თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე, დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო პროკურატურის მტკიცებულება, კერძოდ სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომავლოდ გამარჯვების მომასწავებელია. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე დავით ჯუღელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, 5 დღის ვადაში გაასაჩივრებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ საქმეზე არ დაუშვა ბრალდების მტკიცებულებები, საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას საკმაოდ მრავლად აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დანაშაულს ამტკიცებს.
„გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება დასაშვებად ცნონ დაცვის მხარის მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კანონის მოთხოვნების დარღვევით იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტის ხელმოწერა საერთოდ არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაუმოწმებელი დოკუმენტი დაუშვა საქმეში. ბრალდების მხარე არ დააყოვნებს და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი.
ბრალდების მხარეს საქმიდან გამოსვლას ურჩევს დაკავებულების ადვოკატი, ლევან სამუშია, რომლის განცხადებით, ბრალდებამ უნდა გააკეთოს განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა, ანუ ფინანსური ნაწილი და საინჟინრო ნაწილი, რის საფუძველზეც ეს ადამიანები არიან დაკავებული, სრულად დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო სასამართლომ. აქედან გამომდინარე, ბრალდებას ერთადერთი დარჩენია, ღირსეულად გამოვიდეს საქმიდან და გააკეთოს განცხადება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმე, ის ფორმალური ნაწილი, რასაც ეფუძნებოდა ბრალდება, აღარ არსებობს. სასამართლომ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს ლევან სამუშია.
მისივე განცხადებით, სასამართლომ დაუშვებლად ცნო ასევე ექსპერტების ჩვენებები, რასაც ასევე ეფუძნებოდა ბრალდება. გარდა ამისა, სასამართლოს სხდომაზე დაიკითხება ასევე პროკურორი ჯარჯი წიკლაური.
„საქმეზე დაიკითხება პროკურორი წიკლაური „რუსთავი 2“-ის ეთერში მის ინტერვიუსთან დაკავშირებით. სასამართლომ ჩვენი ეს მოთხოვნა სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა. დღეის მდგომარეობით, ექსპერტიზის დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებადაა ცნობილი. რაც შეეხება იმ ექსპერტებს, ვინც ჩაატარეს ექსპერტიზა, სასამართლოში ვერ დაიკითხებიან იმიტომ, რომ ესეც დაუშვებლად არის ცნობილი. შესაბამისად, ბრალდება რასაც ეფუძნებოდა, გამოცლილია. იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობას“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის პროცესს, პარტიის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, რომლის განცხადებით, დღევანდელი დღე საქართველოს მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანია.
„დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს მართლმსაჯულებაში მგონი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. პირველივე დღიდან ვიძახდით, რომ ეს ხუთი ადამიანი არის უდანაშაულო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო ივანიშვილის და მისი ჯგუფის პოლიტიკური დაკვეთა, მაგრამ დღეს, სასამართლომ დაუშვებლად ცნო ის უსამართლო საფუძველი, რის გამოც ეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში ჩასვეს.
ეს ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, იმისი რომ ვირწმუნოთ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა მიიღონ ადეკვატური, სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა მთელ ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს მოვუწოდო, თუკი ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ