პროკურატურა ქადაგიძის დანაშაულებზე ალაპარაკდა

პროკურატურა ქადაგიძის დანაშაულებზე ალაპარაკდა

„ინტელექტ ბანკი“, „სტანდარტ ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და „ქართუ ბანკი“ – ეს არის იმ საქმეების ჩამონათვალი, რის გარშემოც მთავარი პროკურატურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვას აანონსებს. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ამ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. მისივე განცხადებით, გამოძიება როცა მივა იმ ეტაპზე, რომ საჭირო გახდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა, ის აუცილებლად დაიკითხება.

ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე დღეში „ინტელექტ ბანკის“ საქმეზე სარჩელი შევიდა მთავარ პროკურატურაში, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება მაშინვე არ დაიწყო.

„რა უშლიდა ხელს პროკურატურას, რომ მაშინვე დაეწყო ამაზე გამოძიება? საუბარი იმაზე, რომ თურმე, ორი წელი სრულფასოვანი გამოძიება მიმდინარეობდა, ამას სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ასეთ თემას არ ჭირდება დიდი დრო. რაც შეეხება იგივე „ქართუ ბანკის“ შემთხვევას, ჩვენს თვალწინ ხდებოდა ის განუკითხაობა. ჩემი აზრით, ასეთ პრიორიტეტულ საკითხებზე გამოძიება დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს. დღევანდელი შეტევა ქადაგიძეზე, ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვას და მის თანამდებობაზე დატოვების საკითხს, გამოეხმაურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ–მინისტრი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და მანაც ეს თხოვნა გაითვალისწინა. 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და ჩემი პოზიცია იყო, რომ რაც ჩემი პირადია, შემიძლია ვაპატიო. „ქართუ ბანკის“ საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო.

ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება ქადაგიძესთან დაკავშრებით, არ ნიშნავს, რომ პროკურატურაზე მაღლა დადგა, ვინაიდან საქმე მის პირად ზარალს ეხებოდა, ხოლო საერთო ქონებასთან დაკავშირებით ხელს ვერავის დააფარებდა. 
რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებას გიორგი ქადაგიძის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარღვევები კიდევ აქვს, მაგრამ ამას დამტკიცება ესაჭიროება. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობაში.

ინფრასტურქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ივანიშვილს სთხოვა არ დაეკავებინათ გიორფი ქადაგიძე.

„მე კატეგორიულად ვითხოვდი, ეროვნული ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა აღმოჩენილიყო ციხეში. ამის საფუძველი მქონდა ძალიან ბევრი. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა ადამიანური პრიორიტეტებით არ ხდება“, – აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი კომფორტი აქვს იმით, რომ დღეს ეროვნული ბანკის მმართველი არის პოლიტიკური ოპონენტი.

„რაც შეეხება ქადაგიძეს, მე ჩემი პოზიცია მაქვს ქადაგიძის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და მიმაჩნია, რომ გამოძიება აქამდე დასრულებული უნდა ყოფილიყო ამ საქმეებზე. ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებას ძალიან დიდი კომფორტი აქვს იმით, რომ დღეს ეროვნული ბანკის მმართველი არის პოლიტიკური ოპონენტი.

ხელისუფლებას არც აწყობს დღეს თავისი კანდიდატის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნა, რადგან მათი გუნდის წევრი რომ იყოს ეროვნული ბანკის მმართველი, განტევების ვაცის პოვნა გაუჭირდებათ და მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. შესაბამისად, ხელისუფლებას აქვს გარკვეული კომფორტი, როდესაც ეროვნულ ბანკში ზის ადამიანი, რომელსაც შეიძლება დააბრალო ყველაფერი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.