”სამოცდაცამეტი წლის კაცი გამოვდივარ და ვქაქანებ, გამოდით და დამიდექით გვერდით ...”

”სამოცდაცამეტი წლის კაცი გამოვდივარ და ვქაქანებ, გამოდით და დამიდექით გვერდით ...”

[შორენა ჭიაურელი]

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ საპატიმროებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების გახშირების გამო, საყოველთაო დეკლარაცია გამოაქვეყნა. ხელმომწერთა შორის მომღერალი ლელიკო ჯაფარიძეც არის. 

ლაზარეს აღდგინების დღეს, 16 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვა-ლოცვაში გარდაცვლილი პატიმრები, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ მოიხსენია.

მომღერალს, მოკვდინებული პატიმრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.

ლელიკო ჯაფარიძე: -პირველ რიგში, ხალხი უნდა გათავისუფლდეს ამ ტერორისგან და იმ უბედურებისგან, რაც ქვეყანაში ხდება. როდესაც ადამიანს პატიმრის სახელი ერქმევა, მას ყველანაირი უფლება აქვს წართმეული. ციხეში პატიმარი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, - ეს ბუნებრივია, თუმცა როდესაც მას ფიზიკურად უსწორდებიან იქ, ეს უკვე დანაშაულია. დანაშაულია, ხელისუფლების და იმ ორგანოების მხრიდან, რომლებიც იქ მუშაობენ.

ამდენი რაოდენობის პატიმარი არცერთ ქვეყანას არ ჰყავს. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. საპატიმროებში არეულია მონასტერი, ტუბერკულიზით დაავადებული და ჯანმრთელი პატიმრები ერთად სხედან და ერთად სუნთქავენ იმ ჰაერს, რაც იმ პატარა ოთახებშია. ძალიან დიდი შანსია იმის, რომ უცებ დაავადდეს ჯანმრთელი პატიმარი ტუბერკულოზით.

შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დეკლარაციამ ხელისუფლებაზე?

-მე ვთვლი, რომ ამ დეკლარაციით ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს ის, რასაც ჰქვია პატიმრის პატივისცემა. პარლამენტმა უნდა მიიღოს და უნდა დაამტკიცოს ეს დეკლარაცია. არ აქვს მნიშვნელობა დეკლარაცია შენია, ჩემია თუ მისია, რამდენადაც მეტი საუბარი იქნება ამ თემაზე, იმდენი მეტი საშველი ექნება ქართველ ერს, რომ ცოტა ამოისუნთქოს.

კონკრეტულად რას სთავაზობთ საზოგადოებას?

-პირველი: უნდა გაკეთდეს ამნისტია პატიმრებზე, მითუმეტეს იმ პატიმრებზე, რომლებიც უდანაშაულოდ არიან დაპატიმრებულები.

მეორე: უნდა შეწყდეს ყოველგვარი წამება პატიმრების, რომლებიც ისედაც იმყოფებიან საშინლად გაუსაძლის მდგომარეობაში.

ხალხი ნელ ნელა დარწმუნდება, რომ აქციებზე უნდა გამოვიდეს. გუშინ ვუსმენდი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, ქრისტიან-დემოკრატების გამოსვლას. ყველა ლაპარაკობს ერთი და იგივეს, რომ ამნისტია საჭიროა. ძალიან კარგია, რომ ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რომ წინააღმდეგობის მოძრაობამ გაიღო მსხვერპლი ამ ამბავთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვიძახით, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, ეს თავისთავად მოხდება, ის წავა.

შეუერთდნენ თუ არა ეს პარტიები დეკლარაციას?

-ვითომ და, ”ელიტა-პარტიებს” შიდა წეწვა-გლეჯვა რომ აქვთ ატეხილი, მე ამის არ მჯერა, არც ნინოსი, არც ლევანისი, არც რვიანის... მაგათ არ აწუხებთ ერის მდგომარეობა. როგორ შეიძლება გამოვიდნენ ლიდერები და იგივე თემა ასწიონ, სადაც მათ ძალიან ცუდად ჩაისვარეს ერთ დროს. ყველას რეიტინგი არის ძალიან დაბალი, მთავარი არის ხალხი.

იმის შემდეგ, რაც აქტიურად მივიღე მონაწილება აქციებში, მედიაში და ასეთ საკითხებში, ორი კვირის წინ, სადარბაზოში რამდენიმე პიროვნება დამხვდა და გამლახა. დალილავებული ვიყავი. მიზეზი ყურში ჩამძახეს,- გაზეთში ჯღაპვნას, აქციებზე სიარულს და ოფისებში სირბილს დაანებე თავიო.

ის, რომ მე დამხვდნენ სადარბაზოში, ეგ არ შემაშინებს, რადგან გავლილი მაქვს ძალიან დიდი ცხოვრება...

თქვენ აპირებთ, რომ მათ ეს სურვილი შეუსრულოთ?

გამორიცხულია,... არ არსებობს... მანამ სანამ სული მიდგას პირში, დედას ვუტირებ! სამოცდამეცამეტე წელში ვარ უკვე, პატარა ბიჭი აღარ ვარ. მე როცა მიბედავენ ამისთანა რამეს, აქედან ჩანს, თუ როგორი გამძვინვარებულია პოლიცია, მთავრობა... მე გამიბედეს ასეთი რაღაც და წარმომიდგენია სხვას რას უზამენ.

რამდენჯერ მივმართე ქართველ ერს, რამდენჯერ მოვუწოდე, რომ გამოვიდნენ გარეთ და აქციებს შეუერთდნენ. მართალია შიშის სინდრომი არსებობს, თუმცა ეს თუ არ გადაილახა უარესი მოხდება. მისცენ თავს იმის უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აღშფოთება. ხალხს ვეუბნები ერთს, ამ შიშის გრძნობას რომ გადააბიჯებთ, მეორედ დაიბადებით. ამიტომ, დავდგეთ ერთად, დღეს არ არის იმის დრო, რომ ამ პარტიებმა იქაქანონ ერთმანეთის წყენაზე. იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, ვინ იქნება პირველი და ვინ მეორე, პირიქით ყველა უნდა დავდგეთ ერთად.

იმედით უყურებთ ამ პროცესს? რეალურად შეიცვლება რამე?

მე გამოვდივარ სამოცდაცამეტი წლის კაცი და ამდენს ვქაქანებ, გამოდით და დამიდექით თქვენც გვერდით. სანამ ეს ხელისუფლება იქნება, ეს ბოროტება უფრო გაიზრდება, რადგან ის დაინახავს, რომ ჩვენ ვართ მთხლე და შეიძლება ჩვენი გადაბიჯება.