გაკოტრების ნაციონალური ფორმულა ისევ ძალაშია, ენერგეტიკის სექტორში მინისტრ კალაძის გარდა, ისევ ნაციონალების ბუმია, გამიზნულად იწყება აჟიოტაჟი ტარიფების მატების შესახებ, სემეკი ამაზე ან დუმს, ან საეჭვო ტარიფებს მხარს უჭერს, ხოლო „ენერგო-პრო“ პრემიერ-მინისტრსა და მოსახლეობას აშანტაჟებს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი „ოცნების“ დისკრედიტაციას და ნაციონალების ჯიბეების ავსებას ემსახურება. სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს „თელასისა“ და „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, „ორთაჭალჰესის“ ყოფილი გენერალური დირექტორისა და ენერგეტიკის აკადემიის წევრის - თემურ ჭიჭინაძის ინტერვიუ, რომელიც For.ge-სთან საუბარში ცდილობს, ფარდა ახადოს ენერგოსექტორში არსებულ დანაშაულებრივ სქემებს.
სანამ ხელისუფლება ირწმუნება, რომ ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფი არ გაიზრდება, მანამ პირველი პრეცედენტი უკვე განხორციელდა და მცხეთელებს წყლის ტარიფი გაუორმაგდათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ განზრახ დაგეგმილი პოლიტიკური შანტაჟია?
- სანამ მარეგულირებელი და ენერგეტიკის კომისია ნაციონალებითაა დაკომპლექტებული, მანამ ტარიფის ზრდა ყოველთვის მოსალოდნელია. „ენერგო-პროც“ და „თბილისის წყალიც“ კითხვის ნიშნებით შემოსული ორი კომპანიაა. „ენერგო- პროს“ შემოსვლა 2006 წელს ნოღაიდელის პერიოდში მოხდა და ამას საინტერესო წინაისტორია აქვს. ეს ის თემაა, თუ როგორი სასათბურე პირობებით შემოუშვეს „ენერგო-პრო“ და როგორ მისცეს მას თავიდანვე მაღალი ტარიფი.
მაგრამ „ენერგო-პროს“ არაერთი პროექტი ჰქონდა დაგეგმილი. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ხელშეკრულებით გაწერილი.
- ხელშეკრულების თანახმად, „ენერგო-პროს“ ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა და ჰესი აეშენებინა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია, ინვესტიცია არ განუხორციელებია და ისე აქვს თავიდანვე მაღალი ტარიფები მინიჭებული. შარშანაც ზუსტად ეს პერიოდი იყო, როცა „ენერგო-პრომ“ დაიწყო მოძრაობა ტარიფის მომატების ირგვლივ. ამ დროს, რომელ ტარიფის მომატებაზე უნდა იყოს საუბარი, როცა ისედაც გაზრდილი ტარიფით მუშაობს და ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე ღებულობს ზეგეგმიურ მოგებას, რაც უკვე მილიარდზეა ასული. რასაც ჩვენ ვიხდით, ამ ფულით აკეთებს „ენერგო-პრო“ ინვესტიციას.
ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ არ მოხდეს ელექტროენერგიის ფასის რეალური გაანგარიშების გადახედვა? ექსპერტთა გათვლით, მაქსიმუმ, დენის ტარიფი 13-14 თეთრი უნდა იყოს, ამას ემატება სხვა წვრილმანი მაქინაციები, რისთვისაც დიფერენცირებულ გადასახადს იყენებენ. კერძოდ, ელენერგიის გადასახადი 300 კილოვატისთვის სხვა არის, 301 კილოვატიდან ზემოთ- გაცილებით მეტია. ამ დროს აბონენტს, რომელიც 299 კილოვატს წვავს, მაღალი ტარიფით უანგარიშებენ.
- ამ შემთხვევაში, ჩვენ, ყველანი, გამოვდივართ აქციონერები, რადგან ჩვენ ვდებთ ფულს, ხდება ინვესტიციის განხორციელება ჩვენს ხარჯზე და ამას „ენერგო-პრო“ ითვისებს. შარშანაც რომ დაიწყო ტარიფის მატებაზე საუბარი, ეს იყო აჟიოტაჟი, რათა არ მომხდარიყო გაზრდილი დენის საფასურის გადახედვა, თორემ ამის გადახედვა რომ მოხდეს, ტარიფი აუცილებლად შემცირდება.
თუ სემეკს ტარიფის გადახედვა და შემცირება უნდოდა, აქამდეც მოახერხებდა ამას. ჩვენს პირობებში, როცა ყველაფრის საფასური იზრდება, ხომ არ არის მითი, რომ ტარიფს ოდესმე გადახედავენ?
- ამიტომ ვამბობ, ვისაც გადახედვა შეუძლია, ეს არის სემეკი, რომელიც „ენერგო-პროს“ ყველა ხუშტურს „აპრავებს“.
ამაში სემეკის წევრთა პირად დაინტერესებას ხედავთ?
- რომ გადაავლოთ თვალი მათ „სივებსა“ და „ბეგრაუნდებს“, ვინ სად მუშაობდა, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
მაგალითად?
- მაგალითად, ირინა მილორავა, სააკაშვილის დროს იყო იუსტიციის სამინისტროში, ნოღაიდელის დროს - ფინანსთა სამინისტროში ნოღაიდელის მარჯვენა ხელად გვევლინებოდა. იგი ისე დაინიშნა სემეკის თავმჯდომარედ, რომ წევრიც არ ყოფილა, ესეც კანონდარღვევაა. ბოლოს მილორავა იყო „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წარმოიდგინეთ, რა პრინციპით უნდა მოახდინოს მან „თელასის“ ტარიფების გადახედვა, როცა თავის დროზე, სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნისას, ხმა არ ამოუღია ტარიფის მატებაზე. ასევეა მარიამ ვალიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მის „სივსაც“ რომ გადახედოთ, იგი ნამუშევარია „თელასში“. გარდა ამისა, „თელასის“ ხელშეკრულებაც გადასახედია, 2008 წელს „თელასმა“ დაამთავრა ინვესტირების პროექტი და უნდა მომხდარიყო ტარიფის კლება. თუმცა რა მოხდა იმის შემდეგ ჩვენთვის გაუგებარია. მილორავა და თუნდაც მინისტრი კალაძე რომ იძახიან, ყველაფერი საჯაროაო და, რომ გამოეკიდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ეს სწორი ქმედება იყო? ღარიბაშვილმა ერთი სიტყვა თქვა და იმ წუთში კალაძემ თავის ფეისბუკზე დადო, მარეგულირებელი კომისია კანონით ვალდებულია, საჯარო განხილვები დაიწყოსო. საჯარო როგორაა, ვერცერთი ინფორმაცია ჩვენ ვერ მივიღეთ, ვერც ის გავიგეთ, რატომ აქვს „თელასს“ გრძელვადიანი ტარიფი. ეს ხელშეკრულებები გასაიდუმლოებულია, მათ შორის, „თელასის“ ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენ ეს ხელშეკრულება მოპოვებული გვაქვს. „ენერგო-პროს“ ხელშეკრულება კი გასაიდუმლოებულია, რადგან ყველაფერზე ფიქსირდება ნოღაიდელის ხელმოწერა, ეს გრძელვადიანი ხელშეკრულებებია, ამიტომაც არ ჩანს ნოღაიდელი და ამ ხელმოწერით იღებს საშვილიშვილო შემოსავალს.
ნოღაიდელის გარდა, კალაძის შესახებაც იყო კითხვები. შეგიძლიათ, პირდაპირ გვითხრათ, კალაძე ბლოკავს ამ საკითხებს? ცოტა ხნის წინ პრემიერსა და კახი კალაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ვერსია სწორედ ტარიფების ზრდას უკავშირდებოდა, სუბსიდირებაზეც იყო საუბარი, რადგან მოსახლეობა გაზრდილი ტარიფის გადახდას ვერ შეძლებდა.
- პრემიერმა თქვა, რომ არ უნდა მოხდეს ტარიფის ზრდა და ეს სწორია. ძალიან დიდი რესურსია ამ სექტორში, მაგრამ სამწუხაროდ, პრემიერმა არ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ტარიფების გადამოწმება. სემეკი დახურული ორგანიზაციაა. დღესდღეობით, ხუთი წევრის მაგივრად, სემეკი სამი წევრისგან შედგება და შიგნით არ უშვებენ არავის. ალბათ, ახლა გამოცხადდება კონკურსი და ისევ შეეცდებიან, ერთი გუნდი შენარჩუნდეს. თუ იქ ვინმე სხვა შევიდა, ჩათვალეთ, რომ ეს თემები მოიხსნება. დემურ გიორხელიძისა და ერთი-ორი კაცის გარდა, არავინ მინახავს, ტარიფების უსამართლობაზე ლაპარაკობდეს. რატომღაც ყველა ჩუმადაა, რატომ ჩუმდება ეს ხალხი, არ ვიცი. ის კი არა, ბევრი მასმედიის საშუალება ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს.
საქართველოსთვის ელენერგიის ფასის ოპტიმალური ვარიანტი როგორ წარმოგიდგენიათ? მაქსიმუმ, 13-14 თეთრი უნდა იყოს?
- თავისთავად, ამაშია საქმე, რომ ხელშეკრულება უნდა იყოს გაფორმებული მოსახლეობასთან. „თელასს“ თავიდანვე ჰქონდა ამის ვალდებულება. „ეი-ი-ეს თელასი“ როცა შემოვიდა, მაშინ იყო სამი აუცილებელი პირობა - 24-საათიანი მომარაგება, გამრიცხველიანება და ხელშეკრულების გაფორმება. პირველი ორი გაკეთდა, მაგრამ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ. ამიტომაც მე რომ დავაგვიანო ერთი დღით თანხის გადახდა „ენერგოპროსა“ თუ „თელასში“, მაშინვე მითიშავენ დენს, მაგრამ, თუ მაღალი ძაბვის გამო ტექნიკა გაფუჭდა, არავითარი ბერკეტი არ მაქვს, ვუჩივლო. თუ გადაიხედება ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები, მაშინ შეგვიძლია, მათ მოვთხოვოთ, შეასრულონ ვალდებულებები. მე არ ვამბობ, რომ ნაციონალიზაცია გავაკეთოთ და ჩამოვართვათ მათ ენერგოკომპანიები, მაგრამ რაც ვალდებულებით იკისრეს, შეასრულონ. ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი უნდა იყოს ელენერგიის ტარიფი, რადგან ჩვენ დახურულ სივრცეში ვართ. საერთოდ, ოთხი კომპონენტისგან შედგება ტარიფი - გენერაცია, გადაცემა, საშუალო შეწონილი ტარიფი და რჩება ყველაზე რთული ის ხარჯები, რომელიც გასწია „ენერგო-პრომ“ ან „თელასმა“. ამ ხარჯებს ჩვენ ვერ ვნახულობთ. ჩემი აზრით, მაქსიმუმ, ელენერგიის საფასური კილოვატსაათზე 12 თეთრი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა, ამდენიც არ იყოს. „ენერგო-პრო“ რომ შემოვიდა, საქართველოში ტარიფი 6,5 იყო, უცებ გახადეს 16 თეთრი, ანუ ათი თეთრი მოუმატეს ისე, რომ ერთი თეთრი ინვესტიციაც არ განუხორციელებიათ.
ენერგოკომპანიების მხრიდან ტარიფის გაზრდის დაუოკებელი სურვილი, იქნებ, მათ მიერ შეუსრულებელ პროექტებს უკავშირდება?
- თავისთავად, დღეს რასაც აკეთებენ, აკეთებენ სწორედ შეუსულებელი დაპირებების გამო. 100-მეგავატიანი ჰესი უნდა აეშენებინათ ორივეს - „თელასსაც“ და „ენერგო-პროსაც“, არცერთია აშენებული, 85 მილიონი რეაბილიტაციაში უნდა ჩაედოთ, ჩვენ არ ვიცით, ჩაიდო თუ არა ეს თანხები. არასამთავრობოებმა რამდენჯერმე მივწერეთ სემეკს, მაგრამ გვწერენ, ეს არის დახურული ინფორმაცია, თურმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები საიდუმლოა. როგორ შეიძლება, სახელმწიფო ხელს აწერდეს დოკუმენტს კერძო სტრუქტურასთან და ეს საიდუმლო იყოს?! ეს ხომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. რა თანხები აქვთ ამათ წაღებული, სუბსიდირება კი არა, დაკლებაზე უნდა იყოს საუბარი.
მათ შორის, წყლის საფასურზეც?
- წყალი განსაკუთრებული თემაა. კულუარულ ინფორმაციას მოგაწვდით, იმ დღეს, როცა სხდომაზე მცხეთის ტარიფის გაზრდის საკითხი იხილებოდა, დიდხანს ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას, დაანგარიშებით ვერ დაიანგარიშეს და ელოდებოდნენ, როდის მივიდოდა კომისიის თავმჯდომარე. ისიც მივიდა და თქვა, ტარიფი მოვამატოთო. საფასურს მრიცხველებით უკვე აღარ ანგარიშობენ, მცხეთაშიც აღარ გააგრძელეს მეტი მრიცხველის დაყენება, რადგან მრიცხველით ერთი კუბური მეტრი წყალი ჯდება 25 თეთრი, რეალურად კი ერთ მოსახლეს დღეში 800 ლიტრის მოხმარებისთვის ახდევინებენ თანხას, ნორმად აიღეს რატომღაც 800 ლიტრი. წარმოიდგინეთ, დღეში გიწევთ დაახლოებით 4 ლარის გადახდა, მაშინ, როცა რეალურად გათვლებით 25 თეთრზე მეტი არ ჯდება. ყველაზე დიდი, თბილისში წყლის ტარიფი შეიძლება 25 თეთრი იყოს, თავისი მოგებით.
ხომ არ თვლით, რომ ამ ორივე კომპანიის საქმიანობა პროკურატურამ ან პარლემენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს?
- ძირითადად, ეს კომპანიებია, რომლებიც მოსახლეობის ნერვებზე თამაშობენ. ასე გახდნენ მონოპოლისტები. ვალდებულებები, რომელიც წყალს ჰქონდა აღებული, ქალაქის 24-საათიანი მომარაგება, რაც წინა წელს უნდა დასრულებულიყო, ძველ და ახალ საზღვრებში ჯერაც არ არის დამთავრებული. ქალაქში შემოედინება დაახლოებით მილიარდ მ3 წყალი ყოველწლიურად, მაგრამ დაახლოებით ნახევარ ხარჯს აჩვენებენ. რა გამოდის, ნახევარი მილიარდი კუბი წყალი იკარგება ქალაქში და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ? მტკვარი არ მატულობს, ქალაქი წყალზე არ დგას, მაშინ სად მიდის ეს ნახევარი მილიარდი? ეს ხომ არ არის პატარა მოცულობა. ეს ყველაფერი შესასწავლია.
„ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებითაც იგივე კითხვები გაქვთ?
- გაზთან ნაკლებად მაქვს შეხება, მაგრამ სემეკს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია გაზის წნევის, შემადგენლობის შესახებ, რომელიც ვერ მივიღეთ. ჩვენ არ ვიცით, რაში ვიხდით ფულს, ამ დროს მრიცხველი ტრიალებს, გაიზარდა მრიცხველის ტრიალის სიჩქარე და გაზის კილოკალორია შემცირებდა. ჩაიდნის ადუღებას გუშინ თუ სჭირდებოდა სამი წუთი, დღეს სჭირდება ექვსი წუთი. პროკურატურა შეიძლება, ვერ შევიდეს სემეკში, მაგრამ სპეციალისტების კითხვები მიწოდებულია ყველა ინტერვიუთი, ამ საქმეს გამოძიებაც არ უნდა, სემეკზე ზემოქმედება მხოლოდ პარლამენტმა უნდა მოახდინოს. მაგრამ იმდენად არის ეს თემა მთავრობაში დაბლოკილი, რომ ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა არავინ გამოცვლილა. სემეკში პროკურორები მუშაობენ კომისიის წევრებად. ხომ აქვს საზღვარი ყველაფერს, რა უნდა განსაზღვრონ მათ?! ვიღაც უკარნახებს, ტარიფი უნდა იყოს ამდენიო და არავინ ანგარიშობს. ახლახანს გურამ ჩალაგაშვილმაც გააკეთა განცხადება, გაიქცევიან ინვესტორებიო. რატომ გაიქცევიან? ინვესტორს მიეცი ის, რაც მას ეკუთვნის, მეტი რატომ უნდა მისცე? ყველა ჰესი საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული, არცერთი თეთრი არ ჩაუდიათ მის განვითარებაში ინვესტორებს. გიორგი თავაძე კიდევ მუშაობს სემეკში და ხელფასს იღებს, რომელმაც 2006 წელს ცუდი როლი ითამაშა, შემოდიოდა „ენერგო-პრო“ 16 მაისს და 15 მაისს უკვე გაზარდა ტარიფები, მერე გამოდის ეს თავაძე და იძახის, საქართველოში ტარიფები არ არის ძვირიო. ნახონ, რა შემოსავალი აქვს ერთ სულ მოსახლეს საქართველოში. დავანებოთ თავი, მდიდარი ვარ თუ ღარიბი. დიდი სახლი რომ მაქვს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მდიდარი ვარ? რატომ ახდენენ ელენერგიის ტარიფის დიფერენციაციას? ვთქვათ, აღარ მაქვს ის შემოსავალი, დამრჩა ძველი სახლი, ეს ხომ ჩემი დისკრიმინაციაა. სემეკმა მომხმარებლის უფლებები უნდა დაიცვას.
ახლაც ახმაურდნენ, ტარიფი ემატებაო, ამ დროს მცხეთაზე შეჩერდნენ და თბილისს რომ არ მოუმატეს ტარიფი, ჩვენ ტაში დავუკარით, მადლობა მილორავას, რომ არ გაგვიზარდა ტარიფი. სექტემბრისთვის ისევ დაიწყება ტარიფის მატებაზე ლაპარაკი. ეს ისეთი წრეა, სადაც ყველა ერთმანეთთან კავშირშია. საქართველოს სადისტრიბუციო კომპანია გაიყიდა და „ენერგო-პრო“ მის ადგილასაა. 700 მილიონი ლარი გააქრეს, გააკოტრეს ეს კომპანია და მერე „ენერგო-პროს“ იაფად აყიდინეს, რატომ აპატიეს „ენერგო-პროს“ 200 მილიონი დოლარი? ხომ იხდიდა „ენერგო-პრო“ და არ გადაახდევინეს, რატომ გაუზარდეს ტარიფები? პრემიერი ნოღაიდელი აძლევდა ტარიფს ხელმოწერით და მერე სემეკი ამას „აპრავებდა“. რის საფუძველზე დაუმტკიცა 16 თეთრი - მომავალი ინვესტიციების საფუძველზე, რომელიც არ განახორციელა?
განუხორციელებელი ინვესტიციების გამო თანხების დაბრუნება რამდენად რეალურია, ამ შემთხვევაშიც ხანდაზმულობის ვადები ხომ არ იმოქმედებს?
- თანხები უნდა დაბრუნდეს. არა მგონია, ხანდაზმულობა შეეხოს, რადგან ეს არ არის სასამართლო პროცესი. ყველაფერს აბრუნებენ, როცა უნდათ. მე არ ვიცი, მერე კალაძემ კიდევ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ესეც გასაიდუმლებულია და ჩალაგაშვილს წამოსცდა, რომ დამატებით რაღაც ხელშეკრულება გაფორმდა „ენერგო-პროსა“ და სამინისტროს შორისო. შეიძლება, კალაძემ გაუგრძელა ვადა „ენერო-პროს“. კალაძე თვითონ იძახის, ეს დოკუმენტები საჯარო უნდა იყოსო, მაგრამ თვითონვე ყველაფერს მალავს. ღარიბაშვილი შეჰყავთ შეცდომაში, ის ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ენერგეტიკაში ცუდი მრჩევლები ჰყავს.
ჰყავს კი მრჩევლები, თუ კალაძის იმედად არის?
- არ ვიცი, მაგრამ მასთან ეს ინფორმაცია არ მიდის. იმედი მაქვს, მომიწევს მასთან შეხვედრა, რადგან გაისად დადგება ეს საკითხი. 2016 წელს არჩევნების წელი მოდის, ამ ბერკეტებს აკონტროლებენ ძველი ხელისუფლების წამომადგენლები, ნებისმიერ მომენტში მათ აქვთ ბერკეტი და, რომ მოინდომონ და ტარიფი ასწიონ, ამას მერე ვერც ღარიბაშვილი შეეწინააღმდეგება, ვერც მარგველაშვილი. ნაციონალური ენერგოსისტემაა მიღებული, რომელიც არჩევნებისთვის ბომბია, რადგან თანხაც ბევრი შესდით და ეს მოსახლეობის განწყობის საზიანოდაც იმოქმედებს.
ფიქრობთ, რომ ენერგოსექტორიც ერთ-ერთი სოლიდური წყაროა, საიდანაც ნაციონალებს ამოუწურავი თანხები ეძლევათ?
- სამი წლის წინ ხომ დაიჭირეს ოთხეული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით?! მილიონი უპოვეს ჩანთაში, მაგრამ სასამართლომ გამოუშვა ამ „გაპრავებული“ ფულით.