საფულეს ისტორია

საფულეს ისტორია

როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, პირველი საფულე მიწა იყო. ძველი სიბრძნე გვაუწყებს, რომ პრობლემები არ აქვს იმას, ვინც ფულს უფრთხილდება.

იყო დრო, როცა ტანსაცმელს ჯიბეც კი არ ჰქონდა. მაშ, სად ინახავდნენ ადამიანები ფულს? სად და – მიწაში. ყველა, ვისაც ბევრი მონეტა ჰქონდა, მათ მიწაში ფლავდა და მოსახმარად მხოლოდ ცოტას იტოვებდა.

ფულს, ასევე, ინახავდნენ ხის ფუღუროებში, ან – ჭაში ჩაუშვებდნენ ხოლმე ქსოვილში გამოკრულს, ან – ქვის კედლებში, პატარა ღრიჭოებში ტენიდნენ; ინახავდნენ თიხის ქოთნებშიც.

მოგვიანებით, სავაჭროდ განკუთვნილ ფულს ახვევდნენ ოთხკუთხა ქსოვილში და ჯოხზე მიაბამდნენ ხოლმე.

ძველ ევროპაში ფულის ჩასადებ ქსოვილის პატარა ტომსიკებს კისერზეც იკიდებდნენ. მალე მათი მოქარგვა, მორთვა და ძვირფასი ლითონების სამაგრებით შეკვრაც დაიწყეს – ასე, ნელ-ნელა მიიწევდა ევროპა საფულისკენ...

მეჩვიდმეტე საუკუნეში პირველი საფულე გაჩნდა. ყველაზე ძვირფასი, ოქროთი მორთული საფულეები ჰქონდათ თურქ დიდებულებს, რომლებმაც ბიზანტია დაიპყრეს და უზარმაზარი სიმდიდრე ჩაიგდეს ხელში. საფულის გამოგონება პრაქტიკულად დაემთხვა ქაღალდის ფულის დაბეჭდვას და ეს ბუნებრივიცაა – თქვენ რომ პირველი ქაღალდის ფული გენახათ, რომელიც ზომით მართლაც შთამბეჭდავი იყო, მიხვდებით, რომ ის ვერანაირ ტომსიკაში ვერ ჩაიდებოდა.

გაცილებით კომფორტული გახდა კარკასზე გადაჭიმული, პრაქტიკული საფულე. მის არსს ყველაზე უკეთ ასახავს საფულის რუსული სახელწოდება – „ბუმაჟნიკ“ – საქაღალდე, ანუ – ქაღალის ფულისთვისო...