ბატონო გალაკტიონ!

ბატონო გალაკტიონ!

დღეს კვირაა და მორიგი „მოგონებები“ უნდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი წერილის გმირები სასიქადულო ქართველი მწერლები იქნებიან, რომელთა ხუმრობები, ანეკდოტები, სახალისო ისტორიები და მოსწრებული გამონათქვამები ხალხში თაობიდან-თაობებში გადადის.

დღევანდელ წერილში გალაკტიონ ტაბიძესა და ნოდარ დუმბაძეს გავიხსენებთ.

თავის დროზე ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ უნიჭო და თავხედი მწერლები ქართულ სიტყვაკაზმულ პროზასა და პოეზიას არასდროს გამოლევიან. ასეთმა ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“. საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“..., – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“... „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა. გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი.

სიტყვას ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს მივცემ, რომელიც ერთ შემთხვევას გაიხსენებს.

„უნივერსიტეტთან შემხვდა გალაკტიონი, გამაჩერა და მითხრა:

– ჯანსუღ, ნიკოლაი ეჟოვი თუ გაგიგონია?

– კი, როგორ არა, გამიგონია.

– ანდრეი ვიშინსკი?

– ვიშინსკიც გამიგონია...

– ლავრენტი ბერიაც?

– დიახ, ლავრენტი ბერიაც...

– ჰო და თუ დაკვირვებიხარ, რავა სტალინის კიტელებივით ჰგვანან ერთმანეთს?

ამ მსგავსებას მე არასოდეს დავკვირვებივარ, თუმცა გალაკტიონისა კი ძალიან გამიკვირდა და ცოტა ჩამაფიქრა ნათქვამმა, სულაც იმიტომ, რომ მაშინ 1956 წელი იყო – მარტი თუ აპრილი...“

ბატონი ჯანსუღი კიდევ ერთ ისტორიას მოგვიყვება.

„ვერის ხიდის მშენებლობაა, როგორც წესი, მშენებლობის წინ „საუცებისო“ საარყეები იყო ხოლმე... არყის დასალევად მივედით სტუდენტი მეგობრები – მე, ოთარ ჭილაძე, გივი სამსონიძე, უცებ გალაკტიონი მობრძანდა და დახლიდარს უთხრა: აბა, ძამიკო, ჩემი ულუფა ჩამომისხიო. დახლიდარმა 150-გრამიანი ჭიქა გაუვსო. გალაკტიონმა ჯერ ორი ყლუპი მოსვა, პირში დააღვარღვარა და წუთშივე გადმოაქცია, მერე წვერებში ხელით შეისხა და მაგრად შეიზილა... მე გაოცებულმა ვუთხარი, ძია გალაკტიონ, ეგრე რათ აკეთებ-მეთქი, მან კი გახარებულმა მიპასუხა, – „ძამიკო, ახლა რომ გავალ ზემელზე, არყით ვიქნები აქოთებული, ხალხს მთვრალი ვეგონები, მე კი ფხიზელი ვიქნებიო“, – მითხრა და წავიდა“.

ბატონ გალაკტიონს დავემშვიდობოთ და ესტაფეტა ნოდარ დუმბაძესთან გადავიდეთ. ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ქართლოს კასრაძე იქნება.

– ქართლოსია, – მითხრა ნოდარ დუმბაძემ, – ვიცი, გიჭირს, შვილები გყავს სარჩენი, ჰონორარს მოგცემ, თუ გინდა, მარა აგი ლექსი არ ვარგა და ვერ დაგიბეჭდავ.

მეც გავჯიუტდი, გინდა თუ არა, დაბეჭდე-მეთქი (არადა, მართლა არ იყო ცუდი ლექსი).

– წადი, ცნობა მომიტანე, რომ ნორმალური ხარ და დაგიბეჭდავ, – მომიშორა ნოდარმა.

წავედი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შევედი ავლიპ ზურაბიშვილთან.

– ოოო... ჩანტლაძეს გაუმარჯოს! – მომესალმა პროფესორი. მეც არ ვიუარე... ცნობა მომცა, რომ ნორმალური ვარ – ქვას გახეთქავდა, ისეთი.

რედაქციაში გამოვიქეცი. ნოდარი პარტკომის კრებას ატარებდა. მაგიდაზე დავუდე ცნობა. დიდხანს კითხულობდა, ბოლოს ამომხედა და მითხრა: „წადი ახლა და ის ცნობა მომიტანე, რომ ვინც ეს ცნობა მოგცა, ისიც ნორმალურია“.

ყველასათვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნიკო კეცხოველი, ძალიან მფარველობდა და ჰპატრონობდა ნიჭიერ სტუდენტებს და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. მას არც ნოდარ დუმბაძის ნიჭი გამორჩენია მხედველობიდან და, ერთ დღესაც, უთხრა, ხომ არ ჯობია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადახვიდეო.

– თქვენ, პატივცემულო რექტორო, იმიტომ მოგეწონათ ჩემი ლექსები, ეკონომისტის დაწერილი რომ არის, თორემ, ფილოლოგის დაწერილი რომ იყოს, ალბათ, ყურადღებასაც არ მიაქცევდითო, – ხუმრობით უპასუხა მომავალმა მწერალმა.

ერთი გულუბრყვილო ანეკდოტი იყო: მეგობარმა მეგობარს რაღაც სასაცილო ამბავი უამბო, იმას კი არც გაჰღიმებია. რატომ არ იცინი, არ მოგეწონაო? – ჰკითხა პირველმა. ეგ ისტორია შარშან მოვისმინე და მაშინ ვიცინე ძალიანო, – უპასუხა მეორემ.

დაახლოებით ასე დაემართა ნოდარ დუმბაძეს, როცა „ცისკარში“ დაბეჭდილი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როგორც წესი, პირველად დედას მიუტანა წასაკითხად, რადგან, დედა იყო მისი ყველაზე მკაცრი და ყველაზე ობიექტური ოპონენტი. ქალბატონმა ანიკომ ისე წაიკითხა რომანი ბოლომდე, ერთხელაც არ გასცინებია.

– რატომ არ გეცინება, დედა, არ ვარგა, ხომ? – ჰკითხა გულშემოყრილმა მწერალმა.

– როგორ არ ვარგა, შვილო, ძალიან კარგია, მაგრამ, რომ წერდი, თან ყველაფერს ხმამაღლა მიყვებოდი და, მაშინ იმდენი ვიცინე, ახლა აღარ მეცინებაო, – გულწრფელად უპასუხა დედამ.

წითელი პარასკევია. ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე და ოთარ მამფორია რესტორან „თბილისში“ ქეიფობდნენ. დიდი ფულის პატრონი არც ერთი ბუმბერაზი არ იყო და შეკვეთაც შედარებით მოკრძალებული ჰქონდათ. უცებ გვერდით ჩაიარა იუმორით სავსე პიროვნებამ, მაშინდელმა რაიკომის პირველმა მდივანმა ავთო საყვარელიძემ, გადახედა მწერლების მოკრძალებულ სუფრას, მიუახლოვდა, დალოცა და ბოლოს ეუბნება:

– ბიჭებო, შეგიძლიათ, რაც თქვენ გესიამოვნებათ, ყველაფერი შეუკვეთოთ და თამამად იქეიფოთ, თქვენი სუფრა გადახდილია.

მოქეიფეები ცოტა დაიძაბნენ – არ ელოდნენ ასეთ „ჟესტს“. საყვარელიძემ შეამჩნია და გაეცინა:

– არ გატყუებთ, ბიჭებო, მართლა გადახდილია. დღეს წითელი პარასკევია, ჩვენი, კომუნისტების საზეიმო დღეა...