დიტო გელოვანი: წერილები საქართველოს, დეპეშები საქართველოდან

დიტო გელოვანი: წერილები საქართველოს, დეპეშები საქართველოდან

...სიმწრით კრუსუნებდა ტახტზე მიწოლილი ჩიჩიო. ”ცხელი წყალი მომიტანეთ, რა... პირს გამოვივლებ... სულ ვერ ვლაპარაკობ... პირი გამეგლისა... ენას მიბორკავს... ის ტაფა გაიტანეთ, რა... ვეღარ ვუყურებ” ”ზეთისხილი მიატანე, - ურჩია ოთო ექიმმა, - ზედმეტ ქონს შეიწოვს” ”აჰ, არა... არა... - ძლივს იუარა ჩიჩიომ, ზეთისხილს ვერ ვიტან... ზეთისხილზე... მაჟრიალებს. ტაშტი მომეცით...” ცხელი წყლით გამოივლო პირი; ცოტას მოსვამდა, თავს გადაწევდა - ღრღრღღღ... უოპ! ფუჰ... - ცოტა მოეშვა, პირაღმა გადაწვა, ჯერ მაინც სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა: - მე თუ მკითხავთ, ჰალეებო... სულელი იყო ის ძველი ხალხი... რომ გამოიგონეს... ზეთისხილის რტო სიკეთეს ნიშნავსო... აგერ, ნაცნობისას, შარშან... ქეიფზე... ზეთისხილიც ჰქონდათ სუფრაზ და სამნაირი ხიზილალაც და ყველაფერი, მაგრამ მაინც შვიდი კაცი დაიბრიდა, ჰალე”, ”რამდენი?” ”ოთხი... და მჟავე კიტრი ხომ არ გაქვთ, ჰალე? ეგებ მიშველოს...”

(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)

 

მჟავე კიტრი საქმეს რომ შველოდეს, მაშინ, 2008 წლის აგვისტოში სამხედრო-მეგობრული ხომალდები წყალს კი არ ჩამოგვიტანდნენ! ზეთისხილი რომ შველოდეს საქმეს... სად არის საქმე, თორემ კი! საქმე არ არის, არც გაგება. უსაქმური და გაუგებარი ხალხით გაივსო დანიის სამეფო, მაგრამ... ყველა ეს უსაქმური და გაუგებარი, ამავე დროს, არის მხიარული და საზრიანი.

კლუბია ეგეთი - ”მხიარულთა და საზრიანთა კლუბი”, რუსულ-საბჭოთა გადმონაშთი, ეს კლუბი პროფესიონალ მასხარებს უშვებს, ახლობლების ტრაგედიაზე ღლიცინით იწყებენ და საკუთარი ქვეყნის უბედურებაზე ღლიცინით აგრძლებენ. დასასრული? აი, ეგ კი არ ვიცი - დასასრული ჯერ არ ყოფილა და როდის იქნება და როგორ იქნება, მაგაზეა დამოკიდებული დასაწყისი.

 

ერთმა იდიოტმა დასვა კითხვა: ”ჰიტლერის ყველაზე დიდი დამსახურება?”

მეორე იდიოტმა უპასუხა: ”უფასო გაზი თითოეულ ებრაულ ოჯახში”.

მესამე იდიოტმა გაიცინა. გაიცინაოოო!!! და, გაიცინეს მეოთხე და მეხუთე იდიოტებმაც. მერე, მთელი დარბაზი იცინოდა. დარბაზი იდიოტებით იყო სავსე.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რესურსი არჩევნებშიო - რომ იტყვიან, ჩამოთვლიან ხოლმე: ეს - ეროვნული უმცირესობებიო, ეს - სექსუალური უმცირესობებიო, ეს - ძალოვანი სტრუქტურებიო, ეს - სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებიო, ეს - დევნილებიო... ხოლო ის დარბაზი, რატომღაც, ყველას ავიწყდება. დარბაზი იდიოტებით იყო სავსე.

 

მერე, იმ იდიოტებმა ბოდიშები იხადეს, მაგრამ მაინც იდიოტებად დარჩნენ, რადგან როდესაც ადამიანი იდიოტია, ის დიდი ხნით არის იდიოტი და მათი იდიოტობის ხარისხი, როგორც წესი, არჩევნების შედეგით განისაზღვრება. ამ 20 წელიწადში ხან 87 პროცენტი იყო იდიოტი, ხან - 94 პროცენტი და ხანაც - 96 პროცენტი. დანარჩენები უმცირესობაში იყვნენ და, მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ეს არის ერთადერთი უმცირესობა, რომლის უფლებების დასაცავადაც ჯერ არ დახარჯულა არც ერთი გრანტი.

 

იყო ეგეთი იდიოტური გადაცემა - ”სიმართლის დრო”. შარშან ზაფხულში ვიღაც ზვიადისტი ეჯდათ. გაგიკვრდება, ავთანდილოვიჩ, მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა. ”მართალია, რომ ესა და ეს ბიჭები აქა და აქ აიყვანეს და დახვრიტეს?” - იყო კითხვა. ”მართალია” - იყო პასუხი. ”ეს პასუხი არის სიმართლე” - დაადასტურა ქარიზმატულმა ხმამ. დარბაზში იყო ტაში.

ეს იყო იმასა და ამას შორის. იმას-მეთქი და იმას ვგულისხმობ ერთმა ტანგრძელმა ათასობით ჭკუამოკლეს დამარცხება გამარჯვებად რომ შეასაღა და ტაში რომ აკვრევინა.

 

სამაგიეროდ, როგორც გასულ კვირაში გაირკვა, იმ ტანგრძელს საკუთარმა მინისტრმა წყლის ნაცვლად ფეკალიები შეასაღა. ”კაი გემრიელი წყალი კი არის” - თქვა მაშინ ტანგრძლმა. ინფრასტრუქტურის მინისტრს სახეზე ალმური მოედო, მაგრამ კიდევ კარგი, სახანძრო მანქანები იქვე იყვნენ.

 

როგორც გაირკვა, საჩხერეში მიშიკოს ყვირილადან ამოტუმბული წყალი ასვეს. ყვირილა-პაჟარკამანდა-შლანგი-პრეზიდენტი - ასეთი იყო მარშრუტი და ასეთი იყო ტრაექტორია.

 

მოკლედ, მიშას კორტეჟი ნელ-ნელა იზრდება. თუ სადმე წყაროს ხსნის, სახანძრო მანქანები იქვე დგანან. წყაროდან შლანგს ნუ წამოიღებთ! ჰოდა, რამაზ ნიკოლაიშვილს ერთ რაციონალურ აზრს მივაწვდი - ნუ დაიხარჯებით წყაროების მოწყობა-მოპირკეთებაზე, პრეზიდენტს წყალი პირდაპირ სახანძრო მანქანებიდან ასვით და, ყოველი შემთხვევისათვის, თან ერთი გადასატანი ბიოტუალეტიც ატარეთ.

 

რა იცი, რა ხდება... საქმე არ არის, არც გაგება. უსაქმური და გაუგებარი ხალხით გაივსო დანიის სამეფო. სუნი... რაღაც გაიხრწნა და საბოლოოდ გაიხრწნენ ვიღაცეები.

 

”ამასთან, აღნიშნავენ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობა გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა ამ ტიპის შეცდომები აღარ მოხდეს” – ”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.

 

ხი-ხი... სამედიცინოს მხიარულებს და საზრიანებს საკუთარი გუნდისთვის ”კოზა ნოსტრა” დაურქმევიათ. აი, რას ნიშნავს ქვეყნის დასავლური ორიენტაცია! ჩვენი პოლიტიკური ვექტორი ჩრდილოეთისკენ რომ იყოს მიმართული, გუნდს ალბათ ”იაპონჩიკს” დაარქმევდნენ და ფუკუსიმაზე იღლიცინებდნენ.

 

თუმცა, რამდენი ღონისძიებაც არ უნდა გაატაროს სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, კიდევ ბევრჯერ მოუწევს ბოდიშის მოხდა იმ მაკრატლების გამო, რომლებსაც მხიარული და საზრიანი ექიმები ასობით და ათასობით ჩატოვებენ სევდიანი და უაზრო ამომრჩევლების მუცლის ღრუში.

 

თუმცა, მაკრატლიანი ამომრჩევლებისთვის ერთი კარგი ამბავი მაქვს - სამსახურებრივი გულგრილობისთვის კანონი მკაცრდება. ”სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებების პროექტის თანახმად, კოდექსს ახალი პრიმა მუხლი ემატება - ”გულგრილობა”.

 

ანუ, როდესაც აწი დევნილებს სახლებიდან გამოყრიან, კობა სუბელიანმა ამ ყველაფერს გულგრილად კი არ უნდა უცქიროს, არამედ თმები უნდა დაიგლიჯოს, სახე ჩამოიკაწროს და ყოველ ათ წუთში ”ეს რას მოვესწარი, მე, უბედური!” უნდა ამოისლუკუნოს.

 

დავით ბაქრაძე ბედნიერია - სტრასბურგიდან ახალ და კარგ ამბებს ელოდება. ”იმედი მაქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში გვექნება დადებითი ახალი ამბები სტრასბურგიდან” – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის - ქართულ-რუსული ურთიერთობების და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები.

 

ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ განხილვაა დაგეგმილი და ბაქრაძე უკვე ბედნიერია. ახლა, წარმოიდგინეთ, ამ განხილვის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია რომ დაიწყება, ბაქრაძეს შეიძლება სიხარულით გული გაუსკდეს კიდეც.

 

ბაქრაძეს ჯვარი წერია, მაგრამ ეგ რომ საოპერაციო გახდეს და ”კოზა ნოსტრას” ხელში მოხვდეს, წარმოდგენაც კი მზარავს, რა მოხდება. მაინც გეტყვით - ბაქრაძეს მუცელში მაკრატელი ექნება, ხელში - ჩაქუჩი.

 

აუ, დეოკუპაცია დაიწყოს და, ჯანდაბას, ხელჩაქუჩიან და მუცელმაკრატლიან ბაქრაძესაც ავიტანთ როგორმე... ვიხუმრე - ხელჩაქუჩიანი ბაქრაძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისეთივე შეუთავსებელია, როგორც ყავა და ლუდი.

 

”მსხვრევა-მტვრევასა და ჩაქუჩების სროლასთან დაკავშირებულ პოზიციას ქართულ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს” - თქვა ნუგზარ წიკლაურმა. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ წავლენ წიკლაური და წაკლაურები.

 

ბაქრაძისთვის ცუდი ამბავი მაქვს - ქართული არმიის შეიარაღებაში კოვზებს და ჩანგლებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.

 

”ქართული პარტია” მზადაა, ნინო ბურჯანაძეს ხელი გაუწოდოს - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტიის გენერალურმა მდივანმა კოკა გუნცაძემ განუცხადა. მისი თქმით, ორივე მხარემ უნდა დაძლიოს ძველი პირადი წყენები, რათა საერთო სამოქალაქო პოლიტიკურ თანხმობას მიაღწიონ.

საინტერესო რაღაცეები ხდება... ალბათ, მოხდება კიდეც, თუმცა, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს ეს. ერთადერთი ვარიანტია - ლევან გაჩეჩილაძე უნდა გაირიცხოს ”ქართული პარტიიდან” და ნინო ბურჯანაძე უნდა გაეყაროს ქმარს.

 

მესმის, რომ გუნცაძეს თვალის ჩინზე მეტად უღირს თანხმობა და სიყვარული, მაგრამ თვალის ჩინი მაინც თვალის ჩინია და როცა გუნცაძე ბურჯანაძეს ხელს ჩამოართმევს, ჯობს არ დახედოს თითებზე და არ შეხედოს ყურებზე. თუ მაინც დახედავს და შეხედავს, მთლად შემდუღებლის ნიღაბი თუ არა, ”რეიბანები” მაინც უნდა გაიკეთოს.

 

”ამ ეტაპზე კრიტიკისგან ყველამ თავი უნდა შევიკავოთ. ჩვენ ხელი გავუწოდეთ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ბურჯანაძის პარტიასაც და მათგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”, - აღნიშნა გუნცაძემ.

 

არადა, რამდენიმე დღით ადრე ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის აბდაუბდა არ აინტერესებს და ბურჯანაძე და მისი ქმარი რეჟიმის შეცვლას თერჯოლის რაიკომის ჭრილიდან უყურებენ.

 

ანუ - ”ტი ჟიზნ ვიძის იზ აკნა მაევო პერსონალნოგო ავტომობილია”.

 

ზემოთ ნუგზარ წიკლაურს დავეთანხმე და ახლა ირაკლი ოქრუაშვილს დავეთანხმები. ჯანსაღი პოლიტიკური ძალა პროცესებს თერჯოლის რაიკომის ჭრილიდან არ დააკვირდება.

 

ანუ ”ხელი გავუწოდეთ ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას” ამ შემთხვევაში ითარგმნება, როგორც ”პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით”.

 

გუნცაძე კი ცდილობს, რომ შეერთდეს და შეერთდეს უსაფრთხოდ, მაგრამ ხან ვინ გამოხტება და ხან - ვინ. მაგალითად, გია კობახიძე. ”პარიზიდან ალბათ ყველაფერი სხვანაირად ჩანს”, - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელმა გია კობახიძემ ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს კომენტირებისას.

 

კი, რა თქმა უნდა, პარიზიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, ვინ უყურებს? ირაკლი ოქრუაშვილი სხვანაირად ხედავს და გია კობახიძე სხვანაირად დაინახავდა, მაგრამ რად გვინდა ოქრუაშვილი და კობახიძე? ბატონებო, თუ ოდესმე პარიზში მოვხვდებით, მოდით, აქაურობა ისე დავინახოთ, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი ხედავდა. ისე კი, სულაც არ არის საჭირო ამისთვის პარიზში წასვლა, ზემო იმერეთი და ქვემო რაჭაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს მიწერო წერილები, აუხსნა სიყვარული, როგორც მაგალითად ელგამ, ფოლადაშვილმა.

 

”წერილები საქართველოს” ასე ჰქვია ელგას წიგნს, გასულ კვირაში გაყიდვიდან რომ ამოიღეს. მარკეტინგი შეიცვალაო... ეგრეა - ჩარეცხვით იწყებენ ხოლმე და მერე დაჭერებზე გადადიან...

 

ელგა, უძვირფასესო, ის დროა დაჯდე და დაწერო ”დეპეშები საქართველოდან”. აი, მაგაზე კი აუცილებლად დაგიჭერენ და მთავარი ბრალმდებელი სწორედ ის თხუნელა იქნება, ყველა რომ თავზე უშვრებოდა.

 

ხოლო სანდრო ბრეგაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა - ”თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული”-ო. ცოტნე ბაკურია ალბათ სხვანაირად ხედავს სანდრო ბრეგაძეს იქიდან, ლოს-ანჟელესიდან. 2011 წლის თბილისიდან ისევ ისე ვხედავ ბაკურიას და ბრეგაძეს, როგორც 1991 წლის თბილისიდან ვხედავდი. ძველი ამბავია, კარგად დავიწყებული.

 

ლეიბორისტებმა დროებით დაივიწყეს ხუდადოვის ქუჩაზე დასაკეტი ვინტილი და ახლა ამერიკის საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტს მისდგნენ. არა, მაგათ ნამდვილად უნდა მისდგე, მაგრამ გააჩნია...

 

მოკლედ, როცა დენის ქვითარი მოდის - უნდა გადაიხადო. გაზის ქვითარი მოდის - უნდა გადაიხადო. სიგარეტი გინდა? უნდა გადაიხადო. ძეხვი, პური, ლუდი... უნდა გადაიხადო. რომ გადაიხადო - უნდა იმუშაო. თუ არ მუშაობ - უნდა ისესხო და მერე რამე გაყიდო და ვალი გაისტუმრო.

 

როგორ იქცევიან ლეიბორისტები? ლეიბორისტები მუშაობენ და ფულიც აქვთ. ლეიბორისტები მუშაობენ ლეიბორისტებად. დენის ქვითარი მოუვიდათ და, აიჭრნენ ხუდადოვზე. გაზის ქვითარი მოუვიდათ და, მისდგნენ ენდიაი-ს. ახალი მანქანისა და ახალი აგარაკის ყიდვა გადაწყვიტეს და - თეთრ სახლთან აქცია გამართეს. მუშაობენ და მუშაობენ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ძალიან მალე სერიოზული უმუშევრობა ემუქრებათ.

 

”ლეიბორისტული პარტია" შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინების მშენებლობას აპროტესტებს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიციის თანამშრომლებისთვის სასათბურე პირობების შექმნა პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება პოლიციის მოსყიდვას ცდილობს” - ნიუსი იყო. გააპროტესტა და დაივიწყა. ხუდადოვზე რომ ვინტილია დასაკეტი, არც ის ახსოვს. თქვენ თუ გახსოვთ ზაზა ბეგაშვილი? შავი ზაზა! იყო ასეთი ლეიბორისტი (მშრომელი). არ გახსოვთ? საოცარია, ღმერთმანი... ააა, ზაზა ბეგაშვილი გახსოვთ, მაგრამ ის არ გახსოვთ, ლეიბორისტი რომ იყო. ყველაფერი გასაგებია, თუმცა მაინც მიკვირს.

 

ყველას უკვირსო - მიშამ. ყველას უკვირს, ჩვენი ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალო... ”საბერძნეთი ჩამოიშალა, პორტუგალიაში ასეთი პრობლემებია. ირლანდიას, ისლანდიას და ასეთ ქვეყნებს ინვესტორების უმეტესობა აღარ ენდობა და უცებ საქართველომ ყველაზე წარმატებული საკრედიტო რესურსის გაგრძელება მოახერხა. უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგი ნამუშევარია” - მიშა გაცილებით გახარებული ჩანდა, ვიდრე ბაქრაძე, რომელიც ”სტრასბურგიდან კარგ ამბებს ელოდება”.

 

ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა, დუშეთის ფლოტი ყველაზე ძლიერია მსოფლიოში... კარგი ნამუშევარია. და თავად სააკაშვილზე როგორ უნდა ვთქვათ - ”კარგი ნამუშევარია” თუ ”მაგარი ჩამოსხმაა”?

 

ჩვენში დარჩეს და, ნიკოლაიშვილმაც ხომ მაგარი ჩამოუსხა? საჩხერეში სახანძრო მანქანიდან წყალს რომ დალევ და გომბორზე ნაპრალში რომ არწყევ, ე, სწორედ ეგ არის ინფრასტრუქტურა.

 

აბა, ჰე - ასეთი დამშვიდობება ვერ არის სტრუქტურულად მთლად გამართული, მაგრამ მაინც ასე დაგემშვიდობებით.

 

ო.ქ.დ. (ორივე ქოთანი დავბრიდოთ) ”ორი ქოთანი ვიყიდე - ჰიყ, ყურიანი და უყურო - პიყ, ორივე ქოთანი დავბრიდე  - ჰიყ, ყურიანიც და უყუროც - პიყ. მე რითმიანი ლექსები მიყვარს - აღიარა ჩიჩიომ, - ცოტა გადამიარა ხომ იცი, ჰალე, რა არის ქვეყნად სიმშვიდის ფასი...

(გურამ დოჩანაშვილი, ”სამოსელი პირველი”)