ოდესის გუბენატორად დანიშნული სააკაშვილი ქართული საზოგადოებისთვის უკვე შეუდგა საგმირო საქმეების თხრობას. მოვლენათა განვითარება ალბათ, მალე გვიჩვენებს, რას ნიშნავს უკრაინის ერთ-ერთ რთულ რეგიონში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადასროლა - ეს არის ამერიკული ექსპერიმენტი თუ უკრაინული იდეის ხორცშესხმა; ვინ რას მიიღებს სააკაშვილის გუბერნატორობით, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
საქართველოს ხელისუფლება სათითაოდ სთხოვს სხვადასხვა ქვეყნებს სააკაშვილის გადმოცემას, ამ დროს კიევი საქართველოს ძებნილ ექსპრეზიდენტს ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორად ნიშნავს. ეს პოლიტიკურ უხერხულობას არ ქმნის?
- სააკაშვილის პრობლემა უკრაინაში საქართველოს ხელისუფლებისთვის მაიდნის მოვლენებისა და პოროშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა აშკარა. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში სააკაშვილი საკმაოდ აქტიურობდა და როგორც ითქვა, ურაინის ახალი პრეზიდენტი აღმოჩნდა მისი ინსტიტუტის მეგობარი - ეს ერთი მომენტია.
მეორე მომენტი ის არის, რომ პოროშენკოს, როგორც პოლიტიკოსს უკრაინაში არც ისე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, სრულფასოვანი გუნდის ჩამოყალიბება მაინც ვერ მოახერხა. ამიტომ სააკაშვილისა და მისი გუნდის, როგორც რეფორმატორების გაპიარება და ამით გარკვეული ილუზიის შექმნა იმ პერიოდში პოროშენკოს სააკაშვილზე არანაკლებ სჭირდებოდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველ პერიოდში იყო ინტერესების გარკვეული თანხვედრა, მაგრამ როგორც მგონია, ამ პერიოდმა გაიარა და დღის წესრიგში დადგა პოლიტიკური სცენიდან ამ ხალხის (ქართველი რეფორმატორების) ნელ-ნელა კულისებისაკენ გადაყვანა.
ჩემი აზრით, პოროშენკო მკვეთრ ნაბიჯებს მოერიდა და შესთავაზა ერთ-ერთი დიდი ოლქის გუბერნატორობა. რომ გითხრათ, სააკაშვილს სხვა არჩევანი ჰქონდა, ჩემი აზრით, არ ჰქონდა. ან უკრაინიდან უნდა წასულიყო, ან ახალი რეალობა მიეღო და თავისი ახალი მდგომარეობის გაპიარებით დაკავებულიყო.
მგონია, რომ ამით ცდილობს დრო მოიგოს - რას ელოდება, ეს სხვა საკითხია, ყოველ შემთხვევაში, აქედან ეს ყველაფერი ასე ჩანს.
მას რომ ჰქონოდა შანსი, კიევში დარჩენილიყო აქტიურ ფიგურად, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი და საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად, დასავლელ ლიდერებთან საურთიერთოდ, რა თქმა უნდა, ამ გზას აირჩევდა. როგორც ჩანს, კიევისთვის სააკაშვილი ზედმეტი აღმოჩნდა და ამიტომაც დაიწყეს მისი ასპარეზიდან ჩამოცილება.
რაც ხდება უკრაინაში ნაციონალურ კადრებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უფრო ამერიკულ ექსპერიმენტს ჰგავს, ვიდრე პოროშენკოს იდეას. თეორიულად დასაშვებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფორმატორთა გუნდი ამ ურთულეს ქვეყანას გაართმევდა თავს, შეიძლებოდა ამერიკას საქართველოში მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მხარი დაეჭირა?
- თუ ამერიკის ინტერესებზე ვსაუბრობთ, შესაძლოა, ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყოს არა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ-ერთ ურთულეს ოლქში რაღაც საცდელი პროექტის განხორციელება დაიწყო, არამედ იმ კუთხით, რომ სააკაშვილმა თავისი ფუნქცია, პოროშენკოსთან ერთად გაპიარებულიყო, ამოწურა.
როგორც ჩანს, ამერიკული პოლიტიკურ წრეებშიც ხვდებიან, რომ სააკაშვილი თავისი ზედმეტი აქტიურობით შესაძლოა, უფრო მეტ პრობლემას ქმნიდეს, იგივე დასავლურ პოლიტიკასთან მიმართებაში. ამიტომ, თუ ამერიკულ ინტერესზე ვსაუბრობთ, ეს ინტერსი ისაა, რომ ჯერ მეორე რიგში გადაიყვანონ...
სააკაშვილის ფიგურა უკვე ქმნის პრობლემებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობაში, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში. ანუ, ბევრი მიმართულებით ხდება სააკაშვილის ფიგურა მიუღებელი და ვეღარ ჯდება დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი თამაშიდან გაყვანა ყველას ინტერესშია.
სადღაც გაიელვა, რომ შესაძლოა, ის უკრაინის პრემიერად დაბრუნდეს, მაგრამ რაც არ უნდა დიდი რეგიონი იყოს, მისი გუბერნატორობა მეორე ეშელონია და აქედან უკან, დიდ პოლიტიკაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ოდესაში შეძლებს კორუფციასთან ბრძოლას და ა.შ. თუ თავს არ მოვიტყუებთ, საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა რითაც დამთავრდა, ჩვენ ხომ მაინც ვიცით? - ადეიშვილიც რომ გადაიყვანოს ოდესაში, ის რაც საქართველოში აკეთეს, არ გაამართლებს. ბევრი ფაქტორია, რის გამოც ისეთივე რეფორმებს ვერ გაატარებს, როგორიც საქარველოში გაატარა, პოროშენკოც რომ მისი ცალსახა მხარდამჭერი იყოს.
გარდა ამისა, პოლიტიკური კლასი არსებობს უკრაინაში და არ მგონია, სააკაშვილი ყველასათვის ერთნაირად მისაღები იყოს. ესეც ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ სააკაშვილი ისე განუკითხავად ვერ იმოქმედებს ოდესის ოლქში, როგორც საქართველოში მოქმედებდა.
გამორიცხავთ, რომ ამ ურთულესი რეგიონის გუბერნატორობა ერთგვარი ტესტი შეიძლება იყოს, სააკაშვილისთვისაც და მისი დანიშვნის იდეის ავტორებისთვისაც? თან სააკაშვილის მართვის მეთოდებიცა და შემართებაც ცნობილია, განსაკუთრებით, პიარის ნაწილში... შესაძლებელია, რომ ქართული გამოცდილება - შიშითა და ტერორით წესრიგის დამყარება მოკლე პერიოდში ოდესაში რეალობად აქციოს?
- გავიხსენოთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდი - პირველი გამოსვლები სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო 2007 წელს, ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ წელიწადში. სააკაშვილმა ეს შეძლო რამდენიმე მიზეზის გამო - იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იპოდრომიდან ხალხი რომ დაძრულიყო, არ მგონია, ის ყველაფერი, რაც ხდებოდა, მომხდარიყო. თანაც, ეს მოხდა ქვეყანაში, სადაც ის პრეზიდენტი იყო და ყველაფერს განაგებდა. ანუ საქართველოში სხვა სიტუაცია იყო და ოდესაში სხვა სიტუაციაა, თანაც ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილს კიევიდან ცალსახა მხარდაჭერა ჰქონდეს ოდესაში რაღაცეების განსახორციელებლად.
სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისას ძალიან მაღალი პოლიტიკური კრედიტი ჰქონდა 2003 წელს. უკრაინასა და ოდესაში მას პოლიტიკური კაპიტალი უბრალოდ, არ აქვს. შეაძლოა, ოდესის გარკვეულ ნაწილში ხდება კულტივირება, რომ მან საქართველოში რაღაც კარგი გააკეთა, მაგრამ როგორც კი უშუალოდ დაიწყებს კონკრეტული საქმეების კეთებას, იმავე წუთში გაჩნდება მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც საქართველოში იყო. ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რასაც ის საქართველოში აკეთებდა 2007 წლამდე - უკანონო დაპატიმრებების სერიებს, საპროცესო შეთანხმებებს და ა.შ. ოდესაში ამ ყველაფრის გამეორება შეუძლებელი იქნება.
გარდა ამისა, ოდესა საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი გაცილებით თავისუფალი ქალაქი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის დანარჩენი ქალაქები და მას ვერ მოუარა ბოლშევიკურმა რეჟიმმაც კი. ოდესის ჩარჩოში ჩასმა ყოველთვის რთული იყო და როდესაც იმ მეთოდებით დაიწყებს სააკაშვილი საქმიანობას რა მეთოდებსაც საქართველოში იყენედა, მაშინვე ააგორებს ძალიან ძლიერ საპროტესტო ტალღას.
თუ მართლა იმისათვის არის გადაყვანილი, რომ ოდესაში ხელოვნურად მღელვარება დაიწყოს, ამით გარე ძალებმა ისარგებლონ და რაღაც სხვა პროცესები განვითარდეს, არ ვიცი. მაშინ ამაში პოროშენკოც ჩართული უნდა იყოს, თუმცა ინტერნეტსივრცეში ასეთი ვერსიებიც ვრცელდება, რომ მისი დანიშვნა რუსეთის ინტერესში იყო იმისათვის, რომ ოდესაში შეიყვანოს სამხედრო ძალები და ა.შ.
ანუ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ოდესაში გადაყვანით სააკაშვილი პოლიტიკურ სამარესი ჩააგდეს?
- ყველაფერი მიანიშნებს, რომ სააკაშვილი ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა, როგორც პოლიტიკოსი. მთელ ამ ყველაფერში მხოლოდ ამ ინტერესს ვხედავ როგორც კიევის, ასე დასავლეთის მხრიდან.
ეს ნიშნავს, რომ მალე, შესაძლოა, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან აღარც კი იყოს ასოცირებული? - პარტიის დაშლის პროცესი დაიწყო და პროგნოზები ამ პროცესის გაგრძელების შესახებაც კეთდება... ის, რაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩება უკვე სააკაშვილის გარეშე იქნება?
- სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დარჩენილია, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქე უბრალოდ, ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარე. საინტერსო პროცესები მიდის ნაცმოძრაობაში. ვფიქრობ, იმ ოთხეულმა, რომელიც გამოეყო, იცოდა, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აპირებდა. შესაბამისად, მათ უბრალოდ, პროცესებს დაასწრეს - მათი განცხადებებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება ცოტა ნაჩქარევი ჩანდა.
ნაციონალებს ამის შესახებ რომ სცოდნოდათ, აუცილებლად დაიწყებდნენ საქართველოში ნიადაგის შემზადებას, რომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება ქართულ საზოგადოებას პოზიტიურად აღექვა. თანაც სააკაშვილის ამ უეცარი გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა ცოტა რთულ ვითარებაში, რადგან ვერ ასწრებენ ახალ რელსებზე გადაწყობას მომავალ არჩევნებამდე.
ერთადერთი, რაც შეიძლება გამოიყენონ, ეს არის სააკაშვილის ოდესაში საქმიანობის პიარი. სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ვერაფერში ვეღარ გამოიყენებს. შესაძლოა, პროცესები იქით წავიდეს, რომ „ნაციოალური მოძრაობა“ კიდევ გაიყოს. ამ ვითარებაში, რამდენად აქვთ შანსი, რომ წარმატებულები იყვნენ 2016 წლის არჩევნებში, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა და ის 10%, რაც მათ უცვლელად ჰქონდათ, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.
არ გამოვრიცხავ, დაიწყოს ბრძოლა ბარიერის გადალახვაზე, პროპორციულ სიაში მოხვედრაზე, იმასაც ვარაუდობენ, რომ ვინც გამსვლელ სიაში ვერ მოხვდება, იმ ლიდერებმა შესაძლოა, პარტია დატოვონ და სხვა პარტიებს შეუერთდნენ.
ანუ გამოდის, რომ მოქალაქობაზე უარის თქმით სააკაშვილმა თავის პარტიას სერიოზული დარტყმა მიაყენა...
- ოდესაში გადასვლით სააკაშვილმა ფაქტობრივად, კრიტიკულ სიტუაციაში ჩააყენა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რომ ადრე გაეკეთებინა, ბევრი რამის მოსწრებას, პარტიის გადაწყობას მაინც შეძლებდნენ ნაციონალები, მაგრამ დღეს ამის მოსწრება შეუძლებელია.
გამოდის, რომ სააკაშვილისთვის ყველანაირად წამგებიანი ნაბიჯია ოდესაში გადასვლა. როგორ ფიქრობთ, რატომ დათანხმდა?
- თუ მას უბრალოდ, ულტიმატუმი წაუყენეს? დავუშვათ, არ დათანხმებულიყო, რა პერსპექტივა ჰქონდა უკრაინაში? სააკაშვილი სახლში თუ წავიდოდა კიევიდან, ეს უკვე იქნებოდა პოლიტიკური კრახი. ახლა ის გადავიდა სხვა პოზიციაში, მეორე პლანზე, მაგრამ მაინც არსებობს (საქართველოსთვის).
თუ ერთი წელი მაინც გაძლებს საკაშვილი ოდესაში, მაშინ მის წარმატებებს „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენებს - ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება ოდესა უკრაინის ოაზისად წარმოაჩინოს და ა.შ...
პრინციპში, სხვა პიარი ნაციონალებს უბრალოდ, აღარ რჩებათ - თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნამ საგარეო ორიენტაციის და ნატოს თემა ამოწურა - ვგულისხმობ თემებს, რომელსაც ნაციონალები სავარაუდოდ, გამოიყენებდნენ წინასაარჩევნო კამპანიისთვის. საუბრები კორუფციაზე, ან „ეს არ მუშაობს“, „ის არ კეთდება“, საქართველოში დღეს ნაკლებად მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, ამაზე აგებული პიარით ნაციონალებს ძალიან გაუჭირდებათ თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნება. სააკაშვილს დატოვებენ არა პარტიის თავმჯდომარედ, არამედ ლიდერად.
საინტერესოა, რა გუნდის ლიდერად?
- იმ გუნდის, რომელსაც ერქმევა „ნაციონალური მოძრაობა“. ესეც საჭირო იქნება იმისათვის, რომ ორგანიზაცია შეინარჩუნონ, პარტიული მოძრაობის ვერტიკალი შეინარჩუნონ, სხვანაირად შეიძლება პარტიაში დაიწყოს რყევები და პარტია სტრუქტურულადაც დაიშალოს. სააკაშვილის სახელი პარტიის შესანარჩუნებლად დასჭირდებათ.
მეორე მხრივ, როგორც ამბობენ, სააკაშვილის ხელშია მთელი პარტიული ფინანსები. ამით ვერაფრის გაკეთებას შეძლებენ?
- ცხადია, რომ სააკაშვილის არხით ნაციონალები ისეთ ფინასებს ვეღარ მიიღებენ, როგორც თუნდაც ერთი წლის წინ. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი დაფინანსება იყო ნაციონალებისთვის, მაგრამ როგორც ითქვა, სააკაშვილი ნაციონალების მიღწევებით უკმაყოფილოა. ბოლომდე გაწირავს თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“, ძნელი სათქმელია, მაგრამ ისეთი დაფინანსება აღარ იქნება. სააკაშვილისთვის 5 და 10-პროცენტიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც და მაინც მიმზიდველი არ არის, ისე, როგორც გუბერნატორობა, მაგრამ თუ სურს, ცოტა ხნით მაინც პოლიტიკაში თავი შეინარჩუნოს, იძულებული იქნება, ამასაც დათანხმდეს, - სხვა პერსპექტივა უბრალოდ აღარ აქვს.
როგორც ჩანს, სააკაშვილს ამერიკის რომელიმე უნივერსიტერტში ლექციების კითხვაც არ ხიბლავს... ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტობის პერიოდში ამაზე ბევრს საუბრობდა...
- სააკაშვილის სურვილი ლექციების კითხვა კი არა, რეალურ პოლიტიკაში, ხელისუფლებაში დაბრუნებაა. როგორც ჩანს, ყველა წრეები მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელია და ამიტომაც დაიწყეს პოლიტიკური სცენიდან მისი ნელ-ნელა გაყვანა.