„დიდი კომბინატორი“ ოდესაშია

„დიდი კომბინატორი“ ოდესაშია

„დიდი კომბინატორი“ ოდესაშია, მსოფლიოს უპირველესი ავანტიურისტის - ოსტაპ ბენდერის ქალაქში, რომელმაც ფულის დაცინცვლის 400-მდე ღირსეული მეთოდი იცოდა.

თუ ოსტაპ ბენდერი მილიონებზე ნადირობდა, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობამ სულზე მიუსწრო. მართალია, დავობენ, ოდესის გუბერნატორობა ტრამპლინი იყო სააკაშვილისთვის, თუ კიევიდან განრიდების მცდელობა, მაგრამ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ამიერიდან ვეღარავინ გაუბედავს 6 კვ.მ საკანში ჯდომას. ისიც ცოტნე დადიანი არ არის და თაფლწასმული ვერ მიუჯდება დატყვევებულ მეგობრებს.

რით გააბრუებს სააკაშვილი მულტიკულტურიზმით გაჟღენთილ ოდესელებს? სააკაშვილმა იცის, რომ „ოდესა არის ქალაქი, სადაც ყველაფერია შესაძლებელი“. მე-19 საუკუნეში ოდესა იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი. კანონიერ ქურდებთან მებრძოლის იმიჯით მისულ სააკაშვილს კი ოდესელი ქურდები ზარ-ზეიმით არ შეხვდებიან. ეს სააკაშვილმაც კარგად იცის და ამიტომაც ამბობს: „ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი“.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობა გაუჭირდება, რადგან ოდესა სპეციფიკური ქალაქია, ეს ყოველთვის ქურდების ქალაქი იყო და ოდესაში ებრაული მენტალობა სჭარბობდა. ზოგიერთები მოელიან, რომ სააკაშვილის ამარა დარჩენილი ოდესა, ისევე, როგორც უკრაინის მთელი სანაპირო ზოლი, რუსებს დარჩებათ. ასე რომ, პროგნოზი ოდესელებისთვის არცთუ სახარბიელოა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისევე, როგორც ბიზნესმენები აშენებენ ფინანსურ პირამიდას, სააკაშვილიც პოლიტიკაში ავანტიურისტულ პირამიდას აშენებს, იგი საპნის ბუშტებს უშვებს. როგორც წესი, ამ ტიპის ადამიანები, პირველ ეტაპზე ახერხებენ, ვირტუალური კეთილდღეობა, ილუზია შექმნან, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათი პოპულისტური პროექტი ვერ იქნება წარმატებული. მით უმეტეს, სააკაშვილი ახლა აბსოლუტურად უცხო გარემოშია და ოდესელებიც კარგად ვერ იგრძნობენ თავს, როცა მათთან შეიყვანენ საეჭვო რეპუტაციის ადამიანს.

„სააკაშვილი შეეცდება, ოდესის გუბერნატორობა ტრამპლინად აქციოს არა მარტო ოდესისთვის, არამედ საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნებისთვის. ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ სააკაშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში. არ ვიზიარებ აზრს, რომ მან საქართველოში დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია. ეს ასე არ არის, ის ემზადება ტრამპლინისთვის გლობალურ პოლიტიკაში. გლობალური პოლიტიკის გამოვლინება კი რა იქნება, ეს იქნება უკრაინული პოლიტიკა, ქართულ პოლიტიკაში რეინკარნაცია, თუ კიდევ რომელიღაც მესამე, უფრო მნიშვნელოვან ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციებში კარიერის გაკეთება, ეს ცალკე საკითხია. სააკაშვილი ცდილობს, შექმნას ე.წ. წარმატების გარკვეული ბრენდი, რომ ის არის დიდი რეფორმატორი, თითქოს უნიკალური რეფორმა ჩაატარა საქართველოში, რაც სრული ილუზიაა.

ახლა უარყოფს უკრაინის პრემიერობის ამბიციას, მაგრამ მისი ნათქვამი უკუღმა უნდა გავიგოთ. ჩვენ ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. რაც შეეხება დასჯას, შეიძლება, სანამ ჩვენ დავსჯით, მანამდე უკრაინაში დასაჯონ სააკაშვილი. ასე რომ, შესაძლოა, მას უფრო უარესი ხვედრი ელოდება და ჩვენი სამართალი კიდევ უფრო ჰუმანური აღმოჩნდეს, ცოტა ხანში შეგვეცოდოს კიდეც“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი გამოეხმაურა ვერსიას, რომ სააკაშვილის ხელში ოდესა და უკრაინის მთელი სანაპირო ზოლი რუსებს დარჩებათ. მისი თქმით, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი მუშაობს რუსეთზე და ნაწილობრივ, გია ხუხაშვილიც იზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან სააკაშვილი პირდაპირ თუ ირიბად ყველაფერს აკეთებდა რუსეთის ინტერესის დასაკმაყოფილებლად. სულ ახლახანს კი, მან გამოავლინა, რომ სამშობლოს შეგრძნება მისთვის არაფერს ნიშნავს, უფრო მეტიც, სააკაშვილი არ ახდენს იდენტიფიცირებას საქართველოსთან და მისთვის საკუთარი ამბიციის დაკმაყოფილებაა მთავარი.

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომლის ახლობლებიც ოდესაში ცხოვრობენ, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოდესაში რეფორმები ვერ განახორციელა თვით საბჭოთა ხელისუფლებამაც კი, რომელსაც მეტი ბერკეტი ჰქონდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. ასე რომ, რეფორმების განხორციელება ვერც სააკაშვილს ხელეწიფება, რომლის მთავრობა რღვევას განიცდის, კიევშიც არ გამოუვიდა რეფორმები და ახლა ოდესაში ეს წარმოუდგენელია.

„მასების მართვა, პიარი სააკაშვილს ნასწავლი ჰქონდა, თუმცა მან ვერ მართა ბრძენი ადამიანები, რომლებიც კავკასიას ძალიან ბევრი ჰყავს. ჩვენ გვახსოვს არაერთი კადრი, როცა ქალები და ბავშვები სააკაშვილს ეხვეოდნენ, მაგრამ ბავშვს ყოველთვის უხარია კლოუნის დანახვა. რეალურად, შეიძლება, ის ბავშვებისთვის იყო საყვარელი პერსონაჟი, ოღონდ იმ ბავშვებისთვის არა, რომელთა მშობლებიც გისოსებს მიღმა იყვნენ მოთავსებულნი. ანალოგიურად მოხდა ოდესაშიც. ქუჩაში გამოსული სააკაშვილი თავისთავად არის არაორდინარული ფიგურა და მასთან მოსწონთ სურათის გადაღება, ისევე, როგორც ჰიტლერის ცვილის ფიგურასთან იღებენ სურათებს. ოდესა არ არის უბრალოდ უკრაინა, ეს არის ცალკე მდგომი კუნძული, ეს არის ოსტაპ ბენდერის ქალაქი, ეს არის ებრაელების ქალაქი, ისინი არიან ძალზე მდიდრები. შესაბამისად, ან სააკაშვილი მათ ქუდს დაიხურავს და „ზალატაია რუჩკასთან“ ერთად იმღერებს „კაბაკ, კაბაკ“, რაც მისთვის ძალზე ჩვეულია, სხვა შემთხვევაში, მას გაუყენებენ იმ გზას, რომელსაც ხანტიმანსიისკის ვიცე-გუბერნატორი გაუყენეს ორი დღის წინ, რომელიც წყალში გადავარდა და ვეღარ იპოვეს. ეს ჩვეული ფორმაა ოლიგარქებისთვის რუსეთში, უკრაინაში და, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ ცხოვრობენ ევროპული ფასეულობებით. ამიტომ სააკაშვილმა კარგად აწონ-დაწონა რისკები, მაგრამ სხვა მხრივ სასწორზე იდო მატროსოვის ციხე. მან არც დაფარა, რომ აქვს ციხის კატასტროფული შიში. მას აქვს კლაუსტროფობია, ამასთან, ბავშვობიდან ბულიმია სჭირდა, ეს ორი დაავადებაა, დახურულ სივრცეში ერთიც კლავს და მეორეც -  გაუთავებელი ჭამის რეფლექსი და დახურული სივრცის შიში. შესაბამისად, მან თვითგადარჩენას მიმართა და ამ თვითგადარჩენას შეეწირა მისი იმიჯი“, - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

ამასთან, განმარტა, რომ სააკაშვილს სამშობლო პათეტიკის დონეზე ჰყავდა აყვანილი და ახლა მისთვის სამშობლო გახდა 6 კვადრატულთან ასოცირებული, თუმცა ახალი კანონმდებლობით, საპყრობილეში მოხვედრილ ადამიანს უკვე 20 კვადრატული ეკუთვნის. მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან სააკაშვილის მფარველობას სტოიკურად უნდა შევხვდეთ და მეფე სოლომონის სიბრძნე გვახსოვდეს -  „ესეც გაივლის“. ეს ნიშნავს, რომ არ დავძაბოთ ურთიერთობა უკრაინასთან, რადგან უკრაინას საკუთარ თავთანაც აქვს გაფუჭებული ურთიერთობა, საკუთარ მოსახლეობასთანაც და საკუთარ მეზობლებთან. სააკაშვილის დაწინაურება კი დროებითი მოვლენაა და ნაციონალების რღვევა საქართველოდან კი არა, რეალურად კიევიდან დაიწყო. ნაცმოძრაობამ, როგორც შეძლო, სააკაშვილს შეუნახა ნამუსი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ახალგაზრდა პოლიტიკოსები - კუბლაშვილი, ხაჩიძე და დანარჩენებიც არ ჩაყვებიან მას პოლიტიკურ სამარეში. მით უმეტეს, სააკაშვილმა ერთი ხელის მოსმით გაწირა ის ადამიანები, რომლებმაც ორწელიწადნახევარი იმიჯის შენარჩუნებისთვის სერიოზულად იბრძოლეს.