„მკვლელი ციხეში უნდა იჯდეს!“

„მკვლელი ციხეში უნდა იჯდეს!“

ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს ჩანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მახარაძის მკვლელობის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუკი ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა კვლავ ვერ შეძლებს საბოლოო ვერდიქტის მიღებას, ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.

თუმცა, შესაძლებელია, რომ გიორგი ოქროპირიძემ ვერდიქტის გამოტანამდე დატოვოს საპატიმრო, რადგან პატიმრობის 9 თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება. საქმის პროკურორი ნიკოლოზ ნინიძ ამბობს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდენლი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს.

„ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ გამოიტანეს ვერც გამამართლებელი და ვერც გამამტყუნებელი ვერდიქტი. აქედან გამომდინარე. მოსამართლემ დაითხოვა ნაფიცი მსაჯულები. ახალი ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა 10 ივნისისთვის ჩაინიშნა. ბრალდებულ ოქროპირიძეს პატიმრობის 9 თვიანი ვადა ეწურება 11 ივნისს და მან საპატიმრო დაწესებულება უნდა ადტოვოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ნინიძე.

ბრალდებული ოქროპირიძის ადვოკატი, დავით მოდებაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საზოგადოებისთვის საშიში არ არის. „კონსტიტუცია ადგენს, რომ თუ ბრალდებული არ გასამართლდება 9 თვის განმავლობაში და, თუ მის მიმართ არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ის უნდა განთავისუფლდეს.

მინდა მივმართო სასჯელაღსრულების მინისტრს, რომ მკაცრი ზედამხედველობა განახორციელონ, რომ შემთხვევით, როგორც ადრე ხდებოდა, გიორგი ოქრიპირიძეს არ აღმოაჩნდეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რომელიც დაუშვებელია, რომ ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - განაცხადა დავით მოდებაძემ.

მოკლული ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე მთავარ პროკურატურას მიმართავს ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს. ნინო დიდებულიძის თქმით, „ოქროპირიძე ბევრ ადამიანს სიკვდილით ემუქრება, რასაც აუცილებლად მოიყვანს სისრულეში. გამწარებულია ბევრ ადამიანზე, რომლებიც არ მალავენ მის დანაშაულს. სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა ვის შუბლს გაუხვრეტდა და ამას ის აუცილებლად აასრულებს.

არავითარი ნაფიცი მსაჯული! მკვლელი მოსამართლის მიერ უნდა გასამართლდეს. არ მაინტერესებს რას ითხოვს ეს ორმაგი მკვლელი, ასე აშინებს ნაფიც მსაჯულებს და ამიტომაც ვერ გამოიტანეს ვერდიქტი. ვერ გავიგე ეს რა სახელმწიფოა, როცა შვილის მკვლელის დასჯის თხოვნა მიწევს სახელმწიფოსთვის. ის არის ჩემი შვილის მკვლელი, ამას არაერთი თვითმხილველი არსებობს. მკვლელი ციხეში უნდა იჯდეს“, - ამბობს ნინო დიდებულიძე.

იმ შემთხვევაში, თუ ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, მახარაძის ოჯახის ახლობლი ზაალ ჟვანია ამბობს, რომ იძულებული გახდება შური თავადვე იძიოს.

„სახელმწიფოს მთავრობა არ ჰყავს! სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს! რაღაცა სახლობანას თამაშობენ და წარმოუდგენელ საშინელებებს სჩადიან. დაველოდები კიდევ ერთხელ რა მოხდება და, თუ არაფერი საშველი არ დადგა, მე თვითონ დავიწყებ სამართლიანობის აღდგენას! მე თვითონ ვიძიებ შურს!“, - ამბობს ზაალ ჟვანია.