ეროსი კიწმარიშვილი: „სააკაშვილმა შარდი პირველმა ჩააბარა“

ეროსი კიწმარიშვილი: „სააკაშვილმა შარდი პირველმა ჩააბარა“

For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.

14 ნოემბერს ოპოზიციამ ქუჩაში 50 ათასი კაცი გამოიყვანა. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია, რომელიც 22 ნოემბრამდე გაიმართა.

15 ნოემბერს შიმშილობის აქცია შეწყდა და ოპოზიცია ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად რეგიონებში გაემართა. შევარდნაძემ კიდევ ერთი არაადექვატური გამოსავალი მონახა და ოპოზიციას რამდენიმე მეორე ხარისხოვანი საპარლამენტო კომიტეტის დათმობას დაპირდა. ცხადი, იყო, რომ შევარდნაძე სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ როგორ ძულდა ხალხს მისი მმართველობა. მისი გარემოცვა კი მაამებლურად ამშვიდებდა, რომ არაფერი სერიოზული ოპოზიციის ძალისხმევას არ მოყვებოდა. ამის გამო შევარდნაძე არაფრის დათმობას არ აპირებდა. იგი ბათუმში ასლან აბაშიძეს ესტუმრა და იქ მიიღო გარანტია, რომ ასლანი მას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენდა. შესაძლოა, რომ ორი „ბაბუ“ გარიგდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ასლანის კანდიდატი დაიკავებდა. ამ შეხვედრის შემდეგ ასლანის მხარდამჭერები გააქტიურდნენ და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

19 ნოემბერს „ახალი მემრჯვენეების“ მაჩვენებელი 6,9 პროცენტი გახდა. ცხადია, ხელისუფლება „ახლების“ პარლამენტში შესაყვანად ბადრის თანხაზე ევაჭრებოდა. თუმცა ცესკო-ს ეს მცდელობა ნათელაშვილმა გააპროტესტა და გამოაცხადა, რომ თუ „ახლები“ პარლამენტში შევიდოდნენ, მაშინ ლეიბორისტები პირველ სხდომას არ დაესწრებოდნენ.

19 ნოემბერს სამთავრობო თათბირზე შევარდნაძემ პირველი არხის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია გააკრიტიკა და მას უსაყვედურა, რომ ხელისუფლების ინტერესს „მზე“ და „იმედი“ უფრო იცავდნენა, ვიდრე სახელმწიფო ტელეკომპანია. ეს ტელეკომპანიები ცდილობდნენ, მიტინგები ისეთი რაკურსით გადაეღოთ, რომ მიტინგზე რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო, ამით ხელისუფლების დაკვეთას ახორციელებდნენ. ზაზა შედარებით, ნეიტრალურად აშუქებდა პროცესებს, თუმცა მარტო ეს არ იყო შევარდნაძის გაბრაზების მიზეზი.

საქმე ისაა, რომ ნოემბრის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე მე ზაზა შენგელიასთან და მის მოადგილე კახა ბექაურთან ერთად სარეკლამო კომპანია „მაგი მედია“ დავაფუძნე. ეს კომპანია ფლობდა „რუსთავი 2“-სა და პირველ არხზე რეკლამის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას და შევარდნაძეს ენა მიუტანეს, რომ შენგელია ეროსი კიწმარიშვილის ბიზნეს-პარტნიორიაო. ამიტომ წამოაძახა შევარდნაძემ შენგელიას, რომ ან ჩვენსკენ იყავი ან იმათკენო. ზაზა გადადგომას აპირებდა, თუმცა ტელევიზიაში ავთო ჯორბენაძემ მიაკითხა და მოთხოვა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა, ვინაიდან სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა. იგივე არგუმენტით, მე შენგელიას გადადგომა მოვთხოვე და მან გადადგომა ამჯობინა.

19 ნოემბერსვე ვაკის სასამართლომ ქურდულად ჩაატარა სასამართლო სხდომა და ანტიმონოპოლიურ სამსახურს სარჩელი დაუკმაყოფილა: ჩვენ „კმარას“ რეკლამის გაშვების გამო 130 ათასი დოლარით დაგვაჯარიმა. დღეს ამ ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი უფროსი არმაზ თავაძე სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ მიშა სააკაშვილის ბიზნეს პარტნიორია!

20 ნოემბერს ცსკო-მ პროპორციული წესით არჩევნების საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 18,8; „ახალი საქართველოსთვის“ - 21,58; „ლეიბორისტები“ – 12; „აღორძინება“ - 18,84; „ბურჯანაძე-დემოკრატები“- 8,75; „ახალი მემარჯვენეები“ - 7,35; „მრეწველები“- 6,17.

ამ პერიოდში ბრძოლა პარლამენტის თავმჟდომარის პოსტისთვის პიკს აღწევს. ბადრი პატარკაციშვილი ვაჟა ლორთქიფანიძეს, ხოლო ასლან აბაშიძე - ჯემალ გოგიტიძეს ლობირებდნენ. ჯემალ გოგიტიძემ ბადრი პატარკაციშვილისთვის რიტუალების სასახლის ჩამორთმევა და მისი ლტოლვილებისთვის გადაცემა მოითხოვა, ვითომ ძალიან აწუხებდა ამ ხალხის ბედი. მეტიც, გოგიტიძე ბადრის საქართველოდან გასახლებას ითხოვდა, ძებნილია და რუსეთს გადავცეთო. ამ ბრძოლის ერთადერთი მიზეზი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი გახლდათ, ანუ ეს პოსტი ბადრის და ასლანს პრეზიდენტად გახდომისთვის ტრამპლინად ესაჭირეობოდათ.

20 ნოემბერს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც ამ უკანონოდ არჩეულ პარლამენტს ვითომდა ბოიკოტს უცხადებდნენ, დეპუტატის მანდატის მისაღებად აუცილებელი სამედიცინო შემოწმება გაიარეს. როგორც ვიცი, ჟვანია-ბურჯანაძის ჯგუფიდან შარდის ანალიზი მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძეს არ ჩაუბარებია. გია ბარამიძე აცხადებდა, რომ შარდის ანალიზი იმის დასამტკიცებლად ჭირდებოდა, რომ ნარკომანი არ იყო. ვითომ ვინმე ადანაშაულებდა, რომ როდესმე ნარკომანი იყო. სააკაშვილმა 20 ნოემბერს პირველმა ჩააბარა შარდი და ამის შემდეგ გაემართა დასავლეთში საპროტესტო ელექტორატის თბილისში ჩამოსაყვანად.

საკაშვილი საპროტესტო აქციების ლიდერი გახდა. მან თბილისზე მარში წალენჯიხიდან დაიწყო. ჩვენ მის ყოველ გადაადგილებას პირდაპირ ეთერში ვაჩვენებდით: აი, მიშა მომხრეებთან ერთად წალენჯიხიდან გამოვიდა, შევიდა ზუგდიდში, ქუთაისში და ა.შ.

21 ნოემბერს, საღამოს, მიშა გორში ჩავიდა. გორიდან მიშას ყველაზე მეტი 200 ავტომანქანა გამოჰყვა, სადაც ჰა-ჰაა 1000 მომხრე თუ იქნებოდა. ამასთან ეს კოლონა სავალი ნაწილის ორივე ზოლზე ნელი სვლით მოძრაობდა, ის ავტომანქანებიც იძულებით შეერიათ რომლებთა მძღოლებს აქციასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. მცხეთასთან მოახლოებულ კოლონას ჩვენი ოპერატორი ბაქარ შარაშენიძე ჯვრის მონასტრიდან იღებდა და მართლა შთამბეჭდავი სურათი გამოვიდა: ჩაბნელებულ ტარასაზე წინ მოიწევდა სინათლის გველეშაპი. „რუსთავი 2“-ის მეშვეობით თბილისელებმა დეტალურად იცოდნენ ავტოკოლონის გადაადგილების მარშრუტი და დიდი დიღმის, დიღმის მთელი მოსახლეობა მათ დასახვედრად ქუჩებში გამოეფინა. 21 ნოემბერს მე კიდევ ერთხელ ვაჩვენე ფილმი სერბულ რევოლუციაზე, მუდმივად კადრში იყო სააკაშვილის ავტოკოლონა და მეორე დღისით დედაქალაქის ათეულ ათასობით მოსახლეობა და მთელი რეგიონები თბილისში ჩამოვიდნენ.

ჟვანიას იდეა იყო, რომ კანცელარია მანამ მოგვექცია ალყაში, ვიდრე შევარდნაძე არ გადადგებოდა. სამი დღე რომ კანცელარიაში ვერ შევა გადადგებაო - ამბობდა ზურა. მე და დვალი ვამბობდით, რომ თავისუფლების მოედნიდან პარლამენტისკენ დავძრულიყავით, რომ შევარდნაძეს სხდომა არ ჩაეტარებინა. ვისაც უნახავს ეს კადრები, იოლად დარწმუნდება, რომ ზურა მომიტინგეებთან ერთად რუსთაველის პროსპექტიდან კანცელარიისკენ მიემართებოდა. მე 8 მონიტორი მქონდა ჩართული და ყველაფერს ვხედავდი, რა ხდებოდა პარლამენტში, პარლამენტის წინ თუ ოპოზიციურ მომიტინგეებთან. ყველას დავხაოდი, რომ პარლამენტისკენ, პარლამენტისკენ წადით, სხდომა უკვე იკრიბება მეთქი.

შევარდნაძის პრობლემა ის იყო, რომ ბოლო მომენტში გამყრელიძემ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა. სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრეც კი ის პარლამენტში არ მიდიოდა. არადა, მის გარეშე ქვორუმი ვერ იკრიბებოდა, ნათელაშვილი გაცხარებული იყო, რომ “ახლებს” და “ბურჯანაძე-დემოკრატებს” საარჩევნო ბარიერი გადაალახვინეს და ის თვლიდა, რომ ამის გამო მას უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატები. ამიტომ პირველ სხდომას არც ნათელაშვილის ფრაქცია ესწრებოდა.

„ახლების“ ოფისში, სადაც დეპუტატების გარდა ჟურნალისტებიც მრავლად იმყოფებოდნენ, მოულოდნელი ზარი დაირეკა და ამ ზარის შემდეგ გამყრელიძემ აზრი შეიცვალა: მან გამოაცხადა, რომ სხდომას უნდა დაესწრონ. პირველად პარლამენტში ბადრის დები გავარდნენ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, გამყრელიძეს იმ სატელეფონო საუბრისას დაპირდნენ, რომ კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ, იგი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა.

ამასობაში სააკაშვილმა, დაცვის კორდონი გაარღვია და პარლამენტში შეიჭრა. დღემდე ვფიქრობ, რომ პარლამენტში მისი შეჭრა შევარდნაძის დაცვის ყოფილი უფროსის, სულხან პაპაშვილის დამსახურებაა. პაპაშვილი რევოლუციამდე ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობდა. ამ ქმედების სანაცვლოდ, მან არამარტო ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო, არამედ რევოლუციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 31 ქარხანა კონსიგნაციის წესით შეიძინა.

იმისათვის, რომ პარლამენტში შეჭრილ ხალხს ეჩვენებინა, რომ შეუიარაღებლები იყვნენ, დათო მუმლაძემ მოიფიქრა, ხელში ვარდები დაეჭირათ და ხელებაწეულები შესულიყვნენ სხდომათა დარბაზში.

შევარდნაძე ამ დროს ციფრულ განხეთქილებაზე საუბრობდა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ქვეყანას არავინ მართავდა.

შევარდნაძე გაიქცა. სააკაშვილი გმირი და უკვე მომავალი პრეზიდენტი გახდა. მე და დვალმა მაშინვე თავში ხელი შემოვირტყით: ახლა დაგვერხა, ეს გადარეული პრეზიდენტი გახდება.

თუმცა მაგის დრო არ იყო, რევოლუცია ბოლომდე უნდა მიგვეყვანა. მოგვიანებით, ზურა ჟვანია მიყვებოდა, რომ პარლამენტში ერთ ერთ კაბინეტში ტახტზე მეძინა, გასაღვიძებლად შემანჯღრიეს და ვხედავ თავზე იგორ ივანოვი მადგასო.

სააკაშვილიც დაიბნა - გავგიჟდი, როცა გავიგონე, რომ მიტინგზე ვიღაც სიტყვით რუსულად გამოდიოდა. ჩავედი და ვხედავ - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. მოკლედ, არავინ იცოდა, რა მიზნით ჩამოვიდა თბილისში იგორ ივანოვი, თუმცა მას არ სურდა იმ შედეგის მიღება, რომელიც ვარდების რევოლუციამ მოიტანა. შევარდნაძის გადადგომიდან მესამე დღეს მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში არანაირი ხავერდოვანი რევოლუცია არ მომხდარა და ეს გადატრიალება ქართველ ხალხს კარგს არაფერს მოუტანსო.

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფი ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არ იყო, ან საიდან უნდა ყოფილიყვნენ მზად, როცა სააკშვილის პარტიაში ყველაზე გამოცდილი ადამიანი ვანო მერაბიშვილი იყო. შევარდნაძის უნიათობით მათ ძალაუფლება პირდაპირ ციდან ჩამოუვარდათ.

ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, ის იყო, რომ ხელისუფლების სათავეში ზურა ჟვანიაც მოვიდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადრე თუ გვიან ზურა მიშას აუცილებლად „შეჭამდა“. ზურას სიკვდილამდე მის გარემოცვას ჰქონდა განცდა, რომ ის იმდენად ძლიერი იყო, მტკვარს თუ ეტყოდა აღმა წადიო, მდინარე აღმა წავაო. თუმცა ყველაფერი ასე არ განვითარდა.

რევოლუციის შემდეგ

შევარდნაძის გადადგომიდან მეორე დღეს, პარლამენტში გიგი წერეთლის კაბინეტში მე, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე შევიკრიბეთ. ბურჯანაძეს თან ახლდა მეუღლე - ბადრი ბიწაძე. შეხვედრის ინიციატორი ზურაბ ჟვანია გახლდათ.

მას სურდა, რაც შეიძლება მალე გაერკვია თავისი სტატუსი. პრეზიდენტი სააკაშვილი ხდებოდა, ჟვანია - პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მას არ სურდა შევარდნაძის პერიოდის სახელმწიფო მინისტრის მსგავსი უფლებები ჰქონოდა. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა. უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობები ამგვარად გადაინაწილეს და მერე სამივენი ჩემკენ შემობრუნდნენ და ჟვანიამ მკითხა - შენ რა გეგმები გაქვს? მეკითხებოდნენ, ჩვენ თანამდებობი დავინაწილეთ და შენ რა გსურს? “არაფერი არ მინდა. რა ბედნიერებაა, რომ ერთი მეგობარი პრეზიდენტი მეყოლება, მეორე - პარლამენტის თავმჯდომარე და მესამე - პრემიერ-მინისტრი. მე ბიზნესს გავაგრძელებ. ერთადერთი, როგორც მედია-საშუალების წარმომადგენელი, გთავაზობთ: მე ვიზრუნებ, რომ თქვენ დაიცვათ თქვენივე შეთანხმება თანამშრომლობაზე. თუკი რომელიმე თქვენგანი უსამართლოდ დაუპირისპირდება მეორეს, მე ტელევიზიის საშუალებით უსამართლოდ დაჩაგრულს გამოვექომაგები,” - ვუპასუხე და ესენი ჩემს წინადადებაზე დათანხმდნენ.

ჩემი გავლენიდან გამომდინარე, შემეძლო მომეთხოვა ვიცე-პრემიერის ორი პორტფელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ორი პოსტი და საპარლამენტო ფრაქცია, ულაპარაკოდ დამთანხმდებოდნენ. თუკი მოვინდომებდი, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრიც გავხდებოდი. Aამის გამო ჟვანია დამიპირისპირდებოდა, მაგრამ ჩემს უკან უზომოდ პოპულარული ტელეკომპანია იდგა, საპარლამენტო არჩევნების წინ უზარმაზარი რესურსი გამაჩნდა, რომელსაც, თუ გამოვიყენებდი, ამ ჯგუფს სერიოზულად დავაზარალებდი. სააკაშვილი პრეზიდენტი ულაპარაკოდ გახდებოდა, მაგრამ ამ პერიოდში ჟვანიას რა რესურსი ჰქონდა? არც არაფერი. მას საპარლამენტო ფრაქციაც არ გააჩნდა.

მე არაფერი მომითხოვია, “რუსთავი 2”-ში დავრჩი. ეს არ გახლდათ ჩემი შეცდომა, ეს იყო ჩემი პოზიცია, რომელმაც ამ რევოლუციისთვის გულწრფელად ყველაფერი გავიღე.

მართალია, წიგნებიდან ვიცოდი რევოლუციის შემდეგ იაკობინელების ბედის თაობაზე, თუნდაც 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, მაგრამ მე ამ დიალექტიკას უნდა გავქცეოდი. რევოლუციის სხვა ლიდერებს ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერი გავუკეთე და აქედან არაფერი მიმიღია და ესენი რატომ უნდა გამხდარიყვნენ ჩემი მტრები?

24 ნოემბერს ხელისუფლება ჰაერში იყო გამოკიდებული. შევარდნაძე გადადგა, მაგრამ ჯარი და პოლიცია ჩვენ არ გვემორჩილებოდა. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ამ სიტუაციაში ჩვენს შორის რაიმე დაპირისპირების გაჩენა, ყველას დაგვაზარალებდა. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი გაირკვა და ამიტომაც, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.

25 ნოემბერს სასტუმრო “მარიოტის” შესასვლელში ვანო ჩხარტიშვილი შემხვდა.

- ვაა, ვანო, შენ კიდევ ცოცხალი ხარ? - ვეუბნები ნახევრად სერიოზულად.

- კი, აბა როგორ? ჩემმა მეგობრებმა რევოლუცია მოაწყვეს და სათავეში მოვდივართ, - მპასუხობს ჩხარტიშვილი - ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობარი და შევარდნაძის ყველაზე დიდი მხარდამჭერი!

კინაღამ ინფარქტი მივიღე. ჩემი ინიციატივით ისევ შევიკრიბეთ რევოლუციის ლიდერები და მოვითხოვე პასუხი, თუ რატომ იყვნენ რევოლუციის შემდეგ ჩხარტიშვილი და მისნაირები გაპარპაშებულები.

(გაგრძელება იქნება)