ბიზნესმენ ოთარ მახარაძეს ემზარ კვიციანთან არარსებული კავშირის გამო ნაციონალებმა ქონება ჩამოართვეს. სინამდვილეში, ბიზნესმენი არათუ ემზარ კვიციანს არ იცნობდა, არამედ ერთი სვანი მეგობარიც კი არ ჰყავდა ნაცნობებს შორის. საუბარია გონიოში მდებარე სასტუმროზე, რომელიც 2015 წლის 6 მაისს ოთარ მახარაძეს სასამართლომ დაუბრუნა, თუმცა დღევანდელი მთავარი პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. კონკრეტულად, ამ საქმეს პროკურატურის წარმომადგენელი ნათია გორგოძე კურირებს, რომელსაც ოთარ მახარაძის ადვოკატი - ემზარ პაქსაძე საბოტაჟში ადანაშაულებს.
საქმის დეტალების შესახებ For.ge ემზარ პაქსაძეს ესაუბრა.
როგორც გაირკვა, ომარ მახარაძემ მიწის ნაკვეთი გონიოში 1998 წელს შეიძინა, 2006 წელს აიღო შესაბამისი ნებართვა და სასტუმრო ააშენა, თავისი კოტეჯებით. 2009 წლის 4 ივლისს მასთან მივიდნენ ხელვაჩაურისა და ბათუმის პოლიციის თანამშრომლები და აღნიშნული სასტუმროს დაცლა მოსთხოვეს, თანაც განუმარტეს, რომ აღნიშნული ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, ვინაიდან, თურმე 2007 წელს (ანუ ორი წლით ადრე) ჩატარდა გულრიფშის რაიონული სასამართლო, სადაც სხვა პირებთან ერთად, მახარაძეს, როგორც ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ პირს, ქონება ჩამოართვეს ისე, რომ რეალურად, ბუნებაში არ არსებობდა ამ კავშირის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი. ბუნებრივად გაჩნდა კითხვები, სად იყვნენ აჭარის პოლიციის თანამშრომლები მანამდე, როცა სასტუმროს მშენებლობის პროცესი მიმდინარეობდა? რა არგუმენტზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ ბიზნესმენი დაკავშირებული იყო ემზარ კვიციანთან?
ოთარ მახარაძის ადვოკატმა არაერთგზის მიმართა სააპელაციო, ასევე, უზენაეს სასამართლოს, თუმცა გამოგონილი მიზეზებით უარს ეუბნებოდნენ საქმის განხილვაზე. ეს საქმე სახალხო დამცველის მოხსენებაშიც მოხვდა, როგორც საკუთრების უფლების დარღვევა.
„ამის შემდეგ მოვლენები უფრო დრამატულად წარიმართა. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, კვლავ მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე, შს სამინისტროს, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ ეს ქონება 2009 წელს საკუთრების უფლებით გადასცა შს სამინისტროს. გვაინტერესებდა, რაში სჭირდებოდა შს სამინისტროს სასტუმრო? იმ პერიოდში ვიცოდით, რისთვისაც სჭირდებოდა და უამრავი თვითმხილველი გვყავს, როგორ ისვენებდნენ კოდუას, ახალაიას ოჯახის წევრები, ცოლები, შვილები, ლორთქიფანიძეზეც იყო საუბარი, ანუ უფრო მეტად შს სამინისტროს მაღალჩინოსნები იყენებდნენ ამ სასტუმროს. საქმეს კურირებდა მაშინდელი კუდის უფროსი აჭარაში თემურ პატარიძე. პროკურატურას ვთხოვეთ, გამოძიება დაეწყო, რადგან თემურ პატარიძემ ბოროტად გამოიყენა სასამართლო ხელისუფლება და პირადი ინტერესით წაგვართვეს ქონება, მაგრამ სადაც მივედით, ყველგან გვეუბნებოდნენ, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილებაა, ამას ვერ გაექცევით, ეგებ, ან კომისია შეიქმნას და მოხდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვაო.
ჩემს მარწმუნებელს იმასაც ვეკითხებოდი, შემთხვევით ხომ არ დაგირეკავს კვიციანთან, ვიცოდი რა ნანუკა ჟორჟოლიანის ისტორია, რასაც კოდუების მხრიდან ანგარიშსწორება მოჰყვა, მაგრამ მომხდარით გაოგნებული იყო. ამის შემდეგ გამოძიებამაც დაადგინა, რომ არანაირი კავშირი, ნაცნობობაც კი, ოთარ მახარაძეს არ აკავშირებს ემზარ კვიციანთან - დაკითხული ჰყავთ უამრავი მოწმე. ეს ცნობაც მივიტანეთ სასამართლოში, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომ პროკურატურა, ვინც არის მოსარჩელე, დღეს თვითონვე ამბობს, რომ შეცდომა გაეპარათ, მაგრამ სასამართლომ უარი გვითხრა განხილვაზე, 2012 წლის შემდეგ ხანდაზმულობა გასულიაო. 2012 წლის შემდეგ იმ სასტუმროში არავინ ისვენებს, მხოლოდ დაცვის პოლიციელია და ხელფასს უხდიან შენობის ყარაულობისთვის“, - აღნიშნა ემზარ პაქსაძემ.
საბოლოოდ, ბიზნესმენ ოთარ მახარაძის დამცველმა გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეში ჩართო მისი მეუღლე, რომელმაც ამ საქმის შესახებ არაფერი იცოდა და სასამართლოში მხარედაც არ ყოფილა დაბარებული. მართლაც, 6 მაისს სასამართლომ გააუქმა სასტუმროს ჩამორთმევის გადაწყვეტილება.
„ვიფიქრეთ, დამთავრდა უსამართლობა-თქო, მაგრამ როცა გახარებულები გამოვდიოდით, პროკურატურის წარმომადგენელმა ნათია გორგოძემ გვითხრა, ტყუილად გიხარიათ, ნაადრევად ზეიმობთ, ამას გავასაჩივრებთო. ვკითხე, რატომ, შენივე პროკურატურის ცნობა მაქვს, რომ კვიციანთან რაიმე კავშირი არ გვაქვს, ამ ქონებისგან რაღა გინდა-თქო? ამასთან, თავად ემზარ კვიციანსაც მოუხსნეს ის უკანონო მუხლი, რომლითაც მისი ქონების ჩამორთმევა ხდებოდა. მაინტერესებს, რატომ არის დღესაც ნათია გორგოძე თანამდებობაზე, რომელმაც თავის დროზე უკანონოდ ჩამოართვა ქონება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს? მივმართავ მთავარ პროკურატურას, უარი თქვას გასაჩივრებაზე. რვა წელია, ველოდებით ქონების დაბრუნებას, ამ გადატვირთული სასამართლოების შემხედვარე, კიდევ ორი წელი უნდა ველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ქონებას ქონებად ვერ ვიყენებთ და ამ დროს ნათია გორგოძე პრემიებს იღებს. პასუხი არ უნდა აგოს არავინ?“, - აინტერესებს ადვოკატს.