ჩინეთის მიერ ევროპამდე რკინიგზის გაყვანის სურვილს და ამ კონტექსტში საქართველოს ჩართვას ქართველი ექსპერტები დამაფიქრებლად მიიჩნევენ. მათთვის ჩინეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ჩნდება კითხვები, რკინიგზის გაყვანით ჩინეთი ხომ არ აბამს საქართველოს სათავისო ევროპული პოლიტიკის ჯაჭვში?! რისთვის ან რომელი პოლიტიკისთვის იყენებს საქართველოს ჩინეთი და ხომ არ არის მოსალოდნელი, ჩინეთმა ამ რკინიგზაზე დასვას თავისი შეიარაღებული ძალები და ამოძრავოს კონტინენტზე?!
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოში ჩინური გავლენა იზრდება და ამას როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარეც აქვს, რაზეც ჩვენი საზოგადოება და მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რადგან არავინ იცის, ჩინეთი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაცვის სანაცვლოდ, საქართველოს რა მოთხოვნებს წაუყენებს. მით უმეტეს, ჩინეთი დემოკრატიასთან მწყრალადაა და თავისი გავლენის სფეროებში მართვის საკუთარი სტილის გატარებას ცდილობს.
ექსპერტის თქმით, აბრეშუმის გზის გაყვანა, კონტინენტის მასშტაბით, ჩინეთის მიერ გადადგმული პირველი მსხვილი ნაბიჯია და, თუ აღმოჩნდება, რომ ეს რკინიგზა ანტიევროპული პოლიტიკის მატარებელია, შეიძლება, სერიოზული არჩევანის წინაშე დადგეს საქართველო.
„კითხვების დასმის უფლება ყველას აქვს, ჯერჯერობით ეს კითხვები უპასუხოდაა დატოვებული, რადგან ყველას აშინებს ჩინეთის არადემოკრატიულობა და, ამავე დროს, უდიდესი პოტენციალი. პირველი, რაც შეიძლება, იგულისხმო და ამაზე ვერცერთ ქვეყანას ვერ მოედავები, ეს არის ეკონომიკური ინტერესი და ამ მასშტაბის პროექტი, ისევე, როგორც ადრინდელი აბრეშუმის გზა, უდავოდ სავაჭრო-კომერციულ ინტერესს აკმაყოფილებს, მაგრამ იმ ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც ჩინეთია, ვარაუდები ბოლომდე გამოსარიცხი არ არის. აქამდე ჩინეთი კონტინენტის კონფლიქტებში არ ერეოდა და იყო თავისთვის. შორეულ აღმოსავლეთში ანგარიშები ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყანასთან, მაგრამ, თუკი მისი გავლენა გაიზრდება, ბუნებრივია, ეს ყველა სახელმწიფოს ინტერესის საგანი გახდება. ეს არ არის ჩვენზე მომართული იმდენად, რამდენადაც, ზოგადად, მსოფლიო პროცესების შეცვლა არის მოსალოდნელი იმ ვარიანტით, თუ ჩინეთმა გაშალა თავისი გავლენა. ერთ-ერთი ზონა ამ გავლენისა საქართველოა. კონკრეტულად, საქართველოსთვის შეიძლება ხელსაყრელიც იყოს ჩინეთის ასეთი გაფართოება, რამდენადაც ჩინეთი, ადრე თუ გვიან, დაუპირისპირდება რუსეთს, რუსეთს კი მწვავე პრობლემები უდგას ჩინეთთან ურთიერთობაში, რომლიდანაც ჩინეთი უკან არ დაიხევს, მას ხომ ტერიტორიები სჭირდება, რუსეთის ტერიტორიები კი აუთვისებელია... ისევე, როგორც ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დაძაბვის შედეგად რუსეთი ისე თამამი ვეღარ არის საქართველოსთან მიმართებით, სავარაუდოა, ასეთივე სიტუაცია შეექმნას რუსეთს აღმოსავლეთიდან ჩინეთის სახით. ამდენად, საქართველოსთვის ჩინური პროცესი შეიძლება, გარკვეული თვალსაზრისით, მომგებიანი იყოს, ოღონდ ვიმეორებ - გარკვეული თვალსაზრისით. თუ აღმოჩნდა, რომ ჩინეთი თავისი გაფართოების პროპორციულად აპირებს, გაავრცელოს თავისი ცხოვრების წესი და გასცილდეს კომერციულ მიზნებს, მაშინ საქართველო აღმოჩნდება სერიოზული პრობლემის წინაშე იმიტომ, რომ საქართველო ხაზგასმით დემოკრატიის კურსზეა ორიენტირებული“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.
მანვე გაიხსენა ამერიკის მაგალითი და აღნიშნა, რომ თვით დემოკრატიის მამად წოდებულმა ამერიკამაც კი გამოიყენა სამხედრო პოტენციალი იქ, სადაც დასჭირდა, მათ შორის, იუგოსლავიაშიც, ხიროსიმა-ნაგასაკზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომაც ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აფართოებს თავისი გავლენის არეალს, უწევს ხოლმე გარკვეული სამხედრო პოტენციალის გამოყენება. ჩინეთის შემთხვევაშიც, ჯერჯერობით სამხედრო თემა არ მოდის წინა პლანზე, მაგრამ წინა პლანზეა ცვლილებები ქართული ცხოვრების წესში, წმინდა კულტურული, მენტალური, ზოგადსოციოლოგიური, პოლიტიკური ასპექტები, რაც ამ ეტაპზე დამაფიქრებელია. ხოლო, თუ მოვლენები სამხედრო ხასიათს მიიღებს, ეს უკვე ცალკე საუბრის თემა იქნება.
სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ For.ge-სთან საუბარში ჩინეთის პრაგმატულ ინტერესზე ამახვილებდა ყურადღებას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, ოღონდ ეს ინტერესი განსაკუთრებით დღევანდელი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთთან მიმართებით იგრძნობოდა, სადაც 2 მილიარდს გადააჭარბა ჩინეთის მოსახლეობამ და, რომლის მეოხებითაც, ჩინეთი ცდილობდა, თავისი ტერიტორიების დაბრუნებას, ოღონდ არა საომარი რიტორიკით რუსეთთან, არამედ ჩინელების იქ ჩასახლებით. ეს კი რუსეთისთვის სერიოზული საფრთხე იყო.
ამ საფრთხეზე რუსი ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, ექსპერტი ალექსანდრე ალადინი ამას წინათ წერდა, რომ ჩინეთი ომისთვის ემზადებოდა და ყოველწლიურად სამხედრო ბიუჯეტს ზრდიდა, რაც უკვე 78 მილიონ დოლარს უტოლდებოდა. უფრო მეტიც, რუსეთში საგანგაშოდ უყურებენ იმ ფაქტს, რომ ჩინეთი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრობს და ამ მიზნით ჩინეთის მოქალაქეობის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამარტივებს. ეს კი რუსული დამპყრობლური კანონპროექტის ანალოგიურია.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექსპერტი სერგი კაპანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საეჭვოა, საქართველოს ჩინეთისგან რაიმე დაემუქროს. მით უფრო, რომ ჩინეთის მზარდ ინტერესს რკინიგზასთან კავშირი არ აქვს და ის, რომ ჩინეთი ამბიციური ქვეყანაა და ეკონომიკური პოტენციალით გამოირჩევა, ჩვენთვის სახიფათო არ არის. სერგი კაპანაძის თქმით, ასეთი შიში შეიძლება ჰქონდეს რუსეთს, რომელიც მისი ტერიტორიის, ანუ შორეული აღმოსავლეთის გამო ახლოს არის ჩინეთთან.