„ბარტერული გაცვლა“

„ბარტერული გაცვლა“

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე ერთ შემთხვევას ხშირად იგონებს:

„ერთხელ, ვორონცოველი გოგო-ბიჭები ჩერქეზოვის ბაღში ვართ. თამაშისგან გათანგული ბორდიურზე ჩამოვჯექი. ბაღის შესასვლელში გამოჩნდა ჩემი მეზობელი, ბატონი გრიშა, აფთიაქის პროვიზორი, ვერშემდგარი მხატვარი. მომესალმა და მანიშნა გამომყევიო. ზანტად ავდექი და გავყევი.

ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ურდულს მოარგო, მაგრად გადაატრიალა, კარს მუხლი ჰკრა და შევედით. კუთხეში ღვინით სავსე ჭურჭელს მოვკარი თვალი. ეტყობა, მეორე დღისთვის ჰქონდა გამზადებული, პირველი მაისის დღესასწაული მოდიოდა. დამსვა და მკითხა, ხვალისთვის დედამ ბუშტები თუ გიყიდაო. ვუპასუხე, არა, ფული არ აქვს-მეთქი. მაშინ მე გაჩუქებ ბუშტებსო და საგულდაგულოდ გადამალული პრეზერვატივები კარადიდან გამოიღო.

აიღო ფუნჯი, ჩააწო საღებავიან ქილაში და ბუშტების მოხატვას შეუდგა. ერთზე მტრედები დახატა და თან მიაწერა „მირუ მირ“ ანუ მშვიდობა მსოფლიოსო. მეორეზე ხილი დაახატა, მესამეზე თვითმფრინავი, მეოთხეზე გემი და ასე შემდეგ. კი მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, გრიშა ბიძია, ამ უწმინდურ რამეზე „მირუ მირს“ რომ აწერ, არ დაგიჭირონ და მამაჩემთან არხანგელსკში არ გაგამწესონ-მეთქი.

მიპასუხა, იცი რას გეტყვი, შვილო, მადლობა მითხრან, რომ ამ სიტყვებს ეზოში რომ ტუალეტია, იმაზე არ ვაწერო. სამი მანეთიც ჩამიკუჭა ჯიბეში, ის მოხატული პრეზერვატივებიც გამომატანა და გამომიშვა.

სახლში მიხვდნენ, ვინც დამასაჩუქრა და მითხრეს, რა ლამაზი ბუშტები უჩუქებიაო. ბებიამ კი გადაულაპარაკა დედას, ამ გრიშას თავში იოტისოდენა ჭკუაც არ აქვსო.

მოკლედ, გათენდა პირველი მაისის დილა. მე, ჩემი ლამაზად მოხატული პრეზერვატივებით, ეზოს გოგო-ბიჭების გვერდით დავდექი. მათ ნამდვილი ბუშტები ეჭირათ ხელში. ერთმა სომხის ბიჭმა, რომლის მამაც პურის ქარხანაში საამქროს გამგედ მუშაობდა, შურით სავსე თვალებით გადმომხედა და შემომაპარა, ბუშტები ხომ არ გავცვალოთო.

მეც მეტი რა მინდოდა? მტრედებიანი და „მირუ მირით“ გაფორმებული პრეზერვატივები სასწრაფოდ ხელში შევაჩეჩე. ბავშვებიც დამესივნენ, ჩვენც გვინდა, გაგვიცვალე რაო. მოკლედ, გადავცვალე პრეზერვატივები ნამდვილ ბუშტებში და დავბრუნდი სახლში, ხოლო ის „ბურჟუის“ შვილები კი პრეზერვატივებით გავისტუმრე შინ“.