„მძიმე ადამიანი“ - დასტინ ჰოფმანი

„მძიმე ადამიანი“ - დასტინ ჰოფმანი

დასტინ ჰოფმანის გზა კინოსამყაროში ლი სტრასბერგის სამსახიობო ოსტატობის სკოლიდან დაიწყო, სადაც მასთან ერთად ჯინ ჰეკმანი და რობერტ დიუვალი სწავლობდნენ. ისინი სტუდენტურ საცხოვრებელში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და იქიდან მოყოლებული მეგობრობენ.

რობერტ დიუვალი იხსენებდა, რომ დასტინ ჰოფმანი სამეგობროში ყველაზე დიდი მექალთანე იყო – კვირაში ერთხელ იცვლიდა პარტნიორ ქალებს და გამორჩეული იმიჯით იყო ცნობილი – ატარებდა გრძელ თმას, ტყავის ჩექმებს, ლურჯ ჯინსებსა და ტყავის ჟილეტს. იგი გადაადგილდებოდა მხოლოდ მოტოციკლეტით.

თეატრალური კრიტიკოსები დასტინ ჰოფმანის სცენაზე თამაშის მანერას ბასტერ კიტონის, ჩარლი ჩაპლინისა და რინგო სტარის მანერებს ადარებდნენ

მიუხედავად იმისა, რომ დასტინ ჰოფმანი და ჯინ ჰეკმანი 60-იანი წლების დასაწყისიდან მეგობრობენ, მათ მხოლოდ ერთხელ მოუხდათ შეხვედრა გადასაღებ მოედანზე, 2003 წელს გადაღებულ დრამაში „გაქცეული ჟიური”.

პოლ მაკარტნისთან გამართულ სადილზე, დასტინ ჰოფმანი ცნობილ მუსიკოსს მთელი საღამო პაბლო პიკასოს ცხოვრების ბოლო დღეებზე ესაუბრებოდა

დასტინ ჰოფმანის კოლეგები სამსახიობო წრიდან ლეგენდარულ მსახიობს მოიხსენიებენ როგორც „მძიმე ხასიათის” ადამიანს, რომელთანაც, ხშირ შემთხვევაში, მოსაწყენი და უინტერესოა ურთიერთობა. თუმცა, უკლებლივ ყველა აღნიშნავს, რომ დასტინ ჰოფმანი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და ნამდვილი პროფესიონალია.

დასტინ ჰოფმანი დღემდე მიიჩნევს, რომ სტუდიამ მას ფილმისთვის „ტუტსი” ბოლომდე არ გადაუხადა ჰონორარი.

ფილმის „წვიმის კაცის” გადაღებების დაწყებამდე, დასტინ ჰოფმანი რამდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა კონსულტაციებზე ფსიქიატრებთან, რათა მაქსიმალურად მიახლოებოდა თავის გმირს, აუტიზმით დაავადებულ რეიმონდ ბებიტს.

დასტინ ჰოფმანმა მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფეოდორ დოსტოევსკის რომანი „დანაშაული და სასჯელი” წაიკითხა. ჰოფმანის ოცნება იყო, რომ დიდ ეკრანზე რასკოლნიკოვის როლი ეთამაშა.

ბავშვობაში დასტინ ჰოფმანს თანასკოლელები სიდაბლის გამო ხშირად დასცინოდნენ და სხვადასხვა თიკუნით მოიხსენიებდნენ: „ჯუჯა”, „წრიპა”, „ადამიანის ნაგლეჯი”, „ლილიპუტი” და სხვა.

კალიფორნიაში, პასადენის სამსახიობო სკოლაში სწავლის პერიოდში დასტინ ჰოფმანს კურსის ყველაზე უპერსპექტივო მსახიობად მიიჩნევდნენ მასწავლებლები.

პოლიტიკაში დასტინ ჰოფმანი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მხარს უჭერდა ამერიკის დემოკრატიულ პარტიასა და პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, რალფ ნეიდერს.

1997 წელს დასტინ ჰოფმანმა ღია წერილი მისწერა გერმანიის მაშინდელ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, რომელშიც გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ საიენთოლოგიის სექტის მიმდევართა დევნას აკრიტიკებდა.