„დამშვიდდით, - თქვა ოსტაპმა, - ჩემი პროექტი თქვენი ქალაქის საწარმოო ძალებს გაუგონარ გაფურჩქვნას უქადის. აბა, ერთი დაუფიქრდით, რა იქნება, ტურნირი რომ გათავდება და სტუმრები წავლენ. მოსკოვის მცხოვრებნი, საბინაო კრიზისი რომ აწუხებთ, თქვენს დიდებულ ქალაქს მოასკდებიან. დედაქალაქი ავტომატურად ვასიუკში გადმოინაცვლებს. მთავრობაც აქვე გადმოვა. ვასიუკს ნიუ-მოსკოვს დაარქმევენ, მოსკოვს კი - ძველ ვასიუკს. ლენინგრადელები და ხარკოველები კბილებს ააღრჭიალებენ, მაგრამ ვერაფერს გახდებიან. ნიუ მოსკოვი ევროპის, მალე კი მთელი მსოფლიოს ელეგანტური, სწორუპოვარი ცენტრი გახდება“.
(ილია ილფი, ევგენი პეტროვი - „თორმეტი სკამი“)
ალბათ, გახსოვთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ დიდი კომბინატორის სრულ სახელს - ოსტაპ სულეიმან ბერტა მარია ბენდერ ბეი. იგი თურქეთის ქვეშევრდომის შვილი იყო, ჯერ სკამებს დასდევდა, შემდეგ მილიონებს, ბოლოს კი, დაიღალა და თქვა: „ოვაციები საჭირო არ არის! გრაფი მონტე-კრისტო ჩემგან არ გამოვიდა და სახლმმართველად გახდომა მომიწევს“.
რა გინდა ლამაზი იყოს ქალაქი, ნაგავსაყრელი მასაც კი აქვს, ამით იმის თქმა მსურს, რომ ნაგავი და ნარჩენები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ცხოვრება ისტორიაა, ისტორიასაც აქვს სანაგვე.
არის ასეთი... მიხეილ მიშა მაღალი (ტანად) უხვი (ტყუილებში) მდაბალი (ზრახვებში) ლაშქარმრავალი (იდიოტებს და ნაძირალებს რა გამოლევს) ყმიანი (მათზე ფარული ჩანაწერებს ფლობს) საახოვ სააკაშვილი. იგი რომელიღაააც საბჭოთა ქვეშევრდომის შვილია და მის ვინაობას და სადაურობას ვერ დავაკონკრეტებ, ამიტომ ზოგადად ვიტყვი - ეგო ადრეს ნი დომ ი ნი ულიცა, ეგო ადრეს სავეცკი საიუზ.
დაზუსტებით კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ზემოთხსენებული „ის“ ფეესბეს გენერლად დაწინაურებული კაგებეს პოლკოვნიკის დისშვილია, ჯერ კიდევ დასდევს სკამებს, მაგრამ დადგება დრო, ჩაჯდება, დაჯდება და იტყვის: „ედმონ დანტესი ჩემგან არ გამოვიდა და რუდოლფვალენტინოვიჩობა მომიწევს“.
იქნება და... რუდიკვალენტინოვიჩობამაც მოუწიოს?! რას გაიგებ... არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ მთავარი გაგებაა! ამასთან დაკავშირებით, ჩემმა მეგობარმა სააგენტომ სასიამოვნო ნიუსი გაავრცელა - „3 ივნისს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სმენის აღდგენასთან დაკავშირებული ურთულესი ოპერაციების ჩატარებას და ქართველ და გერმანელ ექიმებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს“.
იმედს გამოვთქვამ, რომ პირველი ურთულესი ოპერაცია გერმანიის კანცლერს ჩაუტარდება, რის შემდეგაც დასავლეთის სხვა ლიდერებიც გადაწყვეტენ მოსმენა-გაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შემდეგ, იქნებ, ჩვენც გაგვაგებინონ, რას ნიშნავს „მაპზე უკეთესი“.
მაპზე უკეთესი, მოსახლეობის (მოსახლეობა და საზოგადოება ერთმანეთში ნუ აგვერევა) აზრით, მხოლოდ ერთია - „დენი ათ თეთრად, გაზი ხუთ თეთრად, წყალი უფასოდ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძის პადძელნიკი დევიდ კამერონს ჩაისვამს ჯიბეში, ნაძალადევის გამგებელი - ფრანსუა ოლანდს, ხოლო „რეაქციის“ წამყვანი - ანგელა მერკელს.
ვინ ვის ჯიბეშია, ვისი ვისაშია, ვინ ვინ არის და, როგორც საახოვის დამფუძნებელი მამა იტყოდა - „რანი არიან ხალხის მეგობრები და როგორ იბრძვიან ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ“.
ზემოთხსენებული „ის“... „გიორგი კვერენჩხილაძე - პირს ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა“.
დაახლოებით მივხვდი, ვის გულისხმობდა ბ-ნი კვერენჩხილაძე, მაგრამ „ის“ არც პირია, არც ცხვირი, არც სახე და არც მარჯვენა, თუნდაც დიდოსტატისა და თუნდაც ოსტატისა. „ის“ არის ის, რასაც აქ არ ვიტყვი, მაგრამ გამგები გაიგებს და ამით თავიდან აიცილებს სმენის აღდგენასთან დაკავშირებულ ურთულეს ოპერაციას. კვერენჩხილაძეს კი მოვუწოდებ, სხვა დროს სიტყვები შეარჩიოს და ყველა ორგანოს ის სახელი დაარქვას, რომელსაც იგი, ორგანო იმსახურებს.
ისეც ხდება ხოლმე, რომ ორგანო იმსახურებს ორგანოს და საახოვის განცხადებაზე, ქართველი ხალხი თავად დამაბრუნებს საქართველოშიო, ალბათ, ყველას „უძინართა მზე“ გაახსენდა - „ფულის მაგივრად სხვა რამე რომ მოგცე?“
„ის“ არის ის, ოდესა დედაა, მამა მოსკოვია. „ის“ მხოლოდ ინსტრუმენტია და ბ-ნ კვერენჩხილაძეს ასე უნდა ეთქვა: „ინსტრუმენტს ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ იგი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა“.
მე თუ მკითხავ, საქართველოს მოქალაქეობა ყველა ინსტრუმენტს უნდა ჩამოერთვას და მაშინ ეს ქვეყანა საბოლოოდ გათავისუფლდება გოგახაჩიძეებისგან, გურგენდონაძეებისგან, აკოსიდედრიჩებისგან, გაბაშვილ-ჯუნიორებისგან... ლოქო იქნება ქინძმარში და არა საზოგადოებრივი მოძრაობის სათავეში, სტადიონზე იქნება ფეხბურთი და არა ცირკი, ხოლო ცირკთან აღარ გაიყიდება ის, რასაც დღეს ყიდიან. ყოველ შემთხვევაში, თუ მაინც გაყიდიან, საქონელი იქნება ხარისხიანი.
„საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი არ აკონკრეტებს, შეეძლება თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს როგორც ოდესის მხარის გუბერნატორს, საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლა“ - იყო ასეთი ნიუსი, რომელზეც სხვა დროს გავბრაზდებოდი, რას ქვია, მინისტრია და ვერ აკონკრეტებს მეთქი, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, შევძლებთ თუ არა საქართველოში ბადრაგით მის ჩამოყვანას.
„ოფიციალური თბილისი არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მთავრობის სუვერენული უფლებაა, თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღოს“...
აკი, მოყვარეს პირში უძრახეო? აკი, სიმართლე სინათლეაო? აკი, ქმნა მართლისა, სამართლისაო და რემა? მაგრამ ეს პოლიტიკაა და სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდეს და ბათუმი-ილიჩევსკის ბორანს სევდიანი მზერით აცილებდეს.
ახლა, როცა საახოვი საქართველოს მოქალაქე აღარ არის, ნაცბანდაში ყველა ხელებს შლის, ენაზე ვინ ექაჩებოდა, სხვა ქვეყნის სამოთხესთან შედარებით საკუთარი სალი კლდეების უპირატესობაზე რომ გაჰყვიროდაო.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მომავალ კვირას უკრაინაში გამგზავრებასა და მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.
სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული საკითხი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება“ - ისინი ახლა უკვე იქ არიან და მასთან იმის შესახებ გადიან კონსულტაციებს.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს პროცედურები. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მთავრობას არ მოეწონა, ერთია, რუსეთის პრემიერ-მინისტრი და მეორე საქართველო პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრმა უნდა მოიკვლიოს საბუთები და პრეზიდენტს მიმართოს შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქნება. საკითხს გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაშ, მხოლოდ საქართველოს მთავრობას არ მოეწონა? ეგრე ხომ მეც და თქვენც მთავრობა გამოვდივართ? ანუ, მაჭავარიანს იმის თქმა უნდა, რომ საქართველოს მთავრობა ჭეშმარიტად სახალხო მთავრობაა? არ ვიცი... ის თუ იცის ვინმემ, ეს ნიუსი - „უკრაინის ბედი პირველ რიგში ახლა ოდესაში წყდება, - ამის შესახებ "ლიგა.ნეტის" ცნობით, ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა“ - ოდესაში ნაცების გამგზავრებამდე გავრცელდა თუ გამგზავრებამდე?
მე მაინც მგონია, რომ - გამგზავრების შემდეგ. სხედან ახლა ოდესაში „ის“ და მისი „ისინი“ და უკრაინის ბედს წყვეტენ, ლუგანსკის ოლქს დაარქმევენ სამხრეთ რიაზანშჩინას, დონეცკის ოლქს დაარქმევენ დასავლეთ ტამბოვშჩინას, ოდესას დაარქმევენ ქვემო არხანგელსკს და უკრაინის ბედიც გადაწყდება. ამის შემდეგ იქნება დამარცხების აღსანიშნავი ზეიმი და ექვსპუნქტიანი შეთანხმება.
თავხედები... არმაგედონის ზანგის ქვედხედები!!!
ყველას გეხსომებათ „არსენალის მთა ღამით“ და ორი კვირის წინანდელი პერიპეტიები. ნაცებში ერთი ამბავი და ერთი კრეატივი იყო. არავის სციოდა, არავის შიოდა, ნიაზ დიასამიძე კი კრეატიულად ტიროდა - ხელოვნების ნიმუშს ვკარგავთო. არადა, ხელოვნების ნიმუში დიდი ხნის დაკარგული იყო. დიასამიძე, ალბათ, ახლაც ტირის, რადგან ხელოვნების ნიმუში აღარ არის დაკარგული, პოლიტიკური ქულები კი დაკარგულია.
ყველას გახსოვთ ნიკა რურუას ვერსიები, ერთმანეთზე უარესი და ერთმანეთზე მარაზმატიკული. რა ვუყო, ახლა... უბრალოდ, გული მტკივა, როცა ჩემი თაობის ადამიანები ბებრულ მარაზმში ვარდებიან, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ ზოგი პირდაპირ ბებრად იბადება და როცა „ქარი ქრის“ მღერიან, პირად, ფიზიოლოგიურ ქარებს და თავ... თავ?! კარგით - თავშეუკავებლობას გულისხმობენ.
გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია იყო. კინაღამ „პლანი“ წამომცდა. ვინც პლანს ეწევა, პუტინის მონაა, ვინც მარიხუანას აბოლებს - პროდასავლელი, ლიბერალი და თავისუფალი დემოკრატი.
ერთი ორჯერ, შესაძლოა სამჯერ თუ ოთხჯერ, მეც ვიყავი პუტინის მონა, უფრო სწორად - ელცინის მონა, და ფარფლების Childe in Time-ს ვუსმენდი, ხოლო ეს პროდასავლელები, ლიბერალები და თავისუფალი დემოკრატები უსმენენ ზუმბას, და Childe in Time „სმერწ ფარაონა“ გონიათ. მაგათ ისიც გონიათ, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ბალახეულის თავისუფლად გაყიდვას, მწეველთათვის საპარლამენტო ქვოტების გამოყოფას და მთაწმინდის პანთეონში ქეშებისთვის გარანტირებულ ადგილებს გულისხმობს.
გასულ კვირაში დავით დეფილე-გოგიბედაშვილის მკითხველებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს. ერთ-ერთ აქციონერს ხელში ტრანსპარანტი ეკავა - „შოთა, ილია, ვაჟა და აკაკი ჩვენთან არიან“. ეგ არის აღმაშფოთებელი ტყუილი. აღმაშფოთებელი სიმართლე კი ის არის, რომ მათთან არასოდეს ყოფილან დედები, მამები, ბებიები, ბაბუები, მასწავლებლები, ფარფლები, ზეპელინები, როლინგები, დორსები და პინკ-ფლოიდები.
პირველ რიგში, მათ მინდა ვუთხრა, რომ Fireball-ში იან გილანი სრულიადაც არ ლანძღავს ჯონ ლენონს და მეორეც - მეტი აღარ მოწიოთ, რას გავხართ!!!
ჩემი აზრით და ღრმა რწმენით, დაბოლილი ტიპი უნდა წაიყვანო და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ შრომა აიძულო. რაც უფრო ვზროსლია, უფრო მეტი უნდა აპახავო, ასე 15-20 დღე ქუჩები უნდა დაასუფთავებინო, სანიტრად უნდა გაამწესო, ხეები დაარგვევინო, ვაზი შეაწამლინო... მოწევაზე კაცის დაჭერა კვერცხობაა. აბა, რა წესია, სადისტი, რომელიც ხალხს აწამებდა კაბინეტში იჯდეს, ხოლო მაზოხისტი, რომელიც თავს იწამებს - ციხეში?!
მეტი აღარ მოწიოთ, გაიხსენეთ ბრაიან ჯონსი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, კურტ კობეინი და ემი უაინჰაუსი და დაივიწყეთ საპარლამენტო ქვოტები და ქეთათო, რომელიც იქნება და, მართლაც დედოფალია, მაგრამ - ტრუხა დედოფალი.
რა, ტრუხა პლანი არ მოგიწევიათ?
ეგრე ჯობს, თორემ მადა ჭამაში მოდის და მერე, როცა პატრული მოგადგებათ, პოლისჯოხის უკან დამალვა ვეღარ გიშველით.
ა, მშვენიერი სათაური - „ხმაურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს სხდომაზე ხმაურის მიზეზი გახდა“.
ანაც ეს: „გიორგი აბაშიშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორთან დიალოგის დაწყების წინადადებით მიმართავს“.
უფრო უარესი: „არჩილ ხაბაძემ სოფელ კაპნისთავში შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი დაათვალიერა“.
ასე, სათაურების კითხვა შორს წაგვიყვანს და ვერც ქვეყანაში არსებულ ჯიგრულ გარემოზე შეგვიქმნის სრულ წარმოდგენას. არადა, იმისი არ იყოს, ათას ცოცხალს ზოგჯერ ერთი მკვდარი რომ ჯობს, ხანდახან ათას სათაურს ერთი ნიუსი, თუნდაც ნიუსის ნაწყვეტი ჯობნის. მაგალითად ეს: „შენ ჩემს უძრავ ქონებას რას ეხები, შე ნაძირალავ. შე მათხოვარო. შენ უნდა მოკვდე ისე, რომ უძრავი ქონება არ გეღირსოს", _ მიმართა შოშიაშვილმა ბასილაიას. გადაცემის წამყვანმა შოშიაშვილს მოუწოდა, რომ წყევლა არ იყო საჭირო. ბასილაიამ კი შოშიაშვილს ამის გამო ქალუსია უწოდა. "ქალუსია და პიდარასტები მოიკითხე პარტიაში", - განაცხადა შოშიაშვილმა, რის საპასუხოდ ბასილაიამ უპასუხა, რომ უნამუსო იყო და წყალი შეასხა. საპასუხოდ შოშიაშვილმა ბასილაიას წყლიანი ჭიქა ესროლა. წამყვანმა მათი სტუდიიდან გაყვანა ითხოვა და გადაცემა ეთერიდან გავიდა“.
მოვითხოვ წყლიანი ჭიქის სროლის დეკრიმინალიზაციას!!!
მოითხოვე და მოგეცემა!
ერთი ნიუსიც: „ევროკავშირმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის სპეციალური ორგანო შექმნა. ევროპული მედიის ცნობით, სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ იბრძოლებს. აღნიშნული უწყება იზრუნებს ევროპის მიერ რუსეთისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების მოსახლეობასთან დიალოგის დამყარებაზე“.
გადასარევი აზრია. ახლა, მთავარი შესრულებაა, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა - იმპლემენტაცია.
გული ცუდს მიგრძნობს. გული მიგრძნობს, ეს სპეციალური ორგანო თავის ადგილობრივ პროდასავლელ ორგანოებს დააფინანსებს და სადმე, ბათუმში ან გუდაურში შეიკრიბებიან ენჯეოშნიკები, დასხდებიან, იჭორავებენ, ერთმანეთის სქესს გამოიკვლევენ, მერე დალევენ (კანიაკს) და მოწევენ (პლანს), მერე იმღერებენ (ულიტაიწე ვორონი), დაიძინებენ და სანამ გაიღვიძებენ, ვინმე, ყოველგვარი სასჯელ-სანქციების გარეშე საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მშრომელი კაცი ან ქალი, გულდაწყვეტილი გაიფიქრებს: „ესენი მაინც ვერ შემაყვარებენ რუსეთს“.
მ. რ. (მოაწყობენ რომელია!!!) ოთახში მყოფნი გროსმაისტერს დაძაბულად მისჩერებოდნენ. „ვიმეორებ, ყველაფერი ვასიუკელების თვითმოქმედებაზეა დამოკიდებული. კიდევ ვიმეორებ, რომ საქმის მთელ ორგანიზაციას მე ვკისრულობ. ფული ერთი კაპიკიც არ დაიხარჯება, თუ რა თქმა უნდა, დეპეშების ფასს არ ვიანგარიშებთ“. ცალთვალა თავის თანამებრძოლებს მუჯლუგუნებს ჰკრავდა. „აბა, - ეკითხებოდა იგი, - რას იტყვით?“ „მოვაწყობთ, მოვაწყობთ!“ - ყაყანებდნენ ვასიუკელები.
(ილია ილფი, ევგენი პეტროვი - „თორმეტი სკამი“)