თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე იხსენებდა: “ნატვრის ხეს” ვიღებდით, უცებ ბატონმა თენგიზმა დაიძახა, “მზად არის”. დასტაცეს ასისტენტმა ბიჭებმა ხელი სესილია თაყაიშვილს და ჩასვეს ტალახში, ამაზე ირგვლივ სიცილ – ხარხარი ატყდა. თენგიზმა ისევ დაიძახა: “მატორ!“ სესილია ნამდვილი მსახიობი იყო. უცებ მონუსხა ყველა. იჯდა სესილია ტალახში, დასვრილ ხელებს ასავსავებდა, თითოეულ მათგანს თვალებში უყურებდა... მის თვალებში იკითხებოდა, აი, შენ ხარ დამნაშავე, შენც... უცებ თითქოს გაიყინა ყველა, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმდენად გასაოცრად, დამაჯერებლად გაითამაშა ეს სცენა, ერთი დუბლის მეტი არ დაგვჭირვებია.
რადგან ხელები დიდხანს ჰქონდა ტალახში, სცენის გადაღების შემდეგ საშინელი ალერგია დაეწყო. სთხოვდნენ ხელთათმანების ჩაცმას, მაგრამ არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, მის ხელებს ერთ წელიწადს მკურნალობდნენ, ინფექცია ჰქონდა შეჭრილი”.
ღორებთან დაკავშირებულ ერთ უსამოვნო ამბავს მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასე იგონებდა: “დონ კიხოტის” გადამღები ჯგუფი მთის ფერდობზე იდგა, მე და ჩემი ბატონი – ხევში. გამოუშვეს ღორები, უცებ კახი კავსაძე მეუბნება: შეხედე, ერთი, ეგებ შორიდან კარგად ვერ ვხედავ, ღორები ძალიან დიდები მეჩვენებიანო. დიდებიო? უზარმაზარი ღორები მორბიან ჩვენსკენ. “წაუწექით! წაუწექით!” ზემოდან დაგვძახის ბატონი რეზო ჩხეიძე. მე, ახალგაზრდა და გამოუცდელი, უფრო ადვილად გავბრიყვდი და მიწაზე დავწექი.
უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ერთი ღორი ფეხზე დამახტა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს კი მესამე. ცუდად გავხდი, პირი დავაღე და რაც შემიძლია, ვღრიალებ. მიშველეთ, მიშველეთ! “კარგია”. მამხნევებს შორიდან ბატონი რეზოს შეძახილი. კიდევ კარგი, კახი მიხვდა, რომ მართლა ცუდად იყო საქმე. ხმალი იშიშვლა და ღორებს დაერია, მოკლედ, შემთხვევით გადავრჩი. ბატონი კახიც რომ “ჩაწოლილიყო”, უეჭველად ორივენი დავიღუპებოდით, ყოველ შემთხვევაში, უყუროდ ან უცხვირპიროდ მაინც დავრჩებოდით”.
ბაადურ წულაძე იგონებდა: “მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამეულის შესახებ ძირითადად თბილისის შემოგარენში ვიღებდით. ყველაზე შორს კასპში გავდიოდით მანქანით. მე, კახა და ბერიკა – გადამღები ჯგუფი იქ ათენებდა ღამეს. ჩვენ ყოველთვის შინ ვბრუნდებოდით და დილით ადრე ისევ კასპში ვიყავით ხოლმე. არასოდეს ვიგვიანებდით.
ერთხელ. დილით ადრე მივდივართ კასპში და უცებ გზაში მანქანით მაგარი დამრტყმელი, ნაღდი თბილისელი ბიჭი ამირან დუმბაძე წამოგვეწია. მოგვიკითხა და ერთმანეთს მალე დავცილდით. ის წინ წავიდა. არ გასულა დიდი ხანი და ერთ-ერთ მოსახვევში მისმა მანქანამ გზა გადაგვიღობა. თავი ვერაფრით დავაღწიეთ – რესტორანში შეგვიყვანა. იქიდან ვინღა გამოგიშვებდა?! ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გადაღება კოლექტიურად ჩავშალეთ”.
ოთარ მეღვინეთუხუცესი იგონებს, “როცა ჩვენი სპექტაკლები და თბილისის “დინამოს” მატჩები ერთ დროს იწყებოდა, მაშინ უნდა გენახათ, რა დღეში ვიყავით. ყველა იმ მსახიობს ვუცდიდით მოუთმენლად, ვინც მოგვიანებით გამოდიოდა სცენაზე. ერთხელ ასეთი კურიოზიც მოხდა: ისე შევიდა კოტე მახარაძე როლში, იმის მაგივრად, რომ ეთქვა: “ კუბო საფლავში ჩაასვენეთო”, დაიყვირა – “კუბოკი ჩაასვენეთ საფლავში”. მას შემდეგ მართლაც აღარ გვინახავს ევროპის თასი”.
მედეა ჩახავა იგონებდა: “მახსოვს, ერთ-ერთ სპექტაკლში ასეთი ამბავი მომიწყო ეროსი მანჯგალაძემ. სპექტაკლში იყო მომენტი, როდესაც იგი სცენიდან უნდა გავიდეს. ამ დროს მე ვითომ ვეფერები, მაგრამ ეტყობა ნამეტანი მომივიდა, ეროსი დადნა და უცებ შემომყეფა. ამას რა თქმა უნდა არ ველოდი, უცებ დავიბენი, მაგრამ მდგომარეობა მალე გამოვასწორე და მეც კატასავით დავიკნავლე. არადა, თითქმის ყველამ ვიცოდით, რომ ეროსი აუცილებლად “იხიმანდრებდა”. კიდევ მოვეფერე, იქნებ, გავიდეს – მეთქი სცენიდან. ბოლოს, როგორც იქნა, კულისებში აღმოვჩნდით და ვუთხარი, ქალი რომ ვარ, არ უნდა დამითმო – მეთქი? მან მიპასუხა: მე კაცი ვარ და ამიტომ უნდა დამითმოო”.
მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ავტობუსში, ტროლეიბუსსა თუ ტრამვაიში რომ ადიოდა, მგზავრებს უმალ სიცილი უტყდებოდათ ხოლმე. ეტყობა, მისი როლები აგონდებოდათ. ასე ემართებოდათ ქუჩაში მოსიარულეთაც.
ერთხელ სანდროს ახლობელს ახალგაზრდა სიდედრი გარდაეცვალა. დასტირიან მიცვალებულს ჭირისუფლები. შევიდა ჟორჟოლიანი სამძიმარზე და მოხდა სასწაული: აქა – იქ სიცილი გაისმა, თვით მიცვალებულის ახლობლებს შორისაც კი. გამოვიდა საწყალი გარეთ და ეზოს კუთხეში განმარტოვდა. მიუახლოვდნენ ნაცნობები და მეორე სასწაულის მოწმენი გახდნენ. ბატონ სანდროს ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.
- რა მოხდა, ბატონო სანდრო, ცუდად ხომ არ ბრძანდებით?
- იმ ქალის გამომცხვარი ხაჭაპური მეც მიჭამია, სიდედრის კვალობაზე ტკბილი ქალი იყო და ორი კურცხალი კი ეკუთვნის ჩემგან.
- კი, მაგრამ, მეორე ორი კურცხალი? – არ მოასვენეს.
- მეორე ორი კურცხალი, ბიძიკოებო, მე მეკუთვნის, საკუთრად, სულ რომ იცინიან ჩემს დანახვაზე. მაგათ ჰგონიათ, სულ ხუმრობის გუნებაზე ვარ, ეგ კი არა, კუბოში რომ მნახონ, იტყვიან, “კოსტაია” ხუმრობსო.
სუხიშვილისა და რამიშვილის მოცეკვავეთა ლეგენდარული ანსამბლის სოლისტებს, გიზო ბერაძესა და ომარ მხეიძეს, ოპერაციები თითქმის ერთდროულად გაუკეთეს – ერთს ყურის, მეორეს კი ყელის. სამწუხაროდ არცთუ შედეგიანად. ერთ-ერთ ოჯახში დიდ წვეულებაზე ორივე ერთად იჯდა სუფრასთან, შუა ქეიფში კარზე ზარის ხმა გაისმა, დიასახლისი დერეფანში გავიდა და ცოტა ხანში სახემღიმარი დაბრუნდა:
- ჩვენ ერთი საამაყო სტუმარი გვეწვია, რომელსაც იმედია, წარდგენა არ სჭირდება, რადგან დარწმუნებული ვარ, მას ყველა იცნობთ, - წარმოთქვა ამაყად და ოთახში მაღალი, სიმპათიური მამაკაცი შემოიყვანა.
- რა თქმა უნდა, ვიცნობთ, ამ ქირურგმა მე დამამუნჯა, ომარი კი დააყრუა – წამოიძახა დასუსტებული ხმით გიზო ბერაძემ.
რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ერთხელ კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსენა, რომელზეც “ბურთი და მოედანი” უჩვენეს. რეზო ჩხეიძის გვერდით, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან გაბენი მჯდარა. აღფრთოვანებულს ჩუმად გადაულაპარაკია მისთვის: “ ეს რა გენიოსი გყოლიათო”. ჟან გაბენის ამგვარი შეფასება ყველა მსახიობისათვის დიდი პატივი იყო.