არაჩვეულებრივი ჯენიფერ ენისტონი

არაჩვეულებრივი ჯენიფერ ენისტონი

1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანის დასაწყისში ენისტონი ჰოვარდ სტერნის პოპულარული რადიოგადაცემის მუდმივი სტუმარი იყო. 1990 წელს ის ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც კინოკარიერა, თავდაპირველად დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ჟანრის ფილმებში, „ლეპრეკონსა” და სხვა და ტელესერიალებში. წარუმატებლობის გამო ჯენიფერი კინოკარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და, 1994 წელს, როგორც თვითონ ამბობს, თავის უკანასკნელ ქასთინგზე წავიდა და უარის შემთხვევაში სახლში დაბრუნებას აპირებდა. ქასთინგს ტელეარხი „ენბისი” ატარებდა და მსახიობების შერჩევა მიმდინარეობდა ტელესერიალისთვის „მეგობრები”. ამ სერიალით ჯენიფერ ენისტონი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. „მეგობრები” 1994-2004 წლებში გადიოდა ეთერში და მას მილიონობით მაყურებელი ჰყავდა, ენისტონის გმირს კი – თაყვანისმცემელთა მთელი არმია. მსახიობი რამდენჯერმე იყო წარდგენილი პრესტიჟულ „ემის” ჯილდოზე, ხოლო ბოლო ორ სეზონში ერთ სერიაში ჰონორარის სახით ერთ მილიონ დოლარს იღებდა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ანაზღაურება იყო.

სხვადასხვა დროს ჯენიფერ ენისტონის პარტნიორები გადასაღებ მოედანზე იყვნენ ჰოლივუდის ნომერ პირველი მამაკაცი მსახიობები: კოლინ ფარელი, ოუენ ვილსონი, ბენ აფლეკი, ჯერარდ ბატლერი, კევინ სპეისი, ჯეისონ ბეიტმენი.

ჯენიფერ ენისტონის პირველი აგენტი, მსახიობის თქმით, მომთხოვნი იყო, ის მუდმივად აკონტროლებდა თავის კლიენტს. ერთხელ მას აგენტმა აიძულა, დაეკლო 10 კილოგრამი, რათა როლი მიეღო ტელესერიალში.

თავისი გმირის, რეიჩელ გრინის მსგავსად, ტელესერიალში „მეგობრები”, ჯენიფერ ენისტონი გარკვეული პერიოდი ოფიციანტად მუშაობდა მანჰეტენზე ერთ-ერთ რესტორანში.

ყველაზე მეტად ჯენიფერ ენისტონს არ უყვარს საუბარი თავის სხეულსა და ვარცხნილობაზე. ცნობილია, რომ, ვარხნილობა, რომელიც მას სერიალ „მეგობრებში” აქვს და რომელსაც უამრავი მიმბაძველი აღმოუჩნდა, შემთხვევით გაიკეთა – მის სტილისტს, უბრალოდ, ხელი აუცურდა და ელექტროსაპარსით თმა გადაპარსა.

ბავშვობისას ჯენიფერს კლასიკური ბერძნული (კეხიანი) ცხვირი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით მან რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ჯენიფერ ენისტონი ანტიკვარიატის კოლექციონერი და მოყვარული მხატვარია. ის 11 წლის ასაკიდან ხატავს აკვარელით.

მსახიობს ყველაზე მეტად ფრენის შიში აქვს და ცდილობს, თვითმფრინავებით არ ისარგებლოს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ისიც, თუკი მატარებელი ან ხომალდი დანიშნულების ადგილზე არ მიიყვანს დანიშნულ დროს.

1997 წელს ჯენიფერ ენისტონი ჯეიმს კამერონის ფილმ „ტიტანიკში” როუზის როლზე ისინჯებოდა, თუმცა, საბოლოოდ როლი ქეით უინსლეტს შეხვდა.

ჯენიფერი ტრანსცედენტური მედიტაციის მიმდევარია.

ჯენიფერ ენისტონის ჰონორარი ერთი ფილმისთვის 6-10 მილიონ ამერიკულ დოლარს შორის მერყეობს.