ვნებათაღელვაა სოციალურ ქსელებში, ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მღელვარება, გულშემატკივრობა „არსენალის მთის“ საქართველოში დაბრუნებისთვის და ამ მიზნით ფულის შეგროვების მცდელობა - „დავდოთ ერთი დოლარი 1 000 000-მა მოქალაქემ და დავიბრუნოთ ფიროსმანის ფერწერა!“
ხალხს თანხის შეგროვება არ დასჭირვებია. ფიროსმანის ტილო უკვე საქართველოშია, ყოფილმა პრემიერმა - ბიძინა ივანიშვილმა იგი „კრისტის“ აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
საქართველოში დაბრუნებამდე ფიროსმანის აღნიშნულმა ტილომ დასავლურ სამყაროში „იმოგზაურა“. 1957 წელს ფიროსმანის ეს ნახატი საბჭოთა მთავრობამ 60 წლის იუბილეზე აჩუქა ფრანგ კომუნისტ მწერალ ლუი არაგონს, თუმცა საბოლოოდ, კრისტის აუქციონზე მოხვედრამდე „არსენალის მთამ“ არაერთი მფლობელი გამოიცვალა.
ნიკო ფიროსმანმა „არსენალის მთა ღამით“ 1907-1908 წლებში მედუქნე ნიკო ბაიაძის დაკვეთით დახატა. მოგვიანებით ნამუშევარი ფიროსმანის ბევრ სხვა შედევრთან ერთად კირილ ზდანევიჩის კოლექციაში აღმოჩნდა. ზდანევიჩმა ფიროსმანის ნახატები საბჭოთა ხელისუფლებას გადასცა, ამის შემდეგ მისი ახალი მფლობელი გახდა ზემოხსენებული მწერალი ლუი არაგონი.
ფიროსმანის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის მკვლევარი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი იხსენებს, რომ ლუი არაგონის მეუღლის - ელზა ტრიოლეს დამ, ლილია ბრიკმა, რომელიც იყო მაიაკოვსკის მუზა და, იმავდროულად, მეგობრობდა მხატვრთა წრესთან, ურჩია მასპინძლებს, არაგონისათვის ეჩუქებინათ მისთვის საყვარელი მხატვრის ფიროსმანის ნამუშევარი. მართლაც, არაგონი დაასაჩუქრეს ფიროსმანით. წლების შემდეგ ღრმად მოხუცებულ ლუი არაგონსაც კი დაკარგული ეგონა ეს ნამუშევარი. თუმცა რეზო თაბუკაშვილმა მისი სახლის ერთ-ერთ ოთახში მიაკვლია ბუხარზე დადებულ „არსენალის მთას“ .
სხვათა შორის, ლუი არაგონი ფიროსმანის ფერწერას მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა. მანვე „ლეტლ ფრანსეზში“ გამოაქვეყნა სტატია „უცნობი საქართველოდან“, სადაც წერდა, რომ 1862 წელს კახეთის სოფელში დაბადებული მომავალი მხატვარი, სრულიად უცოდინარი ბავშვი ფერწერის უდიდესმა სურვილმა შეიპყრო და შემდეგ ამ ბავშვმა, რომლის დიდებაც წლების მანძილზე ქუჩის სკანდალებით იყო შემოფარგლული, უცნაურად შეაბიჯა ლუვრში.
„შემიძლია ნიძლავი დავდო, რომ ფიროსმანს ჩვენთან გულუბრყვილო მხატვრად მიიჩნევენ, მაგრამ ხომ იგივე შეიძლება ვთქვათ კურბეს ზოგიერთ ტილოზე, სეზანსა და გოგენზე, რადგან ეს მხატვრები რომელიმე სკოლის მიმდევრები არ იყვნენ“, - წერდა ლუი არაგონი და თავის სტატიას სადღეგრძელოთი ამთავრებდა: „ამ ჭიქას მე ფიროსმანის თანამემამულეებთან ერთად ვწევ, იმათთან ერთად, ვინც ქართულ დიდებას განასახიერებს – რუსთაველიდან ბარათაშვილამდე, წერეთლამდე, ტიციან ტაბიძემდე, XII-იდან XX საუკუნემდე, ჭიქას ავწევ აქ მყოფ ქართველ მეგობრებთან ერთად… და მათი წეს-ჩვეულების თანახმად, შევსვამ ფიროსმანის სადღეგრძელოს… გაუმარჯოს უცნობს საქართველოდან. ასე მტერი დაგეცალოთ – ფიროსმანს გაუმარჯოს“.
ლუი არაგონის გარდაცვალების შემდეგ „არსენალის მთის“ კვალი კიდევ ერთხელ დაიკარგა. ჟურნალისტმა ნელი კობიაშვილმა მას ერთ-ერთ მწერალთან მიაკვლია და გაყიდვა შესთავაზა. როგორც ჩვენთან საუბარში ნელი კობიაშილი წლების წინ ყვებოდა, „საუბარი იყო მხოლოდ 300 ათას ევროზე. ყოველი შემთხვევისთვის, გოკა გაბაშვილს მივუტანე ამ ნამუშევრის რეპროდუქცია და ვაჩვენე. მამამისსაც ვთხოვე, რაღაცნაირად ემოქმედა, რომ ეს ნიმუში არ დაგვეკარგა საქართველოსთვის. სამწუხაროდ, მათგან პასუხიც არ მიმიღია. ამდენ ხანს ვინ შეგვინახავდა უნიკალურ ტილოს? ასე რომ, დავკარგეთ, იმ დროს მილიონ 800 ათასად გაიყიდა აუქციონზე“.
ახლახანს კი კრისტის აუქციონზე რატომღაც რუსული მხატვრობის სტატუსით წარდგა ფიროსმანი, ისევე, როგორც 2007 და 2010 წლებში სოტბისა და მაკდუგალის აუქციონები სწორედ რუსული მხატვრობის სექციით გამოიარა. ქართველი სპეციალისტები სწორედ ამან აღაშფოთა და კითხვები ჩვენი კულტურის სამინისტროს მისამართითაც დაგროვდა - რატომ ვერ აუხსნა ჩვენმა კულტურის უწყებამ უცხოელებს, რომ ფიროსმანი არა რუსი მხატვარი, არამედ ქართველი მხატვარია? ნუთუ ვოიაჟებში გადაყრილი უამრავი თანხა არ ღირდა იმად, რომ ფიროსმანის რეალური წარმომავლობის შესახებ დასავლურ პრესაში ერთი სტატია მაინც დაბეჭდილიყო?! მით უმეტეს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და სწორედ ასეთ დიდ აუქციონებზე რუსული მხატვრობის კატეგორიაში გაიყიდა ლადო გუდიაშვილი, გიგო გაბაშვილი...
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია კრისტის აუქციონზე ფიროსმანის ტილოს გაყიდვასთან დაკავშირებულ თემებს ეხმიანება და „ფობიას“ უწოდებს იმ აკვიატებას, რომ ტილო მაინცდამაინც საქართველოს უნდა დაბრუნებოდა. For.ge-სთან საუბარში სოფო კილასონია აცხადებს, რომ ამ ლოგიკით, ფრანგული კულტურაც უნდა იყოს საფრანგეთში და პიკასო და ფრანგი იმპრესიონისტები არ უნდა იყვნენ მსოფლიოს დიდ მუზეუმებში.
„კრისტი იქნება ეს, თუ სოთბის აუქციონი, იქ პროცესებს თვალს ადევნებენ ისეთი დიდი კოლექციონერები, რომლებიც აწესებენ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში ღირებულებებს. ამაოდ ინერვიულა ქართულმა საზოგადოებამ. სანერვიულო არც მაშინ იქნებოდა, თუკი ეს ნამუშევარი წავიდოდა და გასხვისდებოდა სხვა ქვეყანაში და დარჩებოდა ევროპაში. როგორც კულტურის პოლიტიკის მკვლევარი, გეტყვით, რომ ნიკო ფიროსმანაშვილი ღირსია, ადგილი დაიდოს ევროპული და დასავლური კულტურის მაჩვენებელ კოლექციებში. ფიროსმანის ნამუშევრები იმაზე ბევრი გვაქვს, ვიდრე სხვა მხატვრის, მაგალითად, დავით კაკაბაძის. საკმარისია ბირთვი და მნიშვნელოვანი კოლექცია გვქონდეს საქართველოში.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა ფული ჩადონ არა ფსევდოპატრიოტული ვნებების დაკმაყოფილებისა და პიარქულების დაწერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეს მილიონნახევარი დახარჯულიყო ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის ისეთ გავლენიან სივრცეებში, როგორიცაა კრისტის სააუქციონო სახლი და სხვა.
რიტორიკულ კითხვას ვსვამ, ერთი თეთრი მაინც დაიხარაჯა იმისთვის, რომ კრისტის ექსპერტებთან ქართველ ექსპერტებს ან სამინისტროს წარმომადგენლებს ერთი შეხვედრა მაინც გაემართათ?! ის, რომ კრისტის აუქციონზე არ არსებობს ქართული ან კავკასიური ხელოვნების დეპარტამენტი და, შესაბამისად, ეს ნამუშევარი გავიდა რუსული ხელოვნების კატეგორიაში, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს არ უფიქრია, ქართული ხელოვნებისა და მხატვრობის ღირებულების გაზრდაზე საერთაშორისო სივრცეში, არ უფიქრია კრისტისთან კომუნიკაციაზე. სამაგიეროდ, ჩვენი სამინისტროდან დელეგაციები მსხვილ-მსხვილად დადიან ნებისმიერ ღონისძიებაზე ლონდონში, პარიზში, როცა რომელიმე ფოლკლორული ანსამბლი ღია ცის ქვეშ ქალაქში ცეკვავს, საქართველოს დელეგაციები ეცნობიან ქალაქს და აქვთ ერთი მხიარულება. არც კავკასიური სამეზობლო პოლიტიკა არ არის ისე ძლიერი, რომ კავკასიის ქვეყნებმა ერთად წარმოაჩინონ კავკასიის ხელოვნება“, - აღნიშნა სოფო კილასონიამ.
მისივე თქმით, საყდრისი ერთადერთი იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელმაც გაისროლა მილიონნახევარი იმისთვის, რომ დაებრუნებინა ფიროსმანის კიდევ ერთი ნამუშევარი, საყდრისს ცრუ კულტურა უწოდა და ამის დასაბალანსებლად გუშინ დააცხრო ქართველების პატრიოტული სულისკვეთება, რისი საჭიროებაც არ იყო.
„დაე, გაყიდულიყო ევროპაში. ფიროსმანი იმსახურებდა, ყოფილიყო ევროპელი დიდი კოლექციონერების კოლექციაში“.
ხელოვნებათმცდნე გოგი ხოშტარია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ფიროსმანის ტილო და საქართველოს დაუბრუნა.
„სამწუხაროდ, რუსული ხელოვნების სექციაში იყო გამოფენილი ფიროსმანის ნამუშევარი. ამის გამო არაერთგზის გამოვედი ტელევიზიით და ვთქვი, რომ ამაზე უნდა იზრუნოს კულტურის სამინისტრომ, რადგან იქ ქართული ბლოკი არ არის და რუსული სექციიდან იყიდება ჩვენი ტილოები. რა თქმა უნდა, კულტურის სამინისტროსადმი არის პრეტენზიები, მათ ბევრად უფრო ადრე, ამ მინისტრამდეც უნდა ეფიქრათ და ემუშავათ ამ მიმართულებით, ამიტომ არსებობენ იქ შტატები. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როგორც გაიყიდა ეს ტილო, სულაც არ არის დაბალი ფასი, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, მაგრამ საერთოდ, ამაზეც საჭიროა სპეციალური მიდგომა, რომ ფიროსმანის ფასი აიწიოს“, - აღნიშნა გოგი ხოშტარიამ.