10 წლიანი პატიმრობის დასასრული? - გია გვიჩიანი შეწყალების მოლოდინშია

10 წლიანი პატიმრობის დასასრული? - გია გვიჩიანი შეწყალების მოლოდინშია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისია შეიკრიბა. კომისია 633 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია რამდენ პატიმარს შეეხება შეწყალება. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა სიაში შესაძლოა გია გვიჩიანი მოხვდეს, რომელიც „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაშია ბრალდებული.

გია გვიჩიანის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა შეწყალების განცხდებით მიმართეს პრეზიდენტს, ასევე წარადგინეს მტკიცებულება, რომელიც გია გვიჩიანის უდანაშაულობას ადასტურებს. მისივე თქმით, პრეზიდენტს პარალელურად წერილით მიმართა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც წერილში იმ გარემოებებზე საუბრობს, რომელიც ლომინაძის საქმეზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისას გამოვლინდა.

„ძალიან ბევრი მტკიცებუელბა წარვადგინეთ, რომელიც გია გვიჩიანის უდანაშაულობას ამტკიცებს, დამატებითი მტკიცებულება წარადგინა ვახტანგ კომახიძემ. გია გვიჩიანს სამუდამო პატიმრობა შეეცვალა 15 წლიანი პატიმრობით, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ განაჩენს, ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს ამოვწურავთ იმისთვის, რომ დავამტკიცვოთ გვიჩიანის უდანაშაულობა.

რა თქმა უნდა, თუკი კომისია შეიწყალებს, გია გვიჩიანი სამართლებრივად დავის გაგრძელების შეწყვეტას ნამდვილად არ აპირებს მანამ, სანამ არ დაამტკიცებს მის უდანაშაულობას. თუ ვინმეს ეკუთვნის შეწყალება, ეს გია გვიჩიანია. თუკი კომისია და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიუღია შეწყალების კომისიას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გვიჩიანის საქმე შეწყალების კომისიის სხდომაზე განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია გასცეს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრებზე გასცემენ.

რაც შეეხება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის წერილს, კომახიძე წერს, რომ გია გვიჩიანის ბრალეულობა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუდასტურებელ ჩვენებებს ეფუძნება, ხოლო განაჩენი ეყრდნობა მოსამართლის ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს.

„რამდენიმე ავტორიტეტული იურისტის დახმარებით შევისწავლე ეს საქმე და მოვამზადე საგამოძიებო ფილმი. ჩემი ღრმა რწმენით, გია გვიჩიანის ბრალეულობა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუდასტურებელ ჩვენებებს ეფუძნება. უფრო მეტიც, განაჩენი ეყრდნობა მოსამართლის ვარაუდებს და არა უტყუარ მტკიცებულებებს, რის გამოც, თავს ვალდებულად მივიჩნევ, მოგმართოთ გია გვიჩიანის შეწყალების თხოვნით.

ბატონო პრეზიდენტო, ის გარემოება, რომ გამოძიების მიერ დაშვებული შეცდომების გამო, თითქმის უპერსპექტივო გახდა ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმის გახსნა, საკმარისი საფუძველი არ უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანი სასჯელს იხდიდეს ვარაუდებზე დაფუძნებული განაჩენით. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, საქართველოში აუცილებლად დამკვიდრდება სამართლიანობის მაღალი სტანდარტი და გვიჩიანის საქმე ჩვენი თაობის სირცხვილად დარჩება. პრეზიდენტის ინსტიტუტი ამ სირცხვილს ვერ ჩამორეცხავს ქართულ სასამართლოს, მაგრამ უდაოდ შეუძლია, ღირსების დემონსტრირება სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანის შეწყალებით“, - წერს ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე.

„თელასის“ ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ ბინაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. როგორც მკვლელობის შემკვეთი, საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ „თელასის“ ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

საქეში აღმოჩენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განაახლა. For.ge-ს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს როგორც ნიკა ლომინაძის მკვლელობის მოტივზე, ასევე იმ პირების დასადგენად, თუ ვინ მოკლა „თელასის“ ფინანსური მენეჯერი, ვინ გააყალბა საქმის მასალები და ვინ დამალა დნმ-ის ანალიზი. განახლებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დაკითხა ბრალდებული გია გვიჩიანი, რომლის განცხადებით, პროკურატურას არავითარი მტკიცებულება არ აქვს, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს.

„საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება, გარდა აღიარებითი ჩვენებებისა, რომელიც წინააღმდეგობრივია და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელი მტკიცებულებაა. გარდა ამისა, თვითონ ამ ადამიანებმა შეცვალეს ჩვენება. იგივე პაპაჩაშვილმა განაცხადებით მიმართა სასამართლოს და თქვა, რომ თავის დროზე, მან მისცა არასწორი ჩვენება, ანუ მოიტყუა. 10 წელი მე და ნიკა ჩემია უდანაშაულოდ ვზივართ ციხეში.

დამკითხა პროკურატურამ, ასევე დაიკითხა პაპაჩაშვილიც, ვიღაცა სოდ-ის თანამშრომლებიც. პროკურორებმა მშვენივრად იციან, რომ ეს საქმე ტყუილებზეა აგებული. პროკურატურამ აღიარა, რომ თავის დროზე დამალა მტკიცებულება და ვნახოთ, რა იქნება. ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე ვარ დაპატიმრებული და იმანაც შეცვალა ჩვენება. პაპაჩაშვილს ჩვენება რომ არ შეეცვალა, ისედაც ცხადი იყო, რომ საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდზე იყო აგებული, რადგან დამაკავეს იმ მოტივით, რომ გადაეფარათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რომელშიც შსს-ს მაღალჩინოსნები და მინისტრის მეუღლე იყვნენ ჩართული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია გვიჩიანი.

ნიკა ლომინაძის ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა. ხოლო მკველობა სისრულეში მოიყვანეს ნიკა ჩემიამ და ავთანდილ ხერკელაძემ. რაც შეეხება გია გვიჩიანის საქმის წამოწევას, ნოდარ ლომინაძე ამას ადვოკატების დაინტერესებით ხსნის.