საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, საგანგებო განცხდებაში არც ადასტურებს და არც უარყოფს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელშეუხებლობა სთხოვა. აზიმ სადიკოვის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე, რადგან ეს არ არის მისიის მანდატი.
„საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.
„სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებენ ჩვენი ინვესტორები და ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის განცხადებები არის საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის.
სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იმეორებენ იმ შეფასებებს და პათოსს, რომელიც, როგორც წესი, არის ყვითელი პრესის საქმე. ეს არის გამართული ინსტიტუცია. ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კონსტიტუციური ვადები და ვადებით გათვალისწინებული პროცედურები იქნება დაცული“, - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაძლოა, დაიკითხოს, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადებები უკვე სამი წელია, ესმის.
„სამი წელია, ჩვენ გვესმის და ვხედავთ ტალახის სროლას ეროვნული ბანკის და ჩემს მიმართ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ჩვენ აქ ვართ და ყველა კითხვას ყოველთვის პასუხს გავცემთ. ჩვენ არ გვაქვს გადაბრალების და „კუდიანებზე ნადირობის“ დრო. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ შეწყდეს თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ეს არის საზიანო ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი ინვესტორების განწყობებისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და დონორების გეგმებთან დაკავშირებით გააღრმავონ თანამშრომლობა ჩვენ ქვეყანასთან და საბოლოო ჯამში, ეს არის საზიანო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
ეკონომიკის ექსპეტრი, დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკითხი მან დიდი ხნის წინ დააყენა, თუმცა მაშინ მისი ინიციატივა მთავრობამ არ გაითვალისწინა.
„დიდი ხანია ამის თაობაზე ვსაუბრობ. როცა დავინახე, რომ საქმე არ იყო კარგად, მაშინ გავაკეთე განცხდება, მაგრამ მთავრობა მაშინ ყრუ იყო. ახლა მთავრობას უნდა, რომ თავისი ბრალეულობაც შენიღბოს ამით, რადგან ასეთ ვარდნებში მთავრობის სუსტი პოლიტიკაც არის დამნაშავე. ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთნაირი დამნაშავეა შექმნილ სიტუაციაში. მე ვერ ვიტყვით, რატომ ამბობენ ახლა ამას. სამწუხაროდ, ძალიან გვიანია ყველაფერი“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქადაგიძის ქმედება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. მისი თქმით, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიმე ერთი პარტიის მხარდამჭერია და მას არ ყოფნის ობიექტურობა.
„ქადაგიძის საკითხი უნდა გადაჭრილიყო მაშინ, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ბანკიდან გამოტანილ ფულს აცხადებდა „შავ ფულად“ და სჯიდა არა ფულის გამცემს, არამედ ფულის გამომტანს. ეს უკვე სრულიად მკაფიო მიმანიშნებელი იყო იმისა, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციებით მოქმედებდა ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხდებით, სავალუტო ფონდთან ურთიერთობა სცილდება კერძო განცხადებების თემას, რადგან ეს არის სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთობა.
„ბუნებრივია, რომ ორ პირს შორის პრივატულმა საუბარმა ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს სახელმწიფოსა და სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, თუ სხვა დონორი ორგანიზაციების ურთერთობაზე. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ პრობლემები გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ძალიან ბევრ ბანკთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი ბუნდოვანება, გაურკვევლობა, ამ ბანკებისთვის ფინანსური პრობლემის შექმნისა და გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით.
ბიძინა ივანიშვილი ვინმეს აპატიებს თუ არა „ქართუ ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხებს, ეს მისი საქმეა. ჩემთვის მთავარია, რომ გამოძიება, რომელიც სხვადასხვა ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარეობს პროკურატურაში, დროულად დასრულდეს და გაეცეს კითხვებს პასუხი, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომას, იყო თუ არა საპატიებელი, ან დასაკავებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ საკითხებზე პროკურატურამ დროულად უნდა დაასრულოს გამოძიება. ასე რომ, უნდა დაველოდოთ პროკურატურის გამოძიებას პრობლემურ ქეისებთან დაკავშირებით. მხოლოდ კომპეტენტური სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან კალანდაძე.