კეთილი და პაატიოსანი, - თქვა კაპიტანმა. - ახლა მე მომისმინეთ. თუ სათითაოდ ჩამბარდებით იარაღაყრილნი, ვკისრულობ, ყველას ბორკილები დაგადოთ და შინ, ინგლისში წაგიყვანოთ პატიოსნად გასამართლებისთვის. არა და, ჩემი სახელი ალექსანდრე სმოლეტი გახლავთ, მე გავშალე ჩემი ხელმწიფის დროშა და თქვენ, ყველას, ეშმაკის გზას გაგიყენებთ... თქვენ დიდ გასაჭირში ბრძანდებით და ცუდად არის თქვენი საქმე. ამჯერად ასე გელაპარაკები და ეს არის უკანასკნელი კეთილი სიტყვები, რომლებსაც ჩემი პირიდან ისმენ; ღმერთმანი, მეორედ თუ შეგხვდი, ტყვიას მოგაყოლებ ზურგში. ახლა, წაბრძანდი, ჩემო ძმაო. აქედან მოუსვი, გეთაყვა, და თან, რაც შეიძლება, მკვირცხლად და ცქვიტად. (რობერტ ლუის სტივენსონი, „განძის კუნძული“)
ეგრევე ამბავ-ნიუსით უნდა დავიწყო, რომელიც ეგებ მთავარი არც იყოს, თუმცა საგულისხმო კია და რაც საგულისხმოა, ის მთავარიც არის, თუ იგულისხმებ, მაგრამ, თუ არ იგულისხმებ, ანუ არ ჩაუ-დაუ-ფიქრდები, მერე აქედან გამომდინარე ამბები ხდება მთავარი. დაფიქრება გაგებაა. გაგებაა მთავარი.
აი, ის ამბავი:
"ეტალონის" წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს, ნინოწმინდის საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანმანათლებლო მედიაპროექტიდან აცნობეს , გასულ კვირას "ეტალონში" ნინოწმინდელ გამორჩეულ მოსწავლეთა ინტელექტუალური დაპირისპირების ჩაწერა გაიმართა. გადაცემის მსვლელობისას ნინოწმინდის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა "ეტალონის" ავტორსა და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს, სიურპრიზი მოუწყო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ამცნო და შესაბამისი მოწმობა სტუდიაშივე გადასცა.
გოჩა ტყეშელაშვილისთვის აღნიშნული წოდების მინიჭების იდეა რამდენიმე კვირის წინ, "ეტალონის" შემოქმდებითი გუნდის ნინოწმინდაში ვიზიტისას პედაგოგებს გაუჩნდათ. ვიზიტის ფარგლებში გოჩა ტყეშელაშვილი ადგილობრივ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ იქ გამოითქვა პირველად "ეტალონის" წამყვანის მიერ ტერმინი "ქართველი სომხები".
ნინოწმინდა მე-9 მუნიციპალიტეტია, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის "ეტალონის" ავტორს და წამყვანს, გოჩა ტყეშელაშვილს საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა“.
ამ ამბავში საგულისხმო ის არის, რომ ეს ამბავი არის სისულელე. რატომ და რისთვის - ამას ნუ მკითხავთ. დაფიქრდით და თავად მიხვდებით. სიმართლე გითხრათ, დიდად დასაფიქრებელიც არაფერია, როგორც მაგალითად ეს: „ეტალონი“ - ყველაზე ეროვნული მედია-პროექტი“. უკვე ეს სიტყვები გეუბნება, რომ ეს არც მედიაა, არც პროექტი არც ეროვნული და არც „ყველაზე“.
არის, რა... ეს არის, ნინოწმინდაში ნათქვამი „ნინოწმინდის ონკანის წყალი მსოფლიოში მესამეა. მეორე - დილიჟანში, მესამე - სან-ფრანცისკოში“ და ეს არის ახალქალაქში ნათქვამი: „ახალქალაქის ონკანის წყალი მსოფლიოში მესამეა, მეორე - დილიჟანში, პირველი - სან-ფრანცისკოში“.
ასე აბოლებენ ადამიანებს და გაგიკვირდება, ავთანდილოვიჩ - ვინც პლანს ეწევა და ბოლდება, ის კრიმინალია, ხოლო ვინც ხალხს აბოლებს, იმას საპატიო მოქალაქედ ირჩევენ.
ჰოდა, მეგობრებო, იმაზე კი ნუ ვფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა პლანის დეკრიმინალიზაცია, პირველ რიგში ის უნდა გადავწყვიტოთ, რა სახის სანქციები უნდა დაწესდეს იმის მიმართ, ვინც ხალხს მასიურად აბოლებს - ეტალონის ტყეშელაშვილი, პროფკავშირების პეტრიაშვილი, ვანგას კაკულია, შალვას ნათელასბიჭი, კოტეს პავლე, ხაჩის გოგა, მელას გიორგი, რიჟას ზურაბა... რამეთუ, თურმე.
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება“.
საბოლოოდ, ყველა მატლი სკლინტად იქცევა და რა მნიშვნელობა აქვს, ფორმალურად ეს ოთხშაბათს გაფორმდება, ხუთშაბათს, პარასკევს თუ შაბათს? მით უმეტეს, თუ ყველაზე მძიმე დღე, ორშაბათი, ჯერ კიდევ წინ არის და ჯერ კიდევ წინ არის შემოდგომა... გველის წიწილებს ხომ შემოდგომაზე ითვლიან.
ჩვენ ხალხს იქნებ ბევრიც ეშლებოდეს, ხშირად რაღაცეებს არ აკვირდებოდეს, არ ფიქრობდეს და დასკვნები არ გამოჰქონდეს, მაგრამ არის რაღაც-რაღაცეები, რაც თავისთავად იცი. მაგ: ჯამი ჭურჭელია და ა.შ. ასეთივე ცნობილი ჭეშმარიტებაა ის, რომ არც მატლი იჭმევა და არც სკინტლი, რასაც ზურაბ ჯაფარიძის ზემოთმოყვანილი განცხადების ეს ნაწილიც ადასტურებს: „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას“.
ახლა, ბევრს საუბრობენ და სრულიად მოულოდნელ ვერსიებსაც აყალიბებენ, თუ რა მოხდა ნაციონალებში - როგორ დაირღვა ურღვევობა, როგორ შეირყა ურყევობა, როგორ დაიშალა დაუშლელი და როგორ მოიშალა მოუშლელი.
როგორც უკვე აღვნიშნე, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ანუ ნაცებმა ცოცხი აიღეს და უკან გაიყარეს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, რაც სხვისი გაუპატიურების უფლება ჩამოერთვათ, საკუთარი თავი გააუპატიურეს. სწორედ ამაზე მეტყველებს ჯაფარიძის ეს სიტყვები - „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები“.
სხვა რა გითხრათ იმაზე უკეთესი, რაც ჩემმა მეგობარმა, ეკა სილაგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - „აწი ნაციონალები ელიავაზე, დაშლილებში უნდა ვეძებოთ“-ო.
ცნობილი და სამწუხარო ჭეშმარიტებაა, რომ ურემი როცა გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება. მაგრამ გეკითხებით, გინახავთ გადაბრუნებული ურემი, რომელიც პატრონს მიეტოვებინოს? არა, არა და არა! პატრონი ურემს გადმოაბრუნებს, შეაკეთებს და გზას განაგრძობს, გზაზე ნეხვია. ურემი გაივლის, ბორბალი ნეხვს გადაუვლის და ორ, დიდ და პატარა ნაწილებად გაყოფს. ამ ორ ნაწილს შორის განსხვავება ის არის, რომ მოვა აგვისტო და დიდი ნაწილი პომპეზური ზეიმით აღნიშნავს ტერიტორიების დაკარგვის შვიდი წლის თავს, პატარა ნაწილის ზეიმი კი უფრო მოკრძალებული იქნება.
თუმცაღა, მთავარი გამოხატვა კი არ არის, მთავარი არსია. არსის შესახებ კი, ზურაბ ჯაფარიძემ უკვე მოგვახსენა - „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა“.
მოკლედ, ვირი გინდა ღობის იქით დააბი და გინდა ღობის აქეთ - ესეც ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ისევე როგორც ბედი სკინტლად საქცევი მატლისა და გზაზე საზეიმოდ გაწოლილი ნეხვისა, მაგრამ, ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბორბალი კარგად უნდა გაირეცხოს და ეს რაც შეიძლება სწრაფად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად ადრე უნდა მოხდეს.
ორი საინტერესო სათაური: „გიგი წერეთელი - პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი“ და „მამუკა გამყრელიძე "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატების საზოგადოება "ივერიაში" გაწევრიანებას ამ ეტაპზე გამორიცხავს“.
ყოველთვის და ამ ეტაპზეც გიგი წერეთელი კომკავშირის მდივანი იყო, რაც შეეხება საზოგადოება „ივერიას“, ეს სულაც არ არის მომღერლების და მუსიკოსების, თანამოაზრეთა ერთობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სოსისების გროვაა, თანაც - ვადაგასული.
ძალიან ცდება გრიგოლ ვაშაძე, თუ ფიქრობს, რომ ყველას დაავიწყდა, როგორ ატარებდა იგი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სათუთად, გულის ჯიბით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს.
ოეეე, გრიშა ბიძია, მზა საკვების დეპარტამენტის თევზის განყოფილებაში ხარ და წარწერა „ლოქო ქინძმარში“ გამშვენებს.
მოკლედ, არმაგედონის ზანგს უთქვამს, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრიაო და იქვე დაუწუწუნია, ორ ფრონტზე ბრძოლა გამიჭირდებაო, მე იქ მივხედავ, სადაც გოგა ხაჩიძე აღარ არის, ხოლო სადაც გოგა ხაჩიძეა, იმ ფლანგს სხვებმა მიხედონო.
ვინ სხვებმა? ვინ სხვებმა და - ერიკ ჯემბა-ჯემბამ და პოლ პოგბამ, ან, სულაც - ძმებმა, ჟერომ და კევინ-პრინს ბოატენგებმა.
ორი სათაურიც: „ირმა ნადირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, "გაბრწყინებული სახით ლაპარაკისგან თავი შეიკავოს" და „ზურაბ ჭიაბერაშვილი - შედეგი იმისა, რა ნაბიჯიც გადადგეს "ნაცმოძრაობის" ყოფილმა წევრებმა, არის ღარიბაშვილის, მინისტრების აღტაცებული სახეები“.
მახსოვს, ნინა ციხისთავი წუწუნებდა, ელგებეტე ტიპებს ადამიანები ცუდი თვალით უყურებენო, ახლა კი ირმა ნადირაშვილი და ჭიაბერაშვილი გვასწავლიან, როგორი გამომეტყველება უნდა გვქონდეს საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე.
გასულ კვირაში სააკაშვილ-საახოვი, როგორც „დნიპროს“ გულშემატკივარი ევროპის ლიგის ფინალს დაესწრო და, როგორც მოსალოდნელი იყო, „დნიპრო“ დამარცხდა. ეგეთი თარსია ეგ შეჩვენებული. შემდეგ, გასული კვირის ბოლოს, სიხარულით დათმო საქართველოს მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორად ეკურთხა. ექსპერტების შეფასებით, ჯერ ოდესელები დაკარგავენ იუმორის გრძნობას, შემდეგ უკრაინა დაკარგავს ოდესას, საბოლოოდ კი ევროპა დაკარგავს უკრაინას.
უცნაური ხალხია... „გიორგი ქადაგიძე ირწმუნება, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს“ - უცნაური განცხადებაა, მე ვიტყოდი - თავხედურიც კი. წესით და რიგით, ეგ იმას უნდა ფიქრობდეს, სად გადაიყვანენ „მოდულიდან“, ვანოსთან მატროსოვზე თუ რუდოლფ ვალენტინოვიჩთან გლდანის საპყრობილეში. ამ ორიდან რომ იქნება ერთ-ერთი, დასტურად ესეც გამოდგება: „სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, იუსტიციის სამინიტროს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შეცვლას და აღიარების პროცედურების კანონმდებლობით დარეგულირებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველის აზრით, ამგვარი წესის არსებობა ტრანსგენდერ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ოფიციალურ დოკუმენტაციაში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი სწრაფი, ადვილად ხელმისაწვდომი გზით შეცვალონ“.
პირდაპირ გაგიკვირდება, ეს ენჯეოშნიკები როგორ უდგანან ერთმანეთს გვერდში, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა ვერსიაც არსებობს. ხომ ყველას მოგვეხსენება, თუ როგორი ენთუზიაზმით მოირგებენ ხოლმე ქართველი (და არა მხოლოდ ქართველი) ჩინოვნიკები ავტომობილებს, სავარძლებს, კაბინეტებს და, რაც მთავარია, კანონებს!
ბოროტი ხმები ირწმუნებიან, ნანუაშვილი სქესის შეცვლას აპირებსო... არ მჯერა ბოროტი ხმების, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ თორმეტი წლის წინ რომ ვამბობდი, ნუ დაუჯერებთ იმას, ვინც საკრებულოს თავმჯდომარეობა გაყიდა, მეტადრე კი იმას, ვინც იყიდა-მეთქი, 97 პროცენტი ამომრჩევლებისა, საკუთარი მშობლების ჩათვლით, „ბოროტ ხმას“ მიწოდებდა - ბოროტი ხმა ხარო.
ბოროტი ხმები ხშირად მართლდებიან. მაგალითად, ბოროტი ხმები ამბობენ, რომ"თბილისობის" დღესასწაულზე რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ნიუსს მივმართოთ: „როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, თავად ალა პუგაჩოვას სურვილი იყო, საქართველოში ჩამოსულიყო“.
სურვილი ჰქონია!
„უნდა, რომ ჩამოვიდეს და ქართველ ხალხს მოეფეროს. ჩვენ, რასაკვირველია, თანხმობა ვუთხარით, მაგრამ ასევე ვუთხარით, რომ გვაცადეთ, რათა დავლაგდეთ, მოვიფიქროთ, თუ როგორ, რანაირად შეიძლება ეს გაკეთდეს. უნდა იყოს განწყობა, რომ მოსახლეობა არ გაღიზიანდეს“.
ამასობაში, კეთილი ხმები იძახიან, „როლინგ სთოუნზი“ ჩამოდისო.
ახლა, გეკითხებით: როგორ ფიქრობთ, ბოროტი ხმები გამართლდება თუ კეთილი ხმები?
რამდენიმე ბრიყვული განცხადება: „გოგი თოფაძე - "ნაციონალების" მიზანია, დაანახონ ტელევიზიას, რა ცუდები ვართ ჩვენ და რა კარგები ყოფილან ისინი“; „მამუკა ხაზარაძე - 24 წელია, ამ სფეროში ვარ და ბანკებზე ასეთი განცხადებები პირველად მესმის“; „თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია“.
ერთი დიდი სიბრიყვე: „ხვალ სასამართლო "ეს შენ გეხებას" საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს“
და ეს - „საპროკურორო საბჭოს არჩევის მიზნით, პროკურატურაში პროკურორთა კონფერენცია შეიქმნება“, რაც მახსენებს ამას - „კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა“.
და, სასწაული - "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს“.
თითქოს არაფერი, მაგრამ, მინდა, რომ კიდევ გადავიკითხოთ: "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს“.
რას არ გაგიგებს კაცი!!! განცვიფრებული ვარ. ვკითხულობ და არ მჯერა. პირველად მესმის, რომ ბეჟან გუნავა დააკავეს. ყოველთვის მესმოდა, რომ ბეჟან გუნავა ცემეს, ბეჟან გუნავა წიხლქვეშ გაიგდეს, ბეჟან გუნავას მკერდი აახიეს, ბეჟან გუნავა გაძუყნეს... ეს დაკავება, თუ არ ვცდები, პირველია გუნავას უმდიდრეს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში და არ ვიცი, აქტივში ჩაეწერება თუ პასივში. მგონია, რომ უნდა ეცემათ და შემდეგ გაეშვათ. ვფიქრობ, თვითონ გუნავასაც ასე ერჩია, შინაგანადაც მზად იქნებოდა.
"თავისუფალი საქართველოს" წევრმა ბეჟან გუნავამ მხარდამჭერებთან ერთად "სითი პარკის" ავტოსადგომთან აქცია გამართა. როგორც დაკავებამდე გუნავამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველო" იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრები დაეხმარებიან "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებულ და მანქანაჩამორთმეულ მოქალაქეებს კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ“ - ასეთი ამბავი იყო.
უმაგრესი პოლიტიკური ელიტა და უძლიერესი სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს - პოლიტიკური პარტიები ევაკუატორებს დასდევენ, არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ინიციატივებით გამოდიან.
ეს ჩვენი აქტიური საზოგადოების ერთი ნაწილის ორი ნაწილია, ურმის ბორბლით გაყოფილი ორი ნაწილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნაწილი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა - „არასამთავრობო ორგანიზაციები "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ“; „ეკა გიგაურის შეფასებით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად არაფორმალური მმართველობა რჩება“; „კახა კოჟორიძის აზრით, სასურველია, ხელისუფლება დაფიქრდეს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს არასამთავრობოების ანგარიშზე“; „არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ“; „კახა კოჟორიძე - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის საჩუქრად გაგზავნას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა“; „არასამთავრობო სექტორი "ქართული ოცნების" მმართველობის ორ წელს აფასებს“...
რაც ამათ სამოქალაქო განათლებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ფული აქვთ დახარჯული... რასაც ესენი ევროპაში დარბიან და იქიდან ჩამოსულები ახალ-ახალ იდეებს ნერგავენ... რასაც ესენი ჭკუას გვარიგებენ და გვამუნათებენ... რასაც ესენი ტრაბახობენ და იკვეხნიან...
რასაც მე მაგათ სხვადასხვა ბრუნვაში მოვიხსენიებ, და აი რატომ - ევროკავშირმა შვიდ ქვეყანასთან - სენტ-ლუსიასთან, გრენადასთან, ვანუატუსთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, დომინიკასთან, სენტ-ვინსენტი და გრენადინებთან და სამოასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
რა მოხდებოდა, რომ ეკა გიგაურს გრენადაზე ეცხოვრა, კახა კოჟორიძეს ვანუატუში ეღვაწა, ალეკო ელისაშვილს ტრინიდადსა და ტობაგოში დაეარსებინა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“?
რა მოხდებოდა და... ახლა ჩვენ ევროკავშირში ვიქნებოდით, სენტ ლუსიაში კი პატიმართა შეწყალების კომისიას იქაური ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებდა, გრენადინელ ტრანსებს იქაური უჩა ნანუაშვილი ჩაუსახავდა სასწრაფო ოპერაციების იმედს, ხოლო ჩვენ, ეჰ, ევროკავშირში ვიქნებოდით.
ხოლო სააკაშვილს ხარჩოს, დარჩოს და დარდაკას საზოგადოებაში ეძინებოდა დედოფლური ძილით.
ნ.ნ. (ნაცი-ანალებს, ნაცი-ონანებს) თვითონ არხეინად ეძინა და ხმამაღლა ხვრინავდა. თუმცა ბოროტი კაცი იყო, მაინც გული შემტკიოდა მასზე, როცა ვფიქრობდი, რა დიდ საფრთხეში იყო ჩავარდნილი და რა სამარცხვინო ჩამოხრჩობა ელოდა.
(რობერტ ლუის სტივენსონი, „განძის კუნძული“)