პირველი საპონი იმიტომ გაჩნდა, რომ სამოსი გაერეცხათ. შუა საუკუნეების ევროპაში ტანის დაბანა ცოდვად ითვლებოდა. ამბობდნენ, წყალი ორგანიზმს ასუსტებს და ჯანმრთელობას ვნებსო. მხოლოდ აღმოსავლეთმოვლილმა ჯვაროსნებმა დაამკვიდრეს ევროპაში საჭირო აბანოების ტრადიცია, რომლებიც ხალხში ჩვეულებრივ ბორდელებად აღიქმებოდა. ეკლესიამ კი 1545 წელს საერთოდ აკრძალა ისინი.
ძველი შუმერისა და ბაბილონის გათხრებისას აღმოჩენილ იქნა საპნის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2800 წლით თარიღდება. მოგვიანებით იპოვეს თიხის ფირფიტა, რომელზეც საპნის დამზადების რეცეპტი იყო ამოტვიფრული. დადგინდა, რომ მესოპოტამიაში მას ცხოველის ცხიმისგან და ნაცრისგან ამზადებდნენ. კიდევ 700 წლის შემდეგ საპნის საკუთარი რეცეპტი პაპირუსზე დაწერეს ძველმა ეგვიპტელებმა. ისინი ცხოველის ცხიმს, ზეითუნის ზეთსა და მინერალურ მარილებს ურევდნენ ერთმანეთში. მაგრამ ეგვიპტეში საპონი ქსოვილების გასარეცხად სჭირდებოდათ, ხელების გასასუფთავებლად კი ეგვიპტელები თიხას იყენებდნენ – ჯერ ხელებზე იგლესდნენ, მერე ჩამოიბანდნენ.
რომაელებს საპნის საკუთარი რეცეპტი ჰქონდათ. სწორედ მათ შემოიღეს ტანის დაბანის წესი და გახსნეს აბანოები საფოს მთასთან. სწორედ აქედან მოდის სახელწოდება „საპონი” (იტალიურად – „საპონე”) რომაელები მას, უბრალოდ, „საპოს” ეძახდნენ. არსებობს ვერსია, რომ რომაელებმა საპნის რეცეპტი ფინიკიელებს მოჰპარეს. აბანოები კი გახსნეს, მაგრამ ამ მოვლენიდან მხოლოდ 90 წლის შემდეგ აღწერა რომაელმა ექიმმა გალენმა საპნის დადებითი თვისებები და ამის შემდეგ საპონი საკმაოდ გაძვირდა.
პომპეის – ყველაზე სუფთა ქალაქის დაღუპვის შემდეგ დაიღუპა რომის იმპერიაც და ამის შემდეგ ევროპამ დაივიწყა, რა იყო საპონი. თუმცა ბიზანტიაში საპნის დამზადების ტექნოლოგია ხელოვნების დონეზე აიყვანეს, მაგრამ, ევროპას და სამყაროს დანარჩენ მოსახლეობას კიდევ დიდი დრო დასჭირდა, სანამ ჰიგიენასა და საპონს ხელახლა შეეჩვეოდა.