სოსო – სიყვარულის მგოსანი

სოსო – სიყვარულის მგოსანი

დღეს, დიდი ქართველი პოერტის – იოსებ ნონეშვილის დაბადების დღეა. იოსებ  ნონეშვილი დაიბადა 1920 წლის 6 აპრილს სოფელ კარდანახში (გურჯაანის რაიონი). იოსების წინაპარს, პაპას – ილია ნონეშვილს ერეკლე მეორისგან მამაცობისთვის ხმალი ჰქონდა მიღებული, რაც მაშინ უმაღლესი ჯილდოს წარმოადგენდა. იოსები 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. იოსებ ნონეშვილი მეექვსე კლასში იყო, როცა დედამ თბილისში ჩამოიყვანა. იოსები ვერაზე გაიზარდა.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წ. ჟურნალ “ჩვენს თაობაში”. 1940 წელს. გამოსცა პირველი პოეტური კრებული. ნონეშვილის პოეზია გამორჩევა განცდათა სიმდიდრე-სინატიფით. იგი მოიცავს სატრფიალო და სამოქალაქო მოტივებს. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: “საუბარი ნაძვებთან”, “ფრთხილად იყავი”, “შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა.

ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სიყვარული, პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: “ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია”, “შემოდგომა თბილისში”, “ელადის ყვავილები” და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე. მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის. 1981 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ). იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა 1980 წელს.