დიდი მხატვარი

დიდი მხატვარი

 

დღეს დაბადების დღე აქვს გამოჩენილ ქართველ მხატვარს ელენე ახვლედიანს.

 

ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს დაიბადა ქალაქ თელავში.  მამა - წარმოშობით ლეჩხუმელი თავადიშვილი დიმიტრი ახვლედიანი - ცნობილი სამხედრო ექიმი იყო. დედა - ელისაბედ ერისთავი - ქართული ქირურგიის დამაარსებლის კონსტანტინე ერისთავის ბიძაშვილი იყო.  პატარა ელენე თელავის წმიდა ნინოს სახ. ქალთა სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებაზე შეიყვანეს. 1906-07 წლებში კი ახვლედიანები თბილისში, კლარა ცეტკინის ქუჩაზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

 

ელენე ახვლედიანმა დაწყებითი სამხატვრო განათლება ნ. სკლიფასოვსკის სამხატვრო სტუდიაში მიიღო, რომელიც 1918 წელს მხატვრობის პედაგოგის სპეციალობით დაამთავრა. 1922 წელს სწავლა მან თბილისში ახლადგახსნილ სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, გ. გაბაშვილის კლასში. იმავე წელს, როგორც წარჩინებული სტუდენტი, უცხოეთში მიავლინეს. ელენე ახვლედიანი მხატვრობის ხელოვნებას ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში ეუფლებოდა. პარიზში კოლოროსის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად სწავლობდა. ამ პერიოდშია შესრულებული მისი ცნობილი ტილო “კახეთი, ზამთარი” (1924), რომლითაც თვით დიდი პიკასო ისე მოიხიბლა, მისი შეძენა გადაწყვიტა, თუმცა ავტორმა არ დაუთმო.  პარიზში ცხოვრების დროს (1924-27) ელენე ახვლედიანი “დამოუკიდებელთა სალონისა” და “შემოდგომის სალონის” გამოფენებში მონაწილეობდა. 1926 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენაც “კუატრე შემენის” გალერეაში.  1927 წელს დედის ავადმყოფობის გამო იგი სამშობლოში დაბრუნდა. ელენე ახვლედიანი საქართველოს ბევრ კუთხეში მოგზაურობდა და პეიზაჟებს ტილოზე მისთვის დამახასიათებელი კოლორიტულობით გამოსახავდა. ცნობილია მისი ნამუშევრები: “თელავის ერთ-ერთი კუთხე”, “სიღნაღი”, “იმერეთი”, “შატილი”, “ალაზნის ველი”, “სიღნაღი ზამთარში” და სხვ. 

 

ახვლედიანი ნებისმიერ გარემოში ხატავდა, სუფრასთანაც კი - ხელსახოცებზე. იგი ბაზარში სპეციალურად დადიოდა, რათა გამყიდველების მიერ პროდუქტებისაგან ბუნებრივად შექმნილ ნატურმორტებს დაკვირვებოდა, რათა მერე ტილოზე გადაეტანა. საყოველთაოდ იყო ცნობილი მისი საღამოები, სადაც ქართული ინტელიგენციისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ელენე ახვლედიანი თავის უნიკალურ ნამუშევრებს ხშირად კაპიკებად ყიდდა, ზოგჯერ კი სულაც ჩუქნიდა. მხატვარმა საქართველოში საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. 1934-37 წლებში იგი “სახელგამთან” არსებული საბავშვო ლიტერატურის სექტორის მთავარი მხატვარი იყო. მან შეასრულა ილუსტრაციები როგორც ქართველი ავტორების ნაწარმოებებისთვის, ისე - უცხოელი მწერლების ქართული გამოცემებითვისაც (მარკ ტვენის “ტომ სოიერის თავგადასავალი”, ვიქტორ ჰიუგოს “კაცი, რომელიც იცინის” და სხვ.).  

 

ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა  საინტერესოა თეატრალური მხატვრობის თვალსაზრისითაც.  1928 წელს დიდი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილის მიწვევით იგი თეატრის მხატვარი გახდა. თეატრში მუშაობა მან მთელი სიცოცხლის მანძილზე გააგრძელა, რითაც ქართული თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების განვითარებას დიდი ღვაწლი დასდო. ელენე ახვლედიანმა 72 სპექტაკლი გააფორმა თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების თეატრებში, ასევე მოსკოვის, კიევის, ხარკოვისა და ლენინგრადის თეატრებში.

 

ასევე მრავალფეროვანი აღმოჩნდა მისი მოღვაწეობა მუსიკალურ თეატრშიც (ოპერა, ბალეტი, პანტომიმა). 1930 წლიდან ელენე ახვლედიანის სახელოსნოში პერიოდულად იკრიბებოდნენ მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები, მეცნიერები. იმართებოდა პატარა გამოფენები და კონცერტები, 1950 წლიდან კი მის ბინა-ატელიეში გამართული ცალკეული მხატვრებისა და ბავშვთა ნამუშევრების გამოფენები ქალაქისთვის უკვე ტრადიციად იქცა. სწორედ ელენე ახვლედიანმა გახსნა თბილისში “ბავშვთა ნამუშევართა საგამოფენო დარბაზი”. 1960 წელს ელენე ახვლედიანს საქართველოს სახალხო მხატვრის სახელი მიენიჭა, ხოლო 1971 წელს რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი გახდა.

 

ელენე ახვლედიანი გარდაიცვალა 1975 წლის 30 დეკემბერს.