„კაკლის მურაბა“

„კაკლის მურაბა“

გია ფერაძის ახლობელი მეგობრები იყვნენ თამაზ სეფერთელაძე, დათო აბესაძე და მალხაზ თავართქილაძე, – „ცისფერი ტრიოს“ მომღერალი ბიჭები.

როდესაც ისინი პირველად მიემგზავრებოდნენ გერმანიაში გასტროლებზე, უცხოეთში ბევრჯერ ნამყოფ, გამოცდილ მეგობარს, გიას მიადგნენ რჩევა-დარიგებისთვის.

გიამ, რასაკვირველია „ჭკუა დაარიგა“ და სერიოზული სახით ურჩია, გასაყიდად წაეღოთ ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა და ხაზი გაუსვა, „ლაგოდეხის“, რადგანაც იქ ამ პროდუქტს რეკლამას უკეთებენ და მასზე დიდი მოთხოვნილებააო.

დაუჯერეს და წაიღეს ბლომად ლაგოდეხის ქარხნის კაკლის მურაბა, რომელიც, რასაკვირველია, ხელში შერჩათ და იძულებული იყვნენ, ნაწილი სასტუმროში დაერიგებინათ გემრიელი სუვენირების სახით, ნაწილი კი თავად მიეყოლებინათ ჩაიზე – თითოეული ტკბილი კაკლის ჭამისას, სიმწრით აყოლებდნენ გიას მისამართით:

– ოხ, ფერაძე შენი!..