აბრეშუმი - ღვთის საჩუქარი

აბრეშუმი - ღვთის საჩუქარი

ძველი ელინებისთვის აბრეშუმი ღვთის საჩუქარი იყო და მას ღვთაებასავით სცემდნენ პატივს. ზოგადად, ქსოვილს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს.

ტილო იყო პირველი ქსოვილი, რომლის დამზადებაც ადამიანმა ისწავლა. მისი ასაკი 9 ათას წელს ითვლის. პირველად ის ინდოეთის მაღალმთიან რაიონებში შექმნეს.

2 ათასი წლის შემდეგ ტილოს ქსოვილმა ასირიამდეც მიაღწია. შემდეგ უკვე ბაბილონსა და ძველ ეგვიპტეშიც შევიდა, ანუ, თუ ჩვენ დღეს ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი გვაცვია, ინდოელებს უნდა ვუმადლოდეთ.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საოცარი ქსოვილების შექმნაში ისინი დღემდე არავის უთმობენ პირველობას.

თანამედროვეობა წალეკა ხელოვნურმა ბოჭკომ და ხელოვნურმა ქსოვილებმა. პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქსოვილი დაამზადა ამერიკულმა ფირმა „დიუპონმა“ – 1938 წელს, შეიქმნა ნეილონი. ეს ტექნოლოგიური რევოლუციის ტოლფასი გახლდათ. გაჩნდა უცნაური ქსოვილები, ცეცხლგამძლე, ლითონივით მკვრივი და ფოლადგაუმტარი, წყალგამძლე და ქარგაუმტარი. ასევე, აკრილის ქსოვილები. 1959 წელს „დიუპონმა“ სახელგანთქმული და მთელ მსოფლიოში პოპულარული ლაიკრა შექმნა. მიუხედავად პროგრესისა, ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე მოდურად ნატურალური – ტილო, აბრეშუმი და ბამბის ქსოვილები რჩება.

აბრეშუმზე აღფრთოვანებით წერდა პლუტარქე: „მსუბუქზე მსუბუქი... პრიალა და გლუვი... მოსახერხებელი წლის ნებისმიერ დროს...“

ძველ რომში აბრეშუმს წვეულებების დროს მაგიდებზე აფარებდნენ. ჩრდილოეთის ქვეყნებში აღმოსავლელი ვაჭრები აბრეშუმს ფულის ნაცვლად იყენებდნენ და წარმატებით ვაჭრობდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.