გვენეტაძეს მისი მოადგილე კორუფციაში ადანაშაულებს, თუმცა ფაქტებს ვერ ასახელებს

გვენეტაძეს მისი მოადგილე კორუფციაში ადანაშაულებს, თუმცა ფაქტებს ვერ ასახელებს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლოში კორუფციის საფრთხეზე საუბრობს. განცხადება ჩინჩალაძემ „მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ“ დიალოგის ფარგლებში გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და მოსამართლეები. ჩინჩალაძეს კონკრეტული ფაქტების დასახელება მოსთხოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, თუმცა მიხეილ ჩინჩალაძეს კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები და ნიშნები, რომლებიც სასამართლოში კორუფციის შესვლის საფრთხეზე მიუთითებენ. მისივე თქმით, საუბარია ერთი წლის პერიოდზე.

„რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვარ, კომუნიკაციის საშუალება არ მქონია. უფრო გახსნილი ფორმატი იყო წინა თავმჯდომარესთან. იმ რისკებზე თვითონაც ძალიან გულმოდგინედ მუშაობდა, რომ ასეთი პრობლემები სასამართლოში არ შემოსულიყო. მე ნამდვილად არ ვარ პროკურორი, რომ კონკრეტულ საქმეებზე გესაუბროთ, მაგრამ არის რამდენიმე ნიშანი და რაღაც გარემოებები, რომლებიც მიუთითებს ამ საფრთხეზე.

ვფიქრობ, ეს იქნება დამღუპველი, რადგან რეალურად სასამართლო კორუფციის გარეშე იყო ის მთავარი მიღწევა, რომელიც მოხერხდა, რომ ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიღწეულიყო. ეს თუ დაირღვა, ყველანაირ პროგრესსა და ყველანაირ რეფორმაზე საუბარი სასაცილო იქნება. გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის რაღაც გარემოებები, არის რაღაც ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ სასამართლოში კორუფციის შემოსვლის საფრთხე ძალიან მაღალია. თბილისშიც არის და რეგიონებშიც“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ჩინჩალაძემ.

ჩინჩალაძის ბრალდებას ოპერატიულად გამოეხმაურა „ნაციონალუარი მოძრაობა“. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, სასამართლოში ბრუნდება კორუფცია. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თავმჯდომარემ გამოწვევებს პასუხობდეს, რაც არის კორუფციის დაბრუნება სასამართლოში, ის დაკავებულია იმით, რომ იგონებს მოსამართლეებზე ზეწოლის ახალ მეთოდებს ინსპექტორების სახით.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ინსპექტორების სახით, მოსამართლეებზე ზეწოლის ახალ მექანიზმებს ქმნის, დიახაც, კორუფციაც ბრუნდება სასამართლოებში. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ ბევრად უფრო სახიფათოა ის, რომ არ არსებობს კომუნიკაცია ახალ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს შორის. იმის მაგივრად, რომ თავმჯდომარემ გამოწვევებს უპასუხოს, რაც არის კორუფციის დაბრუნება სასამართლოში, ის დაკავებულია იმით, რომ იგონებს მოსამართლეებზე ზეწოლის ახალ მეთოდებს ინსპექტორების სახით და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ზეწოლის მექანიზმები ძირითადად, პოლიტიკური საქმიანობისთვის იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

მიხეილ ჩინჩალაძეს გამბედაობას უწუნებენ პოლიტიკოსები და იურისტები. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი ჩინჩალაძეს მტკიცებულების წარმოდგენისკენ მოუწოდებს.

„როცა ასეთ ფაქტებზე საუბრობ, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება მტკიცებულებები, ამას სჭირდება სახელები და გვარები. უფრო თამამი უნდა იყო და ბოლომდე ისაუბრო სირთულეებზე, მათ შორის იმ კორუფციულ რისკებზე, რომელიც სასამართლოში შეიძლება იყოს. უნდა გამოჩნდნენ ახალი კვალიფიციური მოსამართლეები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დაემსაგავსოს მოსამართლეების დევნას, რითაც ათი წლის განმავლობაში დაკავებული იყო მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ბრალდებებს პასუხობს იურისტი, ლია მუხაშავრია, რომლის განცხადებით, რასაც იურისტი იტყვის, ის უნდა იყოს დადასტურებული. მუხაშავრიას განცხადებით, თუკი კორუფციის საფრთხე არსებობს, ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება და იურისტი ჩინჩალაძის ხმაურიან განცხადებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკავშირებს.

„ბატონი ჩინჩალაძე გამოხატავს იმ მოსამართლეების პოზიციას, რომლებიც მოელიან, რომ ძალიან მალე არ იქნებიან თავმჯდომარეები. ეშინიათ სადისციპლინო სამართალწარმოებაში ინსპექტორის თანამდებობის შემოღების და ამიტომ, ისინი ცდილობენ შექმნან ასეთი ატმოსფერო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსვლის შემდეგ დაინიშნა 24 მოსამართლე. ყველა დანარჩენი მოსამართლე წინა პერიოდიდან არის გადმოსული და მაშინ ვის კორუმპირებულობაზე საუბრობს ბატონი ჩინჩალაძე?“, - აცხადებს მუხაშავრია.

მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსი ორგანიზებულად ცდილობს ხელი შეუშალონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ხელისუფლებას, გაატაროს ის რეფორმები, რომელიც რეალურად მიიყვანს სასამართლოს დამოუკიდებლობამდე და მიუკერძოებლობამდე.

„დავსვავთ კითხვა, ვის შეიძლება არ აწყობდეს სასამართლოს რეფორმა? - ეს შეიძლება არ აწყობდეს მხოლო და მხოლოდ კორუმპირებულ, არაპროფესიონალ, დამოკიდებულ და მიკერძოებულ მოსამართლეს, რომელიც დღეს სკამზე ზის და ცდილობს ამ სკამის შენარჩუნებას. გუშინ მთელი ქვეყანა დარწმუნდა, რომ მართლმსაჯულებას აქვს სერიოზული პრობლემა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტთან დაკავშირებით, ამ დროს უზენაესი სასამართლოს წევრისა და პალატის თავმჯდომარისგან კორუფციაზე ლაპარაკი, ეთიკისგან ძალიან შუფერებელი საქციელია.

ვიდრე ასეთ განცხადებას გააკეთებდა ბატონი ჩინჩალაძე, მან ძალიან კარგად იცის, ვის უნდა მიმართოს, ვის უნდა მოსთხოვოს რეაგირება და არ დაიწყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რეპუტაციის შემლახველი განცხადების უსაფუძვლოდ გაკეთება, რომელსაც ასევე, ძალიან სწრაფად და „ადეკვატურად“ გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხაზი ძალიან კარგად არის შესამჩნევი“, - აცხადებს for. ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.