გავრცელებული მოსაზრებით, ფარშევანგის ფრთები სახლში არ უნდა გქონდეს. ფარშევანგი ხომ ქალღმერთ ჰერას საყვარელი ფრინველი იყო, მას კი არ მოეწონება მისი რჩეულის შეურაცხყოფა და დამნაშავეს თავის რისხვას არ მოაკლებს...
სინამდვილეში, ფარშევანგიც ჩვეულებრივი ქათამია, უბრალოდ, შეფერილობა აქვს უჩვეულო და განსაკუთრებული. სწორედ ამიტომ არის ის გამორჩეული. ფარშევანგს ულამაზესი კუდი აქვს და ხშირად მისი წყალობით მოიპოვა ყველაზე ლამაზი ფრინველის ტიტული. ფარშევანგი ძალიან სწრაფად დარბის და სიჩქარის განვითარებაში კუდი სულაც არ უშლის ხელს. ცოტათი მშიშარაც არის – უმნიშვნელო საფრთხის დროსაც კი უჩვეულოდ სწრაფად გარბის და მაღალ ნარგავებში იმალება.
ანტიკურ სამყაროში, ძველ საბერძნეთში, სადაც ფარშევანგი სპარსეთიდან მოხვდა, თავიდან, როგორც განსაკუთრებული და იშვიათი არსება, მოედნებზე გამოჰყავდათ და ხალხს დიდი თანხის ფასად აჩვენებდნენ. მოგვიანებით ის ქალღმერთ ჰერას საყვარელ ფრინველად იქცა. მითი მოგვითხრობს, რომ, როცა ყოვლისმნახველი გოლიათი არგური დაიღუპა, ქალღმერთმა ჰერამ მისი ათასი თვალით მორთო ფარშევანგის კუდი.
ძველ რომში ფარშევანგი იმპერატორების ემბლემა იყო და მონეტებზეც კი გამოსახავდნენ. ჩინეთში ფარშევანგი ღირსებისა და სილამაზის სიმბოლოდ იქცა. ფრინველის ბუმბულის გადაცემით ადამიანს უმაღლეს რანგს ანიჭებდნენ და ამით აღნიშნავდნენ იმპერატორის წინაშე მის დამსახურებას.
ინდოეთში ფარშევანგს სრული თავისუფლება აქვს და, შეუძლია, იქ ისეირნოს, სადაც მოესურვება, ანუ, იქაც წმინდა და ღვთაებრივ ფრინველად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ნადირობს გველებზე, რისთვისაც ინდოეთის მცხოვრებლებს ძალიან უყვართ და ყურადღებას არ აქცევენ მის გამყინავ ხმას.
ფარშევანგი გამაყრუებლად ყივის ჭექა-ქუხილისა და მუსონების, ანუ, წვიმების სეზონის დადგომის წინ.
ფარშევანგი ყველაზე რელიგიური ფრინველიც არის – ის თითქმის ყველა რელიგიაშია წარმოდგენილი და სათანადოდ დაფასებულიც. მაგალითად, ისლამში ფარშევანგის თვალი გულის თვალთან ასოცირდება, ასევე, მზისა და მთვარის ერთიანობასთან; ანუ, ფარშევანგია დასტური იმისა, რომ სრულ წინააღმდეგობებს შორისაც შეიძლება არსებობდეს ჰარმონია და კავშირი.