ბოლო ეროვნული გამოცდები იწყება

ბოლო ეროვნული გამოცდები იწყება

[ნიკა ასლანიძე]
ივლისის დადგომასთან ერთად საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ზაფხულის მიწურულს სამშობლოს 33 ათასით მეტი სტუდენტი ეყოლება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 23 ივლისს დამთავრდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მიმდინარე წელს 36 421 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. აქედან 30 000-ზე მეტი სტუდენტი გახდება. თუმცა, როგორც მიმინოშვილი აცხადებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურსი არ არის. მისი თქმით, წელსაც კვლავინდებურად ყველაზე დიდი კონკურსი სამართლის, ბიზნესისა და საფინანსო ფაკულტეტებზეა.

თუმცა, საერთო მონაცემებით, რა თქმა უნდა, წლეულს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დაბალი კონკურსია. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით დგინდება, რომ ყოველ 1 მისაღებ ადგილზე 1,08 აბიტურიენტი “მოდის”.

ჩარიცხული სტუდენტებიდან დაახლოებით 9 000 სტუდენტი სახელმწიფო გრანტს მიიღებს. ესე იგი სახელმწიფო ხელშეწყობით ყოველი მეოთხე სტუდენტი ისარგებლებს. მომავალ სტუნდენტთა 3_4-ს 100%-ით მოუწევს საკუთარი განათლების დაფინანსება.

გრანტის მაქსიმალური რაოდენობა 2 500 ლარია და იგი გასული წლებისაგან განსხვავებით, ოთხი გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა. თითოეული აბიტურიენტი 4 გამოცდას - სამ სავალდებულო და ერთ არჩევით საგანს აბარებს.

2011 წლიდან კი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების მსურველებს 4-ის ნაცვლად 9-10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელთა შედეგებიც პირველ რიგში სასკოლო ატესტატისთვის იქნება მნიშვნელოვანი, შემდეგ კი - უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისთვის.

წლეულს 4-ვე გამოცდას საგრანტო დატვირთვა აქვს. თუკი გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრებოდა მხოლოდ ზოგადი უნარების ქულით, წელს ასეთი მნიშვნელობა და დატვირთვა 4-ვე გამოცდას ენიჭება.

საქართველოში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატში 33 681 ადგილია მისაღები, უმაღლეს პროფესიულებზე (რომლებშიც ჩარიცხვა, წესისამებრ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრების შემდეგ კონკურსვერგავლილი აბიტურიენტებისთვის მოხდება) 3 515 ვაკანსიაა.

როგორც ცნობილია, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდა უკვე მეექვსედ ტარდება. მომავალი წლიდან უმაღლეს სასწალებლებში ახალი კონტინგენტის ჩარიცხვა უკვე არა ერთიანი ეროვნული გამოცდებით, არამედ ატესტატების ნიშნის მიხედვით მოხდება. მე-12 კლასელი ატესტატს აიღებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა ძირითად (დაახლობით 9-10) საგანში გამოცდას ჩათვლის დონეზე მაინც ჩააბარებს.

უმაღლეს საწავლებელში კი სწავლის გაგრძელების საშუალება მაშინ ექნება, თუ საატესტატო გამოცდებს ჩააბარებს და ამ საგამოცდო პროცესში საგნებიდან 4 სავალდებულოს (ზოგად უნარებს, ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენასა და ერთსაც კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის მიერ ფაკულტატურად შერჩეულ საგანს) წარმატებით ჩააბარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაისად აღარ იქნება, გამოსაშვებ სასკოლო გამოცდებს ისევ გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.