გია ფერაძეს ხშირად ძალიან საჩოთირო „ნომრები“ ჰქონდა.
იმ სუვენირებს შორის, რომელიც გიას ჩამოჰქონდა, იყო ნატურალური ზომისა და ფერის, რეზინის „განავალი“.
გია შესანიშნავად ცურავდა და ხშირად მიდიოდა საცურაო აუზზეც, სადაც მრავალი თბილისელი ლამაზმანი დადიოდა გასარუჯავად და გასაპრანჭავად. ერთხელ, დილით, ფეხბურთის თამაშის შემდეგ, გია მეგობრებთან ერთად მივიდა აუზზე. იქ უკვე სანებივროდ ემზადებოდნენ „ფოე-ფოე“ ქალბატონები. სანამ ისინი აუზში ჩავიდოდნენ, გიამ შეუმჩნევლად შეაცურა წყალში განავლის ფიტული. როდესაც ქალებმა დაინახეს წყალზე მოტივტივე „განავალი“, ატეხეს წივილ-კივილი და დირექტორს მოუხმეს. განსაკუთრებით ღელავდა ერთ-ერთი რაიკომის მდივნის მეუღლე:
– ეს აღმაშფოთებელია! როგორ შეიძლება ამის ატანა! ჩემი ფეხი არ იქნება ამ აუზზე, მე ამას ასე არ დავტოვებ!..
გია მივიდა მასთან და მიმართა:
– ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო, ახლავე მოვაშორებ ამ საძაგლობას! – მერე წყალში გადახტა, ჩაყვინთა და პირდაპირ „განავალთან“ ამოჰყო თავი, პირი დაავლო მას და წყნარადვე ცურვით გამოიტანა. გაოგნებულ ქალბატონს კი მიმართა:
– ამაზე ნერვიულობდით, ქალბატონო? – და დაჭმუჭნული რეზინის ნაჭერი მიაწოდა.