სანდროს ამბავი

სანდროს ამბავი

ბატონი ილიკო ფერაძე ერთ შემთხვევას ხშირად იგონებს:

სანდრო ჟორჟოლიანი დედაჩემის ბიძა გახლდათ. როდესაც ბოლოს ცუდად შეიქნა, საავადმყოფოში დააწვინეს. არ მეცალა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ ვნახე. დედამ ნამუსზე შემაგდო, არ გრცხვენია, ბაბუაა შენი და სანახავად არ მიდიხარო.

მოკლედ, როგორც იქნა, მივედი. იქ დამხვდა მისი ქალიშვილი და ცოლი. უკანასკნელ წუთებში მივუსწარი და მე ჩამაკვდა სანდრო ხელში. ცოლ-შვილი დაბნეული იყო. მაშინ სულაც არ იყო ადვილი ადამიანის გაპატიოსნება და ამ ქალაქში არც ამდენი, სხვადასხვა ადგილას გაბნეული, სარიტუალო მომსახურების ცენტრი არსებობდა.

ერთი სიტყვით, ბაბუა სანდრო გადაასვენეს საავადმყოფოს პროზექტურაში, ცოლ-შვილი კი სახლში წავიდნენ ტანსაცმლის მოსატანად. მოკლედ, გავაპატიოსნეთ მიცვალებული და როცა სანიტარი ჟორჟიკა გამოვიდა პროზექტურიდან, გვერდით გამიყვანა და მითხრა: „ხაზეინ, ცალი ნასკი შავია, ცალი მწვანე და რა ვქნა“.

უკვე გვიანი იყო. სანიტრის მანქანა ჩქარობდა გამოძახებაზე წასვლას და იძულებულები ვიყავით, ასე ცალ-ცალი „ნასკით“ გადმოგვესვენებინა ცხედარი სახლში.

გადაირივნენ ახლობლები, კაცო, ცხოვრებაში ისედაც ცირკი კაცი იყო და ახლა ასე ჯამბაზივით, ცალ-ცალი „ნასკით“ როგორ გავუშვათ იმქვეყნად, რას იტყვიან, ჩვენი წინაპრები, იქ რომ დახვდებიანო. მოკლედ, ბევრი სარბენი იყო და ვეღარ მოვიცალე ამ საკითხის მოსაგვარებლად.

დაკრძალვის დღეს, დილითვე წავედი საავადმყოფოში, სანიტარ ქალს ვთხოვე და თავისი „ატრიბუტიკით“ წამოვიყვანე. მანქანაში მეკითხებოდა: ქალია თუ კაცი?.. დასაბანია?.. გასაპარსია?.. ჩასაცმელია? რომ ვპასუხობდი არა-მეთქი, გადაირია, აბა, რა მინდა მიცვალებულთანო. რაღას ვიზამდი, ავდექი და ვუთხარი: ყველაფერი რიგზეა, ოღონდ კუბოში თბილი „ნასკები“ ჩავაცვით, ამიტომ ცოტა ფეხები გაუოფლიანდა და „ნასკები“ უნდა გამოუცვალო-მეთქი“.