საკუთრება საკუთრების წილ!!!

საკუთრება საკუთრების წილ!!!

ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა, ყვარელში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიკავა, რომელიც დაყადაღებულია. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გრემის კულტურის სახლში, რომელიც 8 000 ლარად იყო შეფასებული, იძულების წესით, 700 ათასი დოლარი გადაახდევინა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამის თაობაზე მთავარ პროკურატურას მიმართა, თუმცა საქმე ამ დრომე გამოუძიებელია. მისივე განცხადებით, მანამ, სანამ მის კუთვნილ ქონებას არ მოეხსნება ყადაღა, არ აპირებს დატოვოს სააკაშვილის საცხოვრებელი სახლი.

ვალერი შოშიაშვილმა ექსპრეზიდენტის სახლის დაკავება გუშინ დააანონსა, თუმცა მას დაყადაღებულ სახლში სამართალდამცავების ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ, რომელთა განცხადებით, ბიზნესმენი, რომელიც კახეთში ნინო ბურჯანაძის პარტიას ხელძღვანელობს, ყოფილი პრემიერის დაკვეთას ასრულებს.

რა შემთხვევაში დატოვებს სააკაშვილის საცხოვრებელ სახლს და ვინ დგას მის უკან? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვალერი შოშიაშვილს ესაუბრა.

ბატონო ვალერი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაგეკავებინათ ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლი?

- მინდა გითხრათ, მე უკვე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პრეზიდენტის და პრემიერის ადმინსტრაცია გააკეთებს განცხადებას ჩემს საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე მაიძულეს, რომ ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი გადამეხადა. ისე გამომაცხადეს გამარჯვებულად, რომ აუქციონში მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა არც ნება და არც სურვილი, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულიყო. ამიტომ, ჩემს ოჯახთან ერთად ამ გზით დავიწყე სამართლიანობის აღდგენა.

და ფიქრობთ, რომ ამ გზით შეძლებთ სამართლიანობის აღდგენას?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მხოლოდ ასე თუ აღვადგენ სამართლიანობას. სანამ ბოლომდე არ აღვადგენ სამართლიანობას, არსად არ წავალ. ჩემს ოჯხათან ერთად დავრჩები აქ.

ბატონო ვალერი, თქვენთვის თუ იყო ცნობილი, რომ ქონება რომელიც თქვენ დაიკავეთ, დაყადაღებულია?

- ვიცოდი და ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემი ქონებაც ასევე არის დაყადაღებული. იმედია დღევანდელი ხელისუფლება აღნიშნულ ქონებას მოხსნის ყადაღას და გადმოფორმდება ჩემს სახელზე. ახლა ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები სააკაშვილის ვენახში.

სახლში შესვლას არ აპირებთ?

- ჯერჯერობით, სახლში შესვლას არ ვაპირებთ. შემდეგ ვანახოთ, რა იქნება.

ღია ცისქვეშ აპირებთ ცხოვრებას თუ გეგმავთ კარვის გაშლას?

- არავითარი კარავი არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ვიქნებით ღია ცის ქვეშ. ჩემთან ერთად იმყოფებიან ჩემი მშობლები, სიძე, დეიდა და ბიძაშვილები.

მაგრამ პირადი ჰიგიენის დაცვას როგორ აპირებთ?

- ვისარგებელებთ სააკაშვილის საპირფარეშოთი, რომელიც მას ეზოში აქვს.

თუ აცნობიერებთ იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის მოტივით, თქვენ თავად არღვევთ კანონს?

- არც ჩემი ქონების შეხების უფლება ჰქონია არავის, როდესაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წამართვეს. როგორც მოგახსენეთ, ველოდებოდი სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიე. გეთანხმებით და ვიცი, რომ ვარღვევ კანონს, მაგრამ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დამიტოვა.

თქვენ დააანოსნებული გქონდათ, რომ აპირებდით სააკაშვილის სახლის დაკავებას, როგორ ფიქრობთ რატომ არ შეგიშალათ ხელი პოლიციამ? მითუმეტეს, რომ საქმე ეხება სხვის საკითრებას, რომელიც დაყადაღებულია...

- ვერ გეტყვით. როდესაც მოვედი ჩემს ოჯახთან ერთად, აქ დამხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერები, მხოლოდ მათგან იყო წინააღმდეგობა. კერძოდ, აქ დამხვდნენ გიორგი ბოტკოველი და შაქრო ტერტერაშვილი, რომლებიც უხეშად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. თუმცა, ჩვენ არ ავყევით ამ პროვოკაციას. ასევე, აქ იყვნენ დეპუტატები - ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი, რომლებთანაც შეხვედრა მოვითხოვე, მაგრამ ისინი მიხეილ სააკაშვილის სახლის უკანა კარიდან გაიპარნენ.

რატომ მოითხოვეთ მათთან შეხვედრა?

- როდესაც ჩემს წინააღმდეგ უკანონობა ხორციელდებოდა, მაშინ კახეთის გუბერნატორი იყო გიორგი ღვინაშვილი.

უმცირესობის წევრების განცხადებით, ამ შემთხვევაში თქვენ ასრულებთ ბიძინა ივანიშვილის დავალებას და მიზანმიმართულ შანტაჟს აწყობთ, რაც პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის განცხადებასთან, რომ ის აუცილებლად ჩამოართმევს ქონებას ბიძინა ივანიშვილს...

- არავის დავალებას არ ვასრულებ. ნამდვილად, ვერავინ ვერ დამსდებს ბრალს იმაში, რომ მე ხელისუფლების რომელიმე წევრს შევხვედროდი, ან ვიცნობდე რომელიმე მათგანს. ასეთი რამ არ არსებობს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოდვა, რადგან თავს სხვანაირად ვერ იმართლებენ. მე ვითხოვ დაუყოვნებლივ მოეხსნეს ყადაღა-გირავნობა ჩემს ქონებებს და მხოლოდ ამის შემდეგ გავანთავისუფლებ სააკაშვილის ქონებას.

გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ არღვევთ კანონს, თუ ელოდებით სამართლებრივ რეაგირებას თქვენს წინააღმდეგ?

- სამი წელია რეაგირებას ველოდები - ბექა ბასილია, რომელიც დღეს ადვოკატობს, დაკავებული უნდა იყოს. ასევე, დაკავებული უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩემს საქმეში ფიგურირებენ, მაგრამ ამაზე რეაგირება არ არის. პროკურატურა დამკრძალავ ბიუროდ არის ქცეული, გვამების თვლაში არიან მხოლოდ. სამე წელი დასჭირდა პროკურატურას, რომ ისეთი უსუსური და არაფრისმთქმელი საქმეები გამოეძიებინათ, რომლებზეც პროკურატურამ განცხდება დღეს გააკეთა. თუ სამი წელი დასჭირდა 5 საქმის გამოძიებას, ნამდვილად 2 წელი ვერ მოასწრებენ სხვა საქმეების გამოძიებას, რადგან ორ წელში მათ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ეწურებათ.

5 სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დღეს გახსნა პროკურატურამ არ იყო პრიორიტეტული საქმე?

- კონკრეტულად არც ერთი პირი არ დაუკავებიათ, ეს იყო უბრალოდ მშრალი განცხადება. იქედან გამომდინარე, რომ მე სააკაშვილის სახლში შეჭრა დავააანონსე, პროკურატურამ მიიღო დავალება, რომ რაიმე ქმედება განეხორციელებინათ და გააკეთეს ეს უსუსური განცხადება.

თუ გაქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა თქვენი საქმის გამოძიება?

- არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არავინ არ შემხმიანებია არც ახალი დეპარტამენტიდან. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დეპარტამენტი ჩანასახშივე იყო ტყუილი, რადგან ეს დეპარატამენტი არ არსებობს.