მთავარმა პროკურატურამ ქონების იძულების წესით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში შსს-ს კუდ-ის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
ვინაიდან კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს კონსტანტინე არჩაიას დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის. დეპარტამენტი სწავლობს იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენთა გამოძალვის სხვა ფაქტებს, სადაც ასევე ფიგურირებს კონსტანტინე არჩაია.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აგვისტოში არჩაიამ გამომდინარე იქედან, რომ ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, უკანონო დავალება მისცა მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდ-ის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს „ლაგი“-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ, ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. ბიზნესმენმა ჭეიშვილის მოთხოვნის საფუძველზეც 15 000 ლარი ჩარიცხა კუდ-თან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა.
ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მორიგი გამოძალვა შპს „ლუქსი“-ს წარმომადგენლების მიმართაც განახორციელა. კერძოდ, მისი დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდ-ის შენობაში დაიბარა შპს „ლუქსი“-ს დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მასაც სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. კომპანიის წარმომადგენლების მიერ გადახდილ იქნა 100 000 ლარი, რაც ჭეიშვილმა მისივე ხელმძღვანელს არჩაიას გადასცა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კუდ-ის მაღალჩინოსანის უკანონო ქმედებების მსხვერპლნი და აიძულეს დამატებით შეეწირათ 10 000 ლარი.
გარდა ამისა, ჩატარებული გამოძიებით, გახსნილ იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის სამი ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურასა და შსს რაიონულ სამმართველოში, სამივე ამ შემთვევაში, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონდა საერთო ნიშნები, ხასიათი და ხელწერა, ისინი მოქმედებდნენ ქონების იძულებით დათმობისა და ჩარმოთმევის მსგავსი სქემებით, რაც ხორციელდებოდა მათი ზემდგომი თანანმდებობის პირების მითითებით და დანაშაულებრივი კონტროლქვეშ.
კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ერთ შემთვევაში, 2010 წლის ივნისის თვეში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ავტომანქანის სარკის ქუდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ თენგიზ ბურჯანაძე. პროკურატურის ხელმძღვანელმა თანადებობის პირმა, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და აყიდინა ავტომანქანა „ტოიოტა ავენსისი 1.8“, რომლის ღირებულება იყო 21 000 დოლარი, ასევე 47 197 ლარად ღირებული „ჰიუნდაი სონატას“ შესყიდვა, რის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.
მეორე შემთვევაში, 2010 წლის ოქტომბერში, შსს რაიონული სამართველოს თანამშრომლებს ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ გიორგი ჭოხონელიძე. საქმის ზედამხვედველმა რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ბრალდებულის ძმა - ლაშა ჭოხონელიძე დაიბარა პროკურატურაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოსთხოვა და აყიდინა 47 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ავტომანქანის შესყიდვის და დათმობის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, პირობით მსჯავრზე და მას დაეკისრა ჯარიმა 5 000 ლარი.
ანალოგიური მოხდა მესამე შემთხვევაშიც, როდესაც 34 000 დოლარად ღირებული „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ ყიდვის და დათმობის შემდგომ ბრალდებულებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული ავტომანქანით პოლიციის მაღალჩინოსანი სარგებლობდა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობისა და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, არ სახელდება იმ სამი საჯარო მოხელის ვინაობა, რომლებიც აიძულებდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრებს საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ შეესყიდათ ავტომანქანები, ორის მიმართ გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ ამ სამი საჯარო მოხელის ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს დავალების გამცემი შსს და პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანადებობის პირების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე და ამ შემთხვევაში დავალების გამცემი პირების მიმართ გამოყენებულ იქნება მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა“, - აცხადებს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე.
ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ხუთივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება დაზარალებულების დარღვეული უფლება. პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული და დათმობილი ავტომანქანები, რომელთაგანც ორი ავტომანქანა ირიცხება პროკურატურის ბალანსზე, ხოლო ორი ავტომანქანა შსს-ს ბალანსზე.
მისივე თქმით, ახალი დეპარტამენტი აგრძელებს ინტესიურ მუშაობას ქონების უკანონოდ ჩარმორთმევის სხვა ფაქტების გამოსავლენად. თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ქონების დაბრუნებას ბიზნესმენი, კომპანია „მაგნატი 2006“-ის დამფუძნებელი, ჯემალ ლეონიძე, რომელიც ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობდა და, ყოფილი ხელისუფლების წყალობით, დღეს უსახლკაროდ არის დარჩენილი.
„უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი უნდა გადაწყვიტოს კანონმა. კანონი კი, ჩვენს ქვეყანაში არ არის. პროკურატურამ ჩემს საქმეზე გამოძიება დაასრულა, მაგრამ შედეგი არ არის დადებული. პროკურატურას ამ დრომდე არ გაუკეთებია შემაჯამებელი დასკვნა ჩემს სტატუსთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ ვარ დაზარალებულად ცნობილი. ჩემი საქმე გადეცა ახალ დეპარტამენტს. ორი დღის წინ კიდევ ერთხელ მივმართეთ ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ 10 დღის ვადაში მოგვცენ პასუხი, რა მდგომარეობაშია ჩვენი საქმე, ველოდებით ნადარეიშვილისგან პასუხს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯემალ ლეონიძე.
ანალოგიური მდგომარეობაა ბიზნესმენ ნოდარ მოსულიშვილთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ქონების დაბრუნების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა ეტაპზეა მისი საქმე.
„არაფერიც არ ხდება, გარდა იმისა, რომ ერთი ინსტანციიდან მეორე ინსტანციზე ხდება საქმის გადაგზავნა. ხვეწნა-მუდარა მიწევს იმისათვის, რომ დაიწყონ გამოძიება, მეუბნებიან, რომ აშკარად არის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ მეტი არაფერი არ ხდება. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გახსნილ საქმეს, რაც პროკურატურისგან მოვისმინე, აქ საუბარია მხოლოდ გამოძალვის ფაქტზე, რომელშიც ჩართული იყო იმერეთის კუდ-ის უფროსი. ღმერთმა ქნას, რომ მართლა დაიწყოს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნოდარ მოსულიშვილი.