პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აწ უკვე ყოფილ მოადგილეს, დავით ბაციკაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. დუმბაძე ამბობს, რომ ბათუმის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იწყება, ხოლო დამკვეთი ბაციკაძის მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელსაც მისი მეუღლე მართავს. დუმბაძის მტკიცებით, ბაციკაძემ ნებართვა და გარანტიები ხელისუფლებისგან, აჭარის უმაღლეს საბჭოში, „ქართული ოცნების“ პოზიციების მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო. ბრალდებას ბაციკაძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ ყველაფერი აღნიშნულია დეკლარაციაში.
რა ხდება აჭარის რეგიონში და რა კორუფცულ სქემაში მონაწილეობს რეგიონის ხელისუფლება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.
აჭარის ა-რ უმაღლესი საბჭოს წევრები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში გადანაშაულებენ. რა კავშირი გაქვთ იმ პროცესებთან, რაც დღეს აჭარაში ხდება?
- პირის, რომელიც აწყობს სახელმწიფოებრივი გადატრიალებას, შეიარაღებული ბუნტს, ეს არის სერიოზული სამართლებრივი დეფინიცია და პასუხისმგებლობა უნდა აკიდოს პროკურატურამ და სასამართლო ხელისუფლებამ. არავითარი გადატრიალება არ ხდება. ლაპარაკია იმ პასუხისმგებლობაზე, რა პასუხისმგებლობაც აღებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბერს. დავით ბაციკაძეზე რადგან მეკითხებით, უნდა გითხრათ, რომ საკითხი წამოიწია მას შემდეგ, როცა გამჟღავნდა, რომ დავით ბაციკაძე როგორც სახელმწიფო უწყების თანამდებობის პირი, აჭარბებს თავის უფლებამოსილებას.
რაში გამოიხატება უფლებამოსილების გადამეტება?
- რამდენიმე თვის წინ მან დააარსა სამშენებლო კომპანია და ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში იწყებს მშენებლობას. უნდა გითხრათ, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები და პროექტის ღირებულება ძალიან განსხვავებულია. ამიტომ, ეჭვქვეშ დადგა მისი, როგორც კანონიერების, ისე გულწრფელობის საკითხი. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტის დასრულებას ასეთი ღარიბი ადამიანი ვერ შეძლებს, თუ მას ვინმე საკუთარი სადეპუტატო გავლენის ქვეშ არ ჰყავს მოქცეული. სავარაუდოდ, ეს არის ბიზნესმენი და შესაძლებელია, ეს იყოს ბიზნესმენთა ჯგუფი.
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 7 თუ 8-სართულიანი კორპუსის აშენება და რამდენიმებინიანი სახლის სამშენებლო პროცესი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ასეთი სამშენებლო პროცესი ბაციკაძეს არასოდეს არ ჩაუტარებია. აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმური შეკითხვები ჩნდება მისი ფინანსური შესაძლებლობის შესახებ. ბანკთან მისი ურთიერთობა, პროექტის მიღება და შემდეგ, ამ პროექტის დამტკიცება ხდება 2 თვის ვადებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაციკაძე სერიოზულად არის ჩართული კორუფციულ გარიგებაში, როგორც აჭარის ა-რ მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ირაკლი ჭეიშვილთან. მათთან ძალიან ახლო შინაურული ურთიერთობები აქვს დამყარებული. მის სადეპუტატო უფლებამოსილებას ის ამ კაბინეტებში აგვარებს.
ბატონო მურმან, გაქვთ დოკუმენტური მტკიცებულება, რითაც დასტურდება ბაციკაძის, ხაბაძის და ჭეიშვილის კორუფციაში მონაწილეობა? ბაციკაძე აპირებს სასამართლო დავის დაწყებას...
-მე გელაპარაკებით ოფიციალური დოკუმენტებით. კერძოდ, ბანკთან დადებული ხელშეკრულება, სამშენებლო ბიზნესის წარმოება, სამშენებლო კომპანიის დაარსება, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და ა.შ. ის ლაპარაკობს ჰიპოტეტებით, მე ვლაპარაკობ დოკუმენტებით.
„მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ლევან ვარშალომიძესთან ერთად გეგმავენ გადატრიალებას“ - რა კავშირი გაქვთ ვარშალომიძესთან?
- თუ მას რაიმე დამამტკიცებელი საბუთი აქვს, ვიდეო თუ აუდიო მასალა, უმორჩილესად ვთხოვ, რომ გამოაქვეყნოს. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. მე ვაქვეყნებ იმ დოკუმენტებს, რომელიც ოფიციალურად არის დადასტურებული. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის.
რატომ გადადგა უმაღლესი საბჭოს წევრებმა ასეთი რადიკალური ნაბიჯი, რა გახდა ამის რეალური მიზეზი?
- ეს არის ადგილობრივი მთავრობის არაეფექტურობა. ის, რომ ერთი ლარი ავიდა 2,20-ზე არ ვამბობ, რომ ეს ხაბაზის ან ბაციკაძის ბრალია. ბუნებრივია, ისინი ვერ შეაჩერებენ ამ დევალვაციას, მაგრამ მათი წილიც არის. როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ ახორციელებს სრულ კონტროლს მთავრობაზე, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი აგზავნის წერილს, რომ მთავრობის ხელმძღვანელმა გამოაგზავნოს იმ სავარაუდო პროექტების სია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება აჭარის რეგიონში, რამდენი ინვესტიციაა შემოსული, ვინ დომინირებს ამ ინსვესტიციაში და როცა ამ კითხვებზე აჭარის მთავრობიდან პასუხი არ მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში საინვესტიციო გარემო არის ცუდი.
ამაში განსაკუთრებული როლი ითამაშა აჭარის დეპუტაციის იმ ნაწილმა, რომელიც სრულ სინონიმშია აჭარის მთავრობასთან. საქართველოს კანონი და რეგლამენტი ავალდებულებს აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომ კონტროლი განახორციელოს აჭარის მთავრობაზე, როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვების ნაწილზე.
რადგან აჭარის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი უფლებამოსილების განხორციელებაზე უარს ამბობს. უმაღლეს საბჭოში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დააყენეს მათი უფლებამოსილების საკითხი. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მირჩევნია, რომ უმაღლესი საბჭო გახდეს უფრო ეფექტური, განახორციელოს კონტროლი მთავრობაზე, რაც წაადგება მოსახლეობას.
და საკადრო ცვლილება საკმარისია?
- საკადრო ცვლილება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი. თუ უმაღლესი საბჭო შემდგომ ნაბიჯს გადადგამს უმაღლესი საბჭოს ორგანიზაციულ სტრუქტურული თვალსაზრისით, არც ეს იქნებოდა ურიგო. მე მიმაჩნია, რომ 21-კაციან უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის პოსტი აბსოლუტურად ზედმეტია. ამით ფინანსებიც დაიზოგება და ეს ფული შეიძლება მოვახმაროთ მოქალაქეს და ქვეყანას ეფექტურად. მე ვფიქრობ, რომ სწორი პოლიტიკით მივდივართ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დამოუკიდებლად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და დამოუკიდებლად ფიქრობენ, რომ მივიდნენ ფინალამდე.
თუმცა, კოალიციის წევრებისგან კეთდება განცხადება, რომ პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ და მურამ დუმბაძის მიერ არის მართული...
- მე პოლიტიკაში მაკიაველის პრინციპს ვაღიარებ - მიზანი ამართლეს საშუალებას, მაგრამ მორალის იქით არ უნდა გახვიდე. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დააყენებს ისეთ საკითხს, რომელიც გამოადგება ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამაზე მხარდაჭერა უნდა მიიღონ მათ. ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში შეიცვალა ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე, მის ნაცვლად დასახელდა გუბაზ სანიკიძე. 104-მა კაცმა გაიარა რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტში და უკლებლივ ყველამ მხარი დაუჭირა გუბაზ სანიკიძის კანდიდატურას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გარიგებაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან? რა თქმა უნდა, ასე არ არის. როდესაც საკითხია გადასაწყვეტი, შენ პოზიტიური ვალდებულება გაქვს, რომ საკითხი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტო.
ვიცე-სპიკერის თემას რაც შეეხება, აქაც არსებობს კითხვები, რატომ ინარჩუნებს ოპოზიციონერი მურმან დუმბაძე თანამდებობას?
- დუმბაძე უმრავლესობის კვოტით არ არის არჩეული. დუმბაძე არჩეულია კონსტიტუციური და ტერიტორიული პრინციპით. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე აჭარის ა-რ-დან. თუ საქართველოს პარლამენტი მიიღეს 3/4 მხარდაჭერას, მაშინ, შეიძლება, კონსტიტუციის ეს მუხლი შეიცვალოს, ამის შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ დუმბაძის შეცვლაზე. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ აჭარის ა-რ-დან 6 დეპუტატია პარლამენტში, ნახევრზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი ჩემს გადაყენებას, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მოღალატე აჭარელის პოვნა დღევანდელი საქართველოს პარლამენტში, პრაქტიკულად შეუძლებელია. 2012 წლის 1 ოქტომბერს ერთსულოვნად დამიჭირეს მხარი, რომ ვყოფილვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და ვფიქრობ, რომ ჩემს მოვალეობას კარგად ვიყენებ იმისათვის, რომ გამოვადგე აჭარის რეგიონს.
თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება თვითონ კოალიციაში? ყველა აღიარებს, რომ ის რაც ხდება დღეს აჭარის რეგიონში, ეს არის კრიზისი...
- არავითარი კრიზისი არ არის. აჭარის ა-რ საბჭოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თუ არ იქნება ავთანდილ ბერიძე, იქნება ვიღაცა იქს იგრეკაშვილი, ეს არის კრიზისი? კრიზისი არის ის, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობას. მინდა, რომ საქართველოს მთავრობას რეგიონალური მთავრობის სახით ჰყავდეს ძლიერი მარჯვენა ხელი რეგიონში.
შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო?
- ჩვენ, საქართეველოს მოსახლეობა უნდა მივეჩვიოთ კონსტიტუციურ ნორმებში ცხოვრებას. ბოლო 20 წლის განმავლობაში 2012 წლის 1 ოქტომბერი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ბიულეტენებით იქნა ხელისუფლება დამარცხებული. ეს არის 4 წლიანი ვადა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. დღეს უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმაციის საკითხი არ დგას.
კონსტიტუციის თანახმად 2/3 ანუ უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება, რომ დადგენს მთავრობის მეთაურის უნდობლობის საკითხი. რა ბედი ელის არჩილ ხაბაძეს, დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი?
- არჩილ ხაბაძე არის უკიდურესად სუსტი, უუნარო ხელისუფალი. ის ვერ იქცა პოლიტიკურ ლიდერად. მან ვერ შეძლო პოლიტიკის წარმართვა, არადა საქართველოს კონსტიტუციით პირველი პოლიტიკური პირია რეგიონში. თუ 14 კაციანი უმარვლესობა შეიკრიბება უმაღლეს საბჭოში, მე არ ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი. ეს დამოკიდებულია უმაღლესი საბჭოს წევრზე.