რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი… ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.
დღევანდელ წერილში ტრადიციულად ქართული სცენისა და ეკრანის მთავარი მომქმედი გმირების მორიგ „თავგადასავლებს” შემოგთავაზებთ.
თავდაპირველად სიტყვას ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს მივცემ, რომელიც ქალბატონ სესილია თაყაიშვილთან დაკავშირებულ ერთ სახალისო მოგონებას გაიხსენებს.
„საზანოს თავზე ჩემი და სესილიას გავლას ვიღებთ, აპარატი გაფუჭდა, სესილიას სავარძელი მოართვეს, დააბრძანეს, მე – ნაბადი და წამოვწექი სესილიას გვერდით, ჩეროში, გზის პირას. ამ დროს ჩვენ გვერდით შავი „ვოლგა“ გაჩერდა და კინოსტუდიის ფინანსების დირექტორი სახეჩიძე გადმოვიდა – იქაური ყოფილა. ატყდა – როგორ ხარ, ჰაი და ჰუი... სესილია, როგორ უყვარხართ ჩემს მეუღლეს და როგორ უნდა თქვენი გაცნობა.
– დაუძახე!
გადმოვიდა ქალბატონი – საოცრად სათნო, ზრდილი, აი, ისეთი მწყაზარი, ქართველი ქალები რომ არიან. სახეზე გაწითლდა, სესილია რომ დაინახა, ლამის ხელზე აკოცა სესილიას, ისეთი მოკრძალებით, სითბოთი და კდემამოსილებით შეხვდა! ამ დროს სახეჩიძე ეკითხება სესილიას:
– ქალბატონო სესილია, გადაღების საქმე როგორ მიდის?
– აპარატს დაენძრა, – თქვა სესილიამ. სახეჩიძის მეუღლე გაშრა, შეცბა. სესილიამ შეამჩნია და უკან არ დაიხია: – თქვენა ხართ ამის ცოლი?
– ჩემი ცოლია, ქალბატონო სესილია.
სესილია გამშრალ და ფერდაკარგულ ქალს მიუტრიალდა:
– მერე, არ გეშინია, კინოსტუდიაში ამდენი ბოზები რომ არიან და შენი ქმარი იქ მუშაობს?!
ქალი წავიდა, მანქანაში ჩაჯდა.
– ქალბატონო სესილია, ხვალ ან ზეგ ამოგივლით და ჩვენს ოჯახში ვივახშმოთ.
ათმა ხვალემ და ზეგმა გაიარა და სახეჩიძე აღარ გამოჩენილა“.
ბატონი ზურაბი იპოლიტე ხვიჩიასთან დაკავშირებულ ერთ „ისტორიასაც“ მოგვიყვება.
„როცა კინოსტუდიის ბიჭებს ფული არ გვქონდა, იპოლიტე რომ შემოვიდოდა ეზოში, თვალით მანიშნებდნენ, მიდიო. მეც მივეპარებოდი, იპოლიტეს ზურგიდან ხელს შემოვხვევდი, გავაკავებდი, ბიჭები 20-კაპიკიან „პასტას“ ამოუღებდნენ და 25 მანეთად ვუბრუნებდით თავის „პასტას“. ჩვენ ღვინოზე გავრბოდით, იპო გვლოცავდა: „რა უნდა ელაპარაკო ამ ვირებს, ამათა“. ერთხელაც ახალი კინოსტუდიის დიდ ეზოში მივედი, იპოლიტე ხალხში დგას. მე ხელები გავშალე და იპოლიტესკენ მისასალმებლად, მოსახვევად წავედი. იპომ ამოიღო ჩინური, გრძელი ჯაყვა და გამომეკიდა. ორი წრე რომ დავარტყით ეზოს, იპოლიტე მიყვირის:
– შეჩერდი, შე ვირო, დავიღალე!
– რა იყო, იპო, დანით რატომ მომდევ?
– არ მომეკარო და იმიტომ! – თურმე წინა დღით ნასვამს ცოტა მაგრად მომიჭერია ხელი, ნეკნები სტკენია და ეს ჯაყვაც ჩემ გამო ჩაუდია ჯიბეში. შევრიგდით, ჩემს მარანში ჩემი ღვინით და იპოს პურმარილით!“
დღევანდელი წერილის დასასრულს ზურაბ ქაფიანიძე ცნობილ ფსიქიატრ ავლიპი ზურაბაშვილსაც გაიხსენებს... ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ „ამბავში“ თვით ბრიჯიტ ბარდო, სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა ფიგურირებენ.
„რა ანეკდოტებს არ უგონებდნენ ფსიქიატრ ავლიპ ზურაბაშვილს. ზოგი ამბობდა, მართალიაო, ზოგი – უგონებენო.
სხვისი არ ვიცი და, მე ორ ნამდვილ ამბავს მოგახსენებთ, რაც, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს.
ამბავი პირველი
ავლიპი შემოვლაზეა პალატებში. ერთ პალატაში ერთ პაციენტს ჩამოუჯდა საწოლთან და ალერსიანად ეკითხება:
– აბა, ჯემალიკო, როგორა ხარ, თავს როგორა გრძნობ?
– რა ვიცი, აბა... ძალიან მაგარ გასაჭირში ვარ, ექიმო.
– რათა, რა მოხდა?
– გადამრევენ ეს ქალები (ეტყობა, ამ „პროფილით“ მოხვდა სტაციონარში)!
– რაო, რა უნდათ?
– მეც კაცი ვარ, ადამიანი... განა ამდენი შემიძლია?
– რა შეგიძლია და რა არ შეგიძლია, შეიძლება, მიამბო?
– კი, ბატონო, ოღონდ, არ გამთქვათ... ერთ ღამეს სოფი ლორენთან ვწევარ, მეორე ღამეს – ლიზა ტეილორთან, მესამე ღამეს – ჯინა ლოლობრიჯიდასთან... აგე, წუხელ ბრიჯიტ ბარდოსთან ვიწექი, ამაღამ მირეი მატიესთან უნდა დავწვე, მიცდის... ხვალ საღამოს კიდევ, ანი ჟირარდო და მილენ დე მონჟო ერთად მელოდებიან... შემიძლია მე ამდენი?!
ავლიპმა ცოტა ხანში „გამოსავალი იპოვა“.
– კარგი... შენა ამაღამ მიდი იმ შენს მირეი მატიესთანა, ხვალ საღამოსა ანი ჟირარდოსთან და მილენ დე მონჟოსთან მე მივალ... შეგენაცვლები, გაიგე შენა?
– აგაშენა ღმერთმა, – გაიხარა პაციენტმა.
– შენ როგორ ხარ? – ახლა მეორეს ეკითხება, ჟორჟიკას.
– ცუდად, ექიმო... მატარებლის მემანქანე ვარ და სამ-სამი სმენა გადაბმულად ვმუშაობ. ამაღამაც მატარებელი უნდა ჩავიყვანო ქუთაისში, ხვალ საღამოს ისევ უნდა წამოვიყვანო. გავსავათდი კაცი, აღარ შემიძლია, ბატონო, აღარც ეგეთი ხელფასი მინდა, რა!..
აბა, ანალოგს რაღა მოფიქრება უნდოდა?
– მოკლედ, შენ ჩაიყვანე ამაღამ მატარებელი ქუთაისში და ხვალ საღამოს იქიდან მე წამოვიყვან.
– მართლა? – ამოისუნთქა ჟორჟიკამ.
– ჰო, მართლა, მართლა... თუმცა, მოიცა, ხვალ საღამოს არ მცალია, ორი ფრანგი ქალი მიცდის და, ხომ არ მოვატყუებ? იჰ! – გამოერკვა მაშინვე, – ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და... – წამოხტა და გავარდა პალატიდან“.