ცნობილი ამერიკელი მსახიობის უილ სმიტის მეუღლემ, ჯადა პინკეტ-სმიტმა, განაცხადა რომ მისი ქმარი უახლოეს მომავალში კინოს მიტოვებას აპირებს . მას საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება პოლიტიკაში სურს.
უილ სმიტს ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ბარაკ ობამას შემდეგ აშშ-ის მეორე მუქკანიანი პრეზიდენტი გახდება. თუ 45 წლის მსახიობი ამ ოცნებას აისრულებს, ის რონალდ რეიგანის გზას გაიმეორებს, რომელიც თავის დროზე 50-დე მხატვრულ ფილმში გადაიღეს.
სმიტის მეუღლე სხვაგვარად ფიქრობს. ქალბატონი ჯადა ნაკლებადაა დარწმუნებული, რომ სურს ამერიკის პირველი ლედი გახდეს და თეთრ სახლში იცხოვროს. ამის მიუხედავად მზადაა, ქმარს დასახული მიზნების მიღწევაში ყოველმხრივ შეუწყოს ხელი.
უილ სმიტის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა და პოლიტიკით კიდევ ერთი მსახიობი დაინტერესდა. გაგიგიათ ალბათ დენიელ რედკლიფის სახელი. ამ მსახიობმა „ჰარი პოტერის“ უკვდავი სახე ამავე სახელწოდების რამდენიმე სურათში განასახიერა.
ცოტა ხნის წინ დენიელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთის ლიბერალურ – დემოკრატიული პარტიის ოფიციალური მრჩევლის სტატუსი შეიძინა.
ანონიმურმა წყარომ ბრიტანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რედკლიფი მარტო ზოგადად კი არ გამოხატავს პარტიისადმი მხარდაჭერას, მისი სახელით გამოდის კიდეც.
„ის სერიოზულად განიხილავს პარტიაში საკუთარ როლს და ინტერვიუებში უკვე ამახვილებს ყურადღებას ლიბერალ–დემოკრატებზე“,– განაცხადა ზემოთ აღნიშნულმა უცნობმა წყარომ.