თბილისის შემოვლითი რკინიგზა, წლობით მშენებარე თუ დაკონსერვებული მეტროსადგურები, უამრავი დაუმთავრებელი ნაგებობა, - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაკონსერვებული მშენებლობის განახლების პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
ბოლო დროს ქალაქში დაკონსერვებული მშენებლობების განახლების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა საეჭვოა, წლების განმავლობაში ატმოსფერული ნალექების ქვეშ უპატრონოდ მიტოვებულ შენობებს კონსტრუქციული სიმდგრადე შეენარჩუნებინოთ. მშენებლები აცხადებენ, რომ დაკონსერვებულ კონსტრუქციებს, მინიმუმ, ზემოთა სართულები უნდა მოენგრეს, რათა ისინი საცხოვრებლად უხიფათო გახდეს.
დაკონსერვებულ ნაგებობებზე რომ არაფერი ვთქვათ, სამუშაოების განახლების შემთხვევაში, განსაკუთრებულ ექსპერტიზას მოითხოვს თბილისის შემოვლითი რკინიგზაც, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დაიწყო. ამ დროისთვის მშენებლობის ნახევარზე მეტი უკვე დასრულებულია და სამასმილიონიანი პროექტის ორი მესამედი თითქმის დახარჯულია. თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს მასშტაბური პროექტი წელიწადნახევრით დაკონსერვდა და გამორიცხული არაა, შემოვლითი რკინიგზის „გამყინვარების ხანა“ ბევრად უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
რაც შეეხება თბილისის მეტროს სამომავლო სადგურებს, რომლებიც წლების განმავლობაში მეტროს მატარებლის ვაგონებში გაკრულ რუკებზეა აღნიშნული, მათი უმეტესობა დღესაც დაკონსერვებულია - „რუსთაველის მეორე ხაზი“, „ზაარბრიუკენის მოედანი“, „ქვემო ელია“, „ზემო ელია“ და „ვაზისუბანი“ . ამ უბნებში მხოლოდ წყლისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რათა ამ სადგურების დატბორვა არ მოხდეს.
„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაკონსერვებული ნაგებობები ექსპერტიზასა და სიფრთხილეს მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელი იყო, თავის დროზე კონსტრუქცია ექსპერტულად მომზადებულიყო დაკონსერვებისთვის. ასეთ სამუშაოებს კი, როგორც წესი, არავინ ატარებდა. უბრალოდ, ქაოტურად არის შეწყვეტილი ნაგებობის მშენებლობა იქ, სადაც შეწყდა. ეს მაშინ, როცა არის სამუშაოები, რომელთა შეწყვეტა და გაწყვეტაც ტექნოლოგიურად არ შეიძლება, თორემ შემდეგ ვეღარ აღადგენ. ამდენად, ცალკეული სართულები მოგვიანებით, ალბათ, მოსახსნელი გახდება.
ექსპერტის თქმით, როცა ახალ ნაგებობას აშენებ, რკინა-ბეტონის სამუშაოები ისეთი რთულია, ბეტონი თუ გაგითავდა და ერთი წუთით მაინც შეწყვეტე სამუშაო, ის უკვე მოსახსნელი ხდება, წლობით კი არა, მეორე დღესაც შეიძლება მოხსნა, რადგან უწყვეტი დაბეტონების პროცესი დარღვეულია.
„ისევე, როგორც არსებობს მშენებლობის პროექტი, ასევე, არის დაკონსერვების პროექტიც. უფრო მეტიც, თუ დასანგრევია შენობა, მაშინ ნგრევის პროექტიც უნდა არსებობდეს. ყველაფერი წყდება წინასწარ დამუშავებული პროექტის მიხედვით. როგორც წესი, ჩვენთან ამ პირობებს არად დაგიდევენ. არაფრით შეიძლება, ატმოსფერული ნალექების ქვეშ მოქცეულ შენობაზე შემოწმების გარეშე ჩაატარონ სამუშაოები. ამას წინათ მე თვითონ ვუყურებდი ამ საშინელებას. ზაქარიაძეზე ვცხოვრობ და კუთხეში, ასათიანთან ახლოს, თითქმის 15 წელიწადი იყო მიტოვებული შენობა. აქ ჩანდა ასაწყობი კონსტრუქციები, ქარხნებში დამზადებული კოლონები, რიგელები, რომლითაც უკვე ადგილზე ხდებოდა მისი აწყობა. მეორე-მესამე სართული იყო ამოსული და შემდეგ უკვე წყდებოდა. ახლოს მივედი და ვნახე, რომ პირდაპირ განაახლეს მშენებლობა ისე, რომ არცერთი სართული არ მოუხსნიათ. არადა, ყველა არმატურა ჟანგისგან იყო შეჭმული, მთელი სართული მოსახსნელი იყო. ეს უბედურებაა, როცა ჟანგიან, კოროზირებულ არმატურას შიგნით ჩატოვებ. რა თქმა უნდა, კოროზია შიგნით გრძელდება და შეიძლება, კონსტრუქცია ჩაინგრეს. ყველას ვეუბნები, რომ იშენებთ ამ სახლებს, მიდით და ნახეთ, როგორი არმატურით აშენებთ-თქო“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.
მისივე თქმით, გააჩნია, რამდენი ხნის წინ არის დაწყებული და შეჩერებული მშენებლობა. თუ მრავალსართულიანი კარკასია, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი სიმტკიცის მდგრადობა, ხომ არ აქვს ნაგებობას დაკარგული ეს მდგრადობა?! გარდა ამისა, 2010 წლიდან თბილისისთვის უკვე 8-ბალიანი სეისმომედეგობის შკალა დაწესდა და, თუ კონსტრუქცია უფრო ნაკლებ სეისმომედეგობაზე იყო გათვლილი, რა თქმა უნდა, მოსახსნელია.
საერთოდაც, ექსპერტის თქმით, თუკი შენობის მიშენება-დაშენებას, რეკონსტრუქციას ან გამაგრებას ახორციელებ, ესეც სეისმომედეგობაზე უნდა იყოს გათვლილი, ძველი და ახალი მშენებლობა ერთად უნდა აკმაყოფილებდეს 8-ბალიან სეისმომედეგობის შკალას.
რაც შეეხება დაკონსერვებულ მეტროსადგურებს, ანზორ საკანდელიძე თვლის, რომ დედამიწა ატმოსფერული ზემოქმედებისგან შედარებით დაცულია, ამდენად, მეტროს ისეთი ხიფათი არ ემუქრება, როგორც ღია ცის ქვეშ, ატმოსფერული ნალექების ქვეშ მოქცეულ რკინა-ბეტონის ნაგებობებს.