“დედიკოს ბიჭები”

“დედიკოს ბიჭები”

ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი სახლშიც გვყავს და გვიჭირს მათთან ურთიერთობა.

ეგოისტია, საკუთარ პერსონაზე შეყვარებული, უპასუხისმგებლო და პრეტენზიული... რა ქნას, ასეთი გაზარდეს. თუ ბიჭს არ გაზრდი გარემოში, სადაც პასუხისმგებლობა პრიორიტეტია, თუ მას საკუთარ მაგალითზე არ დაანახებთ, რას ნიშნავს, იყო ვალდებული ოჯახის წევრების, გარშემო მყოფების წინაშე, მერე ნუღარ გექნებათ პრეტენზია, რომ ეგოისტია და საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს.

გარდა ამისა, „დედიკოს ბიჭები“ საკმაოდ უსუსურები არიან ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე. ასეთი ბიჭუნები ხშირად იზრდებიან ზედმეტად აქტიური დედებისა და მამების გვერდით. ისინი პირმშოს გასაქანს აღარ უტოვებენ. საკუთარ მხრებზე იღებენ ცხოვრებისეულ ყველა სიძნელეს და თავადაც ვერ ამჩნევენ, შვილს დათვურ სამსახურს რომ უწევენ. 

ზრდასრულ ასაკში მისი გადაკეთება საკმაოდ რთულია. თუმცა, კორექცია შესაძლებელია. ერთბაშად მას ვერ შევცვლით და ამისი იმედი არც უნდა გქონდეთ. ნელ-ნელა ასწავლეთ, რას ნიშნავს, იყო პასუხისმგებელი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე.

დაიწყეთ იმით, რომ მიეცით პატარ-პატარა დავალებები. უთხარით, რომ მისი დახმარების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. შეაჩვიეთ იმას, რომ თვითონაც უნდა იყოს ჩართული ოჯახში, ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. ძალას ნუ დაატანთ, ამით მხოლოდ გამოიწვევთ მის აგრესიას და ყველაფერს გააფუჭებთ. გახსოვდეთ, „დედიკოს ბიჭები“ ყველა ასაკში მოფერებას არიან დაჩვეულები.