორანში დაპატიჟა. ეს რესტორანი გარედან სადად გამოიყურება, მაგრამ უგემრიელეს სომხურ კერძებს: გუფთას, დაბეგვილ ხორცს, სომხურ ყველს ამზადებენ. ეს რესტორანი ზურა ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის საყვარელი ადგილია. ვანოც და ზურაც სამცხიდან არიან, ზურას ოჯახი მოგვიანებით გადასახლდა კახეთში. სომხური სამზარეულო მათთვის სოფელ უდედან კარგად ნაცნობია.

აი, ამ რესტორანში მასპინძლობდნენ იუშენკოს და სუფრის ერთმა წევრმა ჩემი სადღეგრძელო თქვა: მოდი, ეროსის გაუმარჯოს, რომელმაც ეს რევოლუცია გააკეთა, ქვეყანას შევარდნაძე და ეს კორუმპირებული ხალხი მოაშორა, მისი ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, არაფერიც არ იქნებოდაო.

ვანო მას საუბარს უცბათ აწყვეტინებს და ქართულად, ძალიან აგრესიულად ეუბნება - რა სისულელეს ლაპარაკობ, რა შუაშია ეროსი და „რუსთავი 2“, ეს ტელევიზია არ იქნებოდა და სხვა ტელევიზია გვექნებოდა, ჩვენ მაინც მოვიდოდით ხელისუფლებაში.

ამ პიროვნებას არ ვასახელებ, არ მინდა პრობლემები შეექმნას... დამირეკა და მითხრა, ესენი მე მგონი ვერ არიან, მგონი პრობლემები გექნება, მაგათ შენზე აკრეფილი აქვთო. მე ვუთხარი, რა სისულელეა, რამდენი ვიღაცა რაღაცას დაიბოდიალებს-მეთქი. ენის მიტან-მოტანა არასოდეს მიყვარდა. თუმცა რა გამოდიოდა, სააკაშვილმა და ჟვანიამ - ბადრი ჩვენი მეგობარიაო და მასთან შემარიგეს, შემდეგ უჩემოდ რაღაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ბერეზოვსკისთან და ვანო მერაბიშვილი, რომელიც სააკაშვილის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, იძახის - ეროსი რა შუაშია ვარდების რევოლუციაშიო. სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩავთვალე, რომ ეს მერაბიშვილის კერძო აზრი იყო და არა რევოლუციის “მამების.” ამაზე გაბრაზება არ შეიძლებოდა.

დეკემბერში ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნეს. ის ჩემთან მოვიდა და აკანკალებული ხმით მთხოვა - გეხვეწები პიარში დამეხმარეო. თანამდებობაზე სადღაც პროვინციაში მიდიოდა და თავის გამოჩენა სურდა. მე ვუთხარი, არა გრცხვენია, შენ ოღონდ კარგი საქმე გააკეთე და რას ჰქვია, მხარდაჭერა არ გექნება, ჯერ ერთი, იქ არის ჩვენი სპეცკორესპონდენტი, მერე იქ მუშაობს რეგიონული ტელეკომპანია “თრიალეთიც”.

მე ვიცი, მან შემდეგ რა საქმეებიც დაიწყო, მიხეილ ქარელთან და პოლიციის უფროს სუხიტაშვილთან ერთად, კონტრაბანდის გაკონტროლება გზების გადაკეტვებით თავად დაიწყეს. შემდეგ ბევრი რაღაც მოვისმინე, მაგრამ იმ მომენტში ირაკლი საკმაოდ გულწრფელი მომეჩვენა. ის თავიდან ბორდელებს ხურავდა და კონტრაბანდულ გზებზე თხრილებს ავლებდა, რაღაცას აქტიურობდა და კარიერული წინსვლისთვის ემზადებოდა.

მიშასთვის ირაკლი „მეორე მე“ იყო. მიშა უმამოდ გაიზარდა. რაც დაიბადა, მის მშობლებს ერთად არ უცხოვრიათ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე ცუდად აისახება. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ მას კლასში ძალიან ჩაგრავდნენ. მან ბავშვობაში უმძიმესი დაავადება - მენინგოენცეფალიტი გადაიტანა, ინფექციური დაავადება, რომელიც სერიოზულ კვალს ტოვებს, მას ახლაც აქვს კოორდინაციის პრობლემა. თუ დაუკვირდებით სააკაშვილი მოუწესრიგებელი კოორდინაციის ადამიანია, მას სამხედრო მარშით სიარულიც არ შეუძლია. ბაქოში ილხამ ალიევთან პირველი ვიზიტის დროს ვნახე - ერთსა და იმავე ხელს და ფეხს ერთდროულად წევდა. ვფიქრობ, მის ხასიათში ჩადებული იმპულსურობა ამ დაავადებასაც უკავშირდება. მას ყოველთვის პიონერის დაღეჭილი ყელსახვევი ეკეთა, ანუ ჩვევა, რომელიც ბბს-ზე გამოჩნდა, მის ბავშვობასთანაა დაკავშირებული.

მიშასთვის ოქრუაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ბავშვობის შიშებს და სკოლის ჩაგვრების ემოციებისგან ათავისუფლებდა. ის მიშას თვალში იყო მაჩო. სხვათა შორის, ოქრუაშვილი მინისტრობის დროს თანამშრომლებთან სიუხეშით, დაუნდობლობით, ძალიან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ითვლებოდა, რომ ქუჩურ თემებშიც მაგარი იყო.

მიშა განათლებულია, ტალანტი აქვს, მაგრამ მშიშარაა და ამ შიშს მის წარმოდგენაში ოქრუაშვილი ფარავდა. ამიტომ ვერ იმეტებდა მიშა მას გასაწირად და ოქრუაშვილიც მიიჩნევდა, რომ მიშა მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავდა.

დღეს ოქრუაშვილის როლი ქუჩურ ნაწილში რურუამ აიღო, დანარჩენ ნაწილში - ბოკერიამ. ერთი ოქრუაშვილი შეიცვალა ბოკერია-რურუათი, ამიტომ არიან ისინი მისთვის ასე ახლო ადამიანები.

ძალიან გამიკვირდა, როცა 5 იანვრის არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე მოსაწვევი არ გამომიგზავნეს! როცა ვიკითხე, რატომ არ გამომიგზავნეთ მოსაწვევი-მეთქი, პროტოკოლის სამსახურს გამორჩიო - მიპასუხეს. ინაუგურაციაზე მაინც მივედი და მომათავსეს არა იმ სექტორში, სადაც დეპუტატები თუ ვიღაც ჩინოვნიკები ისხდნენ, არამედ უკან - სოროში, მერამდენიღაცა რიგში.

მთელ ამ პერიოდში თანამდებობაზე დასანიშნად სულ რამდენიმე ადამიანს გავუწიე რეკომენდაცია. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა - კახა კობერიძემ მთხოვა, ახალ მინისტრს იმის გამო არ აეთვალწუნებინა, რომ ძველი და გამოცდილი კადრი იყო. გახსოვთ, რომ ამათმა თანამდებობებზე პარტიული ნიშნით ახალგაზრდების დანიშნვა დაიწყეს და სტაჟიან თანამშრომლებს ათავისუფლებდნენ. ასევე მიხეილ სააკაშვილს ვთხოვე, „რუსთავი 2“-ის გადაცემა “კურიერის” წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრად დაენიშნა.

ჯანდაცვის მინისტრად შესანიშნავი ექიმის, ირაკლი სასანიას კანდიდატურა შევთავაზე. ზურა ჟვანიამ თავი მოიკლა და მინისტრად არ დანიშნა. მან ეს პოსტი მის პარტიულ მეგობარს, გიგი წერეთელს ჩააბარა და ეს კიდევ სამი კვირის შემდეგ პოსტიდან გადადგა. ჯანდაცვის მინისტრად შემდეგ “დიდი” რეფორმატორი ლადო ჭიპაშვილი გამონახეს, რომელმაც ხალხს გული გაუხეთქა - ქათმის გრიპი ჩვენი მოსახლეობის 15 პროცენტს ამოწყვეტსო.

ჟვანიამ არ ამიხსნა, თუ რატომ არ სურდა სასანიას მინისტრად დანიშვნა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის და სასანია ერთ ეზოში გაზრდილან, ზურა ბავშვობაში არასპორტული, მამიკოს და დედიკოს ბიჭი იყო და ბავშვები ფეხბურთის თამაშისას კარშიც არ აყენებდნენ. ზურას ბავშვობისდროინდელი ეზოს ეს ურთიერთობები მწარედ ახსოვდა და ამის გამო სასანიას მიმართ არაობიექტურობას იჩენდა. ერთადერთი, მასზე იძახდა, რომ მესამე კლასში ოროსანი იყო.

აი, ამ კრიტერიუმით დაიწუნა სასანია, თუმცა ვატყობდი, რომ მან ეს ნაბიჯი გააზრებულად ცემს საწინააღმდეგოდ გადადგა. ჟვანია - სააკაშვილს ჩემი ზედამხედველობა, რაზეც 24 ნოემბერს შევთანხმდით, არაფერში ჭირდებოდათ და ამიტომ ჩემი გავლენის შემცირებას ცდილობდნენ. მათ ძალთა ბალანსის თავიანთ სასარგებლოდ დარღვევა დაიწყეს.

(გაგრძელება იქნება)