„როგორ ფიქრობთ, სირიიდან დაბრუნებულები ინტელექტის ასამაღლებლად საჯარო ბიბლიოთეკაში დასხდებიან?“

„როგორ ფიქრობთ, სირიიდან დაბრუნებულები ინტელექტის ასამაღლებლად საჯარო ბიბლიოთეკაში დასხდებიან?“

აღმოსავლეთმცოდნე, დავით კობერიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სირიაში საომარ მოქმედებაში მონაწილეობენ როგორც დაქირავებული მებრძოლები, ძალიან დიდი პრობლემა არიან საქართველოსთვის, ვინაიდან ისინი სპეციალური დავალებით ჩამოვლენ.

რომელ დაჯგუფებაში იბრძვიან ქართველები და რა საფრთხე ემუქრება ქვეყანას სირიაში მებრძოლი ქართველებისგან, ამ საკითხზე for.ge დავით კობერიძეს ესაუბრა.

ბატონო დავით, თუ არსებობს ზუსტი მონაცემი, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება სირიაში?

- საქართველოს მოქალაქეები, არა მარტო პანკისის ხეობიდან მიდიან საბრძოლველად სირიაში და ერაყში, არამედ აჭარის რეგიონიდან, გურიიდან და ქვემო ქართლიდან. ზუსტ რაოდენობას ვერავინ ვერ იტყვის, რადგან გადასვლა ხდება ფარულად.

რაც შეეხება მოტივაციას, ექსპერტები საუბრობენ ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორც ფინანსურზე, ასევე რელიგიურზე, რეალურად არ არის მთავარი მოტივი, რატომაც საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები სირიაში მიდიან?

- ერთადერთი მიზეზი ეს არის ჯიჰადში მონაწილეობა. როდესაც რომელიმე ქვეყანაში ცხადდება ჯიჰადი „ურწმუნოებისა“ და მუსლიმთა ჩაგვრის წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ვალდებული არიან გაგზავნონ თავისი წარმომადგენელი ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად. სირიაში მარტო საქართველოს მოქალაქები არ არიან, იქ არიან - აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ კავკასიის, გერმანიის, ჩინეთის მოქალქეებიც. შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი ჯიჰადისტების პრობლემა, ეს არის ჩინეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი შიდა პრობლემა.

საინტერესოა, როგორ და ვისი საშუალებით ხდება ამ ადამიანების გაყვანა ქვეყნიდან? მხოლოდ ერთი თარხან ბათირაშვილი არის მთელი ამ პროცესის ორგანიზატორი?

- იცით, რომ ისლამური სახელმწიფო გამოცხადდა 2014 წლის ივნისში, მანამდე ამ ფორმირებას სულ სხვა სახელი ჰქონდა, ბოლოს მისი სახელი იყო - „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და შამში“. ერაყი გასაგებია სადაც არის, მაგრამ რაც შეეხება შამსს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ სირიას, არამედ ლიბანს, იორდანიას, პალესტინას და სინაის ნახევარკუნძულს, რომელიც ეგვიპტეში მდებარეობს. აი, ეს იყო ისლამური სახელმწიფოს გეოგრაფიული ადგილი.

ისლამური სახელმწიფოს გამოცხდება, პრაქტიკულად ნიშნავს სახალიფოს გამოცხადებას, რასაც დიდი ხანია სპეციალისტები ელოდებოდნენ. დღეს ვერავინ ვერ იტყვის სად მდებარეობს ისლამური სახელმწიფო. რადგან, ისევე როგორც საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა საზღვრები, ასევე ისლამური სახელმწიფოც არ ცნობს ქვეყანათა შორის საზღვრებს. მათი გაგებით ეს არის სახელმწიფო მთელს მსოფლიოში. ისინი თვლიან, რომ ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანებული უნდა იყოს მთელი კავკასია და დასავლეთ ევროპის გარკვეული ნაწილი.

რაც შეეხება ბათირაშვილს, ის იმდენად მაღალი დონის სამხედრო ამირაა, რომ მას სტრუქტურულად არ ევალება ახალი მებრძოლების მოზიდვა სახალიფოს შემადგენლობაში, მას ამისთვის არც სცალია. ამისთვის სხვები არიან.

თუ არის ცნობილი, რომელ დაჯგუფებაში წევრიანდებიან საქართველოს მოქალაქეები? ფაქტია, რომ რამდენიმე დაჯგუფება...

- საოცარი სიჭრელეა, იქ არის რამდენიმე ათეული სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის ბაშარ ასადის რეჟიმს და ამავე დროს ებრძვიან ერთმანეთს. პრაქტიკულად, ყველა ყველას წინააღმდეგ. ბოლო დროს ძალიან სახიფათო ტენდენცია მიმდინარეობს სირიაში, ხდება ამ პატარ-პატარა ორგანიზაციების გამსხვილება. საქართველოს მოქალაქეები გაერთიანებული არიან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, ამ სახელმწიფოს დედაქალაქი მდებარებს სირიაში - ქალაქი რაკკა.

ისინი თვლიან, რომ ეს არის ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქი. არის დაჯგუფება, რომელსაც თავისი საბრძოლო ისტორია აქვს, მაგალითად „ჯაიშ ალ მუჰაჯირი ვალანსა“ და „ჯუნდაშამი“, რომლებსაც საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები ხელმძღვანელობენ. იგივე „ჯუნდაშამის“ ლიდერი გახლავთ მუსლიმ მარგოშვილი, რომელსაც დღეს როგორც მუსლიმ აშიშანი ისე იცნობენ, ანუ ჩეჩენი.

ერთ-ერთი ვერსიით, საქართველოდან ქართველების გაყვანას ხელმძღვანელობს ახმეტ ჩატაევი, რომელიც თარხან ბათირაშილთან დაახლოებული პირია...

- არავინ არ იცის ვინ ხელმძღვანელობს ამ ადამიანების გაყვანას. არანაირად არ დასტურდება, რომ მხოლოდ ჩატაევი ხელმძღვანელობს საქართველოში ჯიჰადისტების რეკრუტირებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისლამური სახელმწიფო ძალიან დახურული ტიპის სამხედრო ორგანიზაციაა, მას აქვს თავისი ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების რჩენის სამსახური.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ ფინანსურ დახმარებას ღებულობენ ის ოჯახები, რომელთა შვილები სირიაში მოკლეს?

- ამას ოფიციალურავ ვერავინ ვერ გაიგებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ აქედან წასული საქართველოს მოქალაქეები სირიაში საომარ მოქმედებაში მონაწილეობენ როგორც დაქირავებული მებრძოლები, ამის დამტკიცებაც შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. დავუშვათ, რომ 100-დან დაბრუნდა 50 ადამიანი, როგორ ფიქრობთ, ისინი დაბრუნდებიან ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად და საჯარო ბიბლიოთეკაში დასხდებიან? ისინი საქართველოში ჩამოვლენ სპეციალური დავალებით. მათ ტვინი აქვთ გადაბრუნებული, თუმცა თავად თვლიან, რომ ტვინი საკამოდ სწორად უმუშავებთ. 200 კაცი არ სჭირდება მეტროპოლიტენში ბომბის აფეთქებას.

საქართველოდან წასული მოქალაქეებისგან არსებობს ტერორისტული აქტის საშიშროება?

- და თქვენ ამას გამორიცხვათ? საქართველოში კი არა, ლონდონში, მადრიდში, საფრანგეთში, აშშ-ში მოხდა და ჩვენ ასეთი დაცულები ვართ? - მე არა მგონია. ტერორისტული აქტის საშიშროება არსებობს ყველგან, რადგან როგორც ცნობილია ნაწილი ბრუნდება და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, სად იყო და რას აკეთებდა.

დაბრუნდა ვინმე?

- კი, რა თქმა უნდა. ბევრი არა, მაგრამ არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი დაბრუნდა სირიიდან და სხედან სახლებში. კი ბატონო, ისხდნენ, მაგრამ ხვალ, რომ გამოვა სახლიდან, მან რა უნდა გააკეთოს, ეს იცის ვინმემ? ეს არავინ არ იცის. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ადამიანები ძალიან დიდი საფრთხე არიან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა, რომ საკუთარი მოსახლეობა აცხოვროს უსაფრთხო გარემოში.

სახელმწოფომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს და ძალიან ბევრი ახალი სტრუქტურა უნდა შექმნას. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აშშ-ში ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგობის და პრევენციის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სპეციალური ორგანიზაცია შეიქმნა. დამისახელეთ ერთი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არსებობს, გარდა ტრადიციულისა. ამას სჭირდება სპეციალური მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან და არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან.

ამას სჭირდება ის, რომ ყოველ გაზეთში და საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად არ ჟღერდეს იგივე ომარ აშიშანის სახელი, რადგან ძალიან ბევრისთვის ის უკვე კუმირია პანკისის ხეობაში. არ არის საჭირო პერსონალიებზე ამდენი საუბარი, რომ თურმე მან სირიაში ბევრს მიაღწია და ა.შ. რას მიღწია? - იყო პატარა ბანდიტი და გახდა დიდი ბანდიტი, აი, ამას მიღწია მან. დღეს თუ არა ხვალ მოკლავენ და სხვებსაც ეს ელით.