"მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო. ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო!"

დღეს, 13 აპრილს, ქართველი მსახიობისა და პოეტის, ნიკო გომელაურის გარდაცვალებიდან 1 წელი შესრულდა.  ნიკო გომელაური 2010 წლის 13 აპრილის, 40 წლის ასაკში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. პირველი როლი შეასრულა თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი". ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.

მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

გთავაზობთ ნიკო გომელაურის რამდენიმე ლექსს:

...

არ ჩერდებაო დრო,

ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...

და ეთანხმება ბრბო,

ასე არ არის განა?!

-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,

დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...

...

გადის ცხოვრება, გადის...

მაისი თრთოდა

სხვადასხვა ფერად,

მოხვედი, ჰოდა:

ვიყოთო ერთად...

...

უსიტყვოდ გენდე

(ნეტავ ვინ მთხოვა?)

და იმის შემდეგ

არ წყდება თოვა...

ცხოვრება გადიიიის...

...

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,

იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!

მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო

- ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.

იქვე იყო კარი მოპირდაპირე,

იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.

ახლა ვეძებ (გამიფუჭდა განწყობა)

ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

...

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,

მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...

აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,

მაგრამ მაინც, მაინც ვილტვი..

აღარ დამრჩა ნერვი ღერი,

მაგრამ მაინც, მაინც ვმღერი...

მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,

რადგან ერთი რაღაც დამრჩა...