ემზარ კვიციანი, შესაძლოა, 28 იანვარს გაათავისუფლონ, ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში ემზარ კვიციანის ადვოკატმა რევაზ კახნიაურმა განაცხადა. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება ფორმდება სასჯელზე და არა - ბრალზე, რადგან ემზარ კვიციანი ბრალს არ აღიარებს. უბრალოდ, ემზარ კვიციანი აღიარებს 11 თვეს, როგორც უკვე მოხდილ სასჯელს.
რევაზ კახნიაური განმარტავს, რომ ზუსტად 28 იანვარს იწურება ემზარ კვიციანის 11-თვიანი პატიმრობის ვადა. ამასთან, ადვოკატი იმ ფაქტსაც ეხმაურება, რომ ბოლო ორი დღეა, კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის შესაძლო გათავისუფლებაზე სოციალურ ქსელებში აქტიურად საუბრობენ. კახნიაური მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები ნაადრევია და შესაძლოა, ამ განცხადებებმა შეთანხმების გაფორმებას ხელი შეუშალოს.
ემზარ კვიციანის გათავისუფლება ადვოკატებზე ადრე ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამაც დააანონსა. მისი თქმით, კვიციანი გათავისუფლდება, ხოლო მოსამართლე, რომელმაც მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, „უმუშევართა რიგებს შეუერთდა“.
„ახლა მივდივართ მე და პროკურორი თენგიზ ჭიპაშვილი ემზარ კვიციანთან შესახვედრად მე-8 საპყრობილეში, სადაც უნდა გაფორმდეს ოქმი, მათ შორის, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა დაადასტუროს მერე სასამართლომ. 11- თვიან სასჯელზე ხდება შეთანხმება, ამის საშუალებას იძლევა ძველი, მაშინ მოქმედი სისხლის სამართლის პროცესი. ჯერჯერობით არ შეგვიძლია იმის თქმა, როგორ მოხდება მისი გათავისუფლება, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ალბათ, შევთანხმდებით. მე ვფიქრობ, რომ უნდა გაათავისუფლონ 28 იანვარს.
ემზარს მე გავუწიე იურიდიული კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით, ავუხსენი, რა განსხვავებაა ბრალსა და სასჯელთან შეთანხმებას შორის. ანუ, მას ექნება უფლება, ყოველთვის თქვას, რომ თავის ბრალეულობას არ აღიარებს და არ ამართლებს მაშინდელი პრეზიდენტის ქმედებას. ის დამთანხმდა ამაზე და ჩვენ დავწერეთ განცხადება, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, ახლა ველოდებით ოქმის შედგენას“, -გვითხრა რევაზ კახნიაურმა.
მანვე განმარტა, რომ ჯერ კიდევ წინა სასამართლო პროცესის დროს, რომელიც მიმდინარეობდა ზუგდიდში, ემზარ კვიციანი წინააღმდეგი იყო იმის, რომ მომხდარიყო პროცესუალური შეთანხმება ბრალთან დაკავშირებით, რადგან იგი არ აღიარებს, რაც მას აქვს შეფარდებული, მაგრამ სასჯელის აღიარებაზე იგი თანახმაა. ადვოკატი აქვე განმარტავს, რომ თუკი პრაქტიკულად მივუდგებით ამ საკითხს, კვიციანს ვერავინ დაუბრუნებს იმ 11 თვეს, რომლის განმავლობაშიც იგი ციხეში იჯდა.
რაც შეეხება ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ემზარ კვიციანს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხის მოწყობასა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს უკანონო განაჩენი კანონიერ ძალაში არ შესულა, ის ეფუძნებოდა მოსამართლის ცალმხრივ გადაწყვეტილებას. ამიტომ კვიციანის დამცველებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, სააპელაციო სასამართლოში ეს საქმე მოიგონ.
„პროკურატურას მეტი ბრძოლა და დავა ამ საკითხზე არ სჭირდება. არც ჩვენ გვჭირდება მეტი ბრძოლა და ვთანხმდებით“, - აცხადებს რევაზ კახნიაური.
დღესვე ემზარ კვიციანის ადვოკატებმა ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ მორალური ზიანის დაკისრების მიზნით, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს.
როგორც For.ge-სთან საუბარში კვიციანის ერთ-ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, ხსენებულმა პირებმა მედიასაშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, ემზარ კვიციანი გამტაცებელი და მკვლელია. თუ ეს ადამიანები ვერ დაამტკიცებენ კვიციანის ბრალეულობას, მაშინ მათ თანხობრივად მოუწევთ მორალური ზიანის ანაზღაურება.
„იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო ჩვენს საპროცესო შეთანხმებას პროკურატურასთან დაადასტურებს და ემზარ კვიციანი გათავისუფლდება 28 იანვარს სააპელაციო სასამართლოდან. რაც შეეხება მორალურ ზიანს, სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში, ემზარ კვიციანის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისტემატური ტალახის სროლა. ჩვენ ამ ადამიანებს ვაფრთხილებდით როგორც ტელევიზიის, ისე სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, შეეწყვიტათ კვიციანის დისკრედიტაცია, თუმცა მათ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ეს ადამიანები თითს იშვერდნენ კვიციანისკენ და იძახდნენ, რომ იგი არის მკვლელი და ხალხის გამტაცებელი. კახა თარგამაძე და პეტრე მამრაძე აცხადებდნენ, რომ 1998 წელს ემზარ კვიციანმა აფხაზეთის მთავრობა გაიტაცა და თვითონვე გაათავისუფლაო. არადა, მანდ სულ სხვა გარემოებები იყო. ყველაფერი სპეციალურად მოუწყეს კვიციანს. თუ ვის მიერ მოხდა ეს ფაქტი, თვითონ ემზარ კვიციანს უნდა ჰკითხოთ. ასევე, იძახდნენ, რომ კრიმინალთა ბანდა იყო თურმე „მონადირე“. რაც შეეხება ემზარ კვიციანის დადანაშაულებას მკვლელობაში ირაკლი ფირცხალავას მიერ, ეს არის დიდი ნონსენსი, რადგან ირაკლი ფირცხალავას და კახა თარგამაძეს პირადი დაპირისპირება ჰქონდათ კვიციანთან. მათ იხელთეს დრო და ეგონათ, დისკრედიტაციას მოახდენდნენ საზოგადოებაში, მაგრამ, საბედნიეროდ, პირიქით მოხდა, კვიციანს დღე-დღეზე გამოუშვებენ და მათ მოუწევთ ბრალდების უარყოფა. არანაირი ძმები სიგუების ლიკვიდაცია ემზარ კვიციანს და მის დისშვილს არ ჩაუდენიათ. იმედია, სასამართლო უახლოეს ხანში დაადასტურებს, რომ ძმებ სიგუებთან კვიციანს შეხება არ ჰქონია“, - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.
შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ ემზარ კვიციანი და მისი დიშვილი, ირაკლი არღვლიანი სოფელ აჩადარაში მურმან სიგუას მკვლელობაში დაადანაშაულა. რაც შეეხება პეტრე მამრაძეს, იგი ემზარ კვიციანს რუსულ სპეცსამსახურებზე მომუშავე პირად წარმოაჩენდა, რომელიც, ამავდროულად, გაერო-ს დამკვირვებლების გატაცებაში მონაწილეობდა. მოგვიანებით, პეტრე მამრაძე განმარტავდა, რომ მას, როგორც მთავრობის კანცელარიის ყოფილ უფროსს, აღნიშნული ბრალდებები მოსმენილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან. შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე კი აცხადებდა, რომ კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლის გატაცების უკან სწორედ ემზარ კვიციანი იდგა. „რა დააშავა და ჯერ იყო აფხაზეთის მთავრობა გაიტაცა და მთელი მთავრობა სცემეს კოდორის ხეობაში“, - ირწმუნებოდა კახა თარგამაძე.