ბრიტანული ფსიქოდელია, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებში მალევე გავრცელდა, ძირეულად განსხვავებულია ამერიკულისგან, რომლის საფუძვლად ჰიპიზმი და არა ტერმინოლოგიური თვალსაზრისით სადავო ბობ დილანისეული ფოლკ როკი იქცა.
საერთოდ, ჟანრი „ფოლკ-როკი“ საკმაოდ სათუთია და მის შესახებ ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ. ერთი კია, რომ შტატებისგან განსხვავებით, ბრიტანეთში აშკარაა მისი გავლენა ფსიქოდელიური როკის განვითარების საკმაოდ ვრცელ დიაპაზონზე, თუმც ხარისხობრივ მწვერვალზე, იგი სამწუხაროდ დიდხანს არ გაჩერებულა.
ფოლკ როკის მხრიდან ფსიქოდელია ბრიტანულ როკში ერთის მხრივ აკუსტიკური, მეორეს მხრივ კი ამერიკული ჰიპიზმის ზეგავლენით გავრცელდა.
პირველის მაგალითებია: 1) Comus-ის 1971 წლის ალბომი-შედევრი First Utterance, რომლის უმდიდრესი აკუსტიკური ორკესტრი ისეთ სიახლედ იქცა როკ ცნობიერებაში, რომ მოგვიანებით იგი ფსიქოდელიურ ფოლკადაც კი შერაცხეს; 2) Spirogyra-ს 1971 წლის ალბომი-შედევრი St. Radigunds, რომელიც ხასიათით ახლოსაა Comus-თან, თუმც უფრო მსუბუქად ისმინება.
ამერიკული ჰიპიზმის ზეგავლენით მოცულ ინგლისურ ფოლკ-როკ ბენდთაგან კი შეგვიძლია გამოვყოთ მაგალითად Donovan, Pentangle, Steeleye Span, Fairport Convention, String Incredible Band.
ისინი თვითმყოფადობით ორ ზემოთქმულს ნამდვილად ჩამოუვარდებოდნენ, თუმც მათგან განსხვავებით დიდხანს იარსებეს და თანაც გამორჩეულად ფსიქოდელიური ალბომები მხოლოდ ჰიპების აღზევების პერიოდში, ანუ 1967-1969 წლებში ჩაწერეს.
სადავოა The Beatles-ის “ფოლკ-როკულობის“ საკითხი, თუმც პირველი ალბომები დროთა განმავლობაში როკ კრიტიკამ ამ კრიტერიუმშიც შეიყვანა.
მეორეს მხრივ, საიდან ფსიქოდელია ლეგენდარული ოთხეულის ადრინდელ შედევრებში? The Beatles-ს ხომ თუნდაც The Rolling Stones-გან განსხვავებით არასოდეს გადაუმღერებია „შავი“ თუ „თეთრი“ ტრადიციული სტანდარტები.
The Beatles უბრალოდ ცალკე თემაა და ბოლომდე მისი გამოკვლევა აბსურდამდე მიგვიყვანს, თუნდაც ჯაზური სამყაროს მხრიდან მისი რეპერტუარის ასე ფართოდ გამოყენების გამო...
ბრიტანული ფსიქოდელიის გაცილებით ვრცელი სფერო პროგრესივ როკ სივრცემ მოიცვა, თუმც აქ ხშირ შემთხვევაში სადავოა მიდგომა ზოგადად ფსიქოდელიასთან. მაგალითად, როგორ შევაფასებდით პროგრესივ/მონსტრ King Crimson-ის შემოქმედებას?
ერთის მხრივ აშკარაა საწყისი პერიოდის სიმღერების - I Talk To The Wind, 21 Century Schizoid Man, Epitaph ფსიქოდელიურობა, მეორეს მხრივ 1974 წლის Red-ის კომპოზიციებს One More Red Nightmare-სა და Starless-ს შორის შეგვიძლია ზღვრის გავლება არაფსიქოდელიურობასა და ფსიქოდელიურობას შორის.
ამით თითქოს სრულდება კიდეც ფსიქოდელიური მუსიკის ხანა ინგლისში, რადგან 1974 წელს არაერთი პროგრესივ მონსტრი დაიშალა.
ბრიტანული ფსიქოდელიის ცალკე მდგომი წარმომადგენელია მომღერალი არტურ ბრაუნი, რომელმაც 1968 წელს ამ ჟანრის უნიკალური ნაწარმოები Crazy World Of Arthur Brown შექმნა.
Crazy World Of Arthur Brown-ის ფსიქოდელიის ფუნდამენტი თითქოს არც ჰიპიზმია, არც ფოლკი, არც ჰარდი, არც როკ’ნ’როლი, არც ბლუზი, თუმც მომღერალი თითოეულ ამ მიმართულებას შეეხო და საოცარი ნაზავი შექმნა იქამდე არსებული პოპ მუსიკალური მიმართულებებისა.
Crazy World Of Arthur Brown-ში არტურ ბრაუნთან ერთად გამორჩეული ფიგურა იყო პიანისტი ვინსენტ ქრეინი, რომელმაც 1970 წელს Atomic Rooster შექმნა. ეს ჯგუფი თავის მხრივ იქცა პროგრესივ/მონსტრ Emerson Lake & Palmer-თვის დრამერ კარლ პალმერის მიმწოდებლად.
ამ სამკუთხედის მიხედვით, რაც უფრო მეტად მახვილდებოდა ყურადღება მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობაზე, მით უფრო კლებულობდა ფსიქოდელიის დოზები მათ შემოქმედებაში.
ამ მხრივ Atomic Rooster-ს შუალედური პოზიცია ეკავა დანარჩენ ორ ჯგუფს შორის, თუმც ვინსენტ ქრეინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შემადგენლობების ხშირი ცვლის მიუხედავად, მან 1973 წლის ჩათვლით შეინარჩუნა ფსიქოდელიური მუხტი რეპერტუარში ჰარდ როკის საკმაო დოზის ფონზე.
საინტერესოა ბრიტანული ჰარდ როკ ჯგუფების ფსიქოდელიურობის საკითხი. პასუხი მარტივია - რამდენადაც ჰიპები იყვნენ ისინი (არ იგულისხმება თმების სიგრძე), იმდენად ფსიქოდელიურები.
ამგვარად Deep Purple-ის, Led Zeppelin-ისა თუ Black Sabbath-ის ამ კრიტერიუმში შეყვანა არ იქნებოდა სწორი, თუმც ცალკეული სიმღერები საპირისპიროს მეტყველებენ.
ჰარდ როკ კოლექტივებში პროგრესივ მხრის ზრდასთან ერთად რომ მატულობდა ფსიქოდელიის დოზა, ამის საუკეთესო მაგალითია Uriah Heep-ის პირველი ორი ალბომი. აი Look At Yourself-დან მოყოლებული კი ჯგუფი თანდათანობით შეელია კენ ჰენსლის თავდაპირველ ჯგუფ The Gods-ის სურნელს...
ჰარდ როკის განხრით ფსიქოდელია ინგლისურ ჯგუფებში მცირე დოზით ჰიპიზმის გზით მაინც შემოიჭრა. ამის ნათელი მაგალითებია Humble Pie და ნაკლებად ცნობილი Leaf Hound-ის 1970-იანებში ერთადერთი ალბომი, რომელშიც ზემოთხსენებული Atomic Rooster-ის ერთ-ერთი ვოკალისტი პიტი ფრენჩი მღეროდა.
ბლუზური ფსიქოდელიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია ჯონ მაიალის 70-იანების საწყისი პერიოდის ალბომები, Ten Years After, Fleetwood Mac, John Dummer Blues Band.
ბრიტანული ფსიქოდელიის პროგრესივ/ფსიქოდელიის ყველაზე გახმაურებული ნიმუში კი 1968-1973 წლების Pink Floyd-ია, რომლის The Dark Side Of The Moon-ს საბჭოთა მელომანი აუცილებლად ჩაბნელებულ ოთახში უსმენდა ხოლმე…
საინტერესოა, რომ Pink Floyd-ის პარალეურად, ჩამოყალიბდა კიდევ ერთი პროგრესივ/ მონსტრი Soft Machine. ამ ჯგუფებს არსებობის საწყის წლებში საერთო პროდიუსერი - გომელსკი ჰყავდა, რომელთან კოონფლიქტის გამოც 1964 წელს ერიკ კლაპტონმა ამ პროდიუსერთან მომუშავე მაშინდელი ჯგუფი The Yardbirds დატოვა...
Soft Machine კენტერბერის სცენის წარმომადგენელია - ჟანრისა, რომელიც პროგრესივ/როკის უმნიშვნელოვანეს განშტოებად იქცა ფსიქოდელიის საკმაო დოზებით …
(გაგრძელება იქნება)