„მე ვარ შარლი“ და „მე არ ვარ შარლი“, - ამ შინაარსის კონტრშეფასებები გავრცელდა „შარლი ებდოს“ ტრაგედიის ფონზე. ეს ის „შარლი ებდოა“ (ყოველკვირეული სატირული ჟურნალი), რომელსაც 2015 წელს პარიზის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. საფრანგეთი კონტრასტების ქვეყანაა და საინტერესოა, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის და სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ცივილიზაციათა შორის დაპირისპირება?
ამ თემებზე For.ge-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე ესაუბრა.
- თანამედროვე მსოფლიოში არსებული რეალობებიდან უნდა გამოვიდეთ და უნდა გავითვალისწინოთ, ასევე, საკუთრივ საფრანგეთის სპეციფიკა. რამდენიმე ათეული წლის წინ ასეთი რამ შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არ იყო საზოგადოებაში და, ზოგადად, მსოფლიოში სიტუაცია, რომ რელიგიურ თემატიკაზე ექილიკათ, არ არსებობდა სივრცე ამ ტიპის „თამამი იუმორისათვის“. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის გამოყოფა, რადგან საფრანგეთი, შეიძლება ითქვას, ხისტად სეკულარული სახელმწიფოა, სადაც ყოველგვარი რელიგიური სიმბოლიკის საზოგადოებრივ სფეროში გამოყენება, სხვა დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, იკრძალება. ეს ეხება თუნდაც მუსლიმი ქალების მიერ ჩადრის ტარების აკრძალვის კანონის შემოღებას.
რელიგიის გაქილიკების ტრადიცია საფრანგეთში სადღაც, გასული საუკუნის 50-60-იანი წლებიდან მოდის. საბჭოთა კავშირშიც კი (ათეიზმის პროპაგანდის მიზნით) ბეჭდავდნენ ასეთ კარიკატურებს, ცნობილ ფრანგ მხატვარს ჟან ეფელს ბიბლიურ სიუჟეტებზე კარიკატურების მთელი სერია ჰქონდა შექმნილი, მაგრამ ეროტიკული ხასიათის კარიკატურების შექმნა არ იყო მიღებული პრაქტიკა. 1970–იან და 80-იან წლებში კი ამ ტიპის „თამამი“ კარიკატურები, პირველ რიგში, პოლიტიკოსებს შეეხებოდა. შემდგომ რელიგიის ჯერის დადგა. „შარლი ებდო“ სწორედ ამ თვალსაზრისით იქცა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამოცემად. რაც შეეხება ამ ჟურნალისთვის პარიზის საპატიო მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას, მე ვერ განვსჯი, მაგრამ მორწმუნეთა ნაწილმა - ქრისტიანებმა, იუდეველებმა, მუსლიმებმა ეს შეიძლება შეურაცხყოფად აღიქვან. თუმცა ესეც ბუნებრივი მომენტია, რადგან საფრანგეთში და დასავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურ ზღვრამდეა დაშვებული. თუ ეს არ მოგწონს და შეურაცხყოფად იღებ, ამისთვის არსებობს სასამართლო და მშვიდობიანი აქციების სახით პროტესტის გამოხატვის საშუალება.
მაგრამ, ეს ზოგიერთისთვის გრძელი გზაა.
- ხაზი უნდა გაესვას, რომ მათი უმრავლესობა, ვინც გმობს „შარლი ებდოს“ პოლიტიკას, გმობს, ასევე, ტერორისტების მოქმედებას. „მე ვარ შარლი“ საზოგადოების იმ დიდი ნაწილის ლოზუნგია, ვინც მიიჩნევს, რომ ამგვარი გამოხატვის თავისუფლება დასაშვებია და არავინ ხელი არ უნდა შეუშალოს გამოცემას. მეორე ნაწილი - „მე არ ვარ შარლი“ - ისინი არიან, ვინც თვლის, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაუშვებელია, თუმცა, როგორც აღინიშნა, მეტად მცირეა მათი რიცხვი, ვინც ამართლებს ტერორისტთა ქმედებას.
გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მსოფლიო ომის გმირის - შარლ დე გოლის სიკვდილზეც კი იქილიკა ამ ჟურნალმა, შესაძლოა, ფასეულობები მისთვის არც არსებობდეს?
- ფასეულობების იგნორირება, ანუ შემაკავებელი ზღვარის არარსებობა ფრანგული კარიკატურისთვის დამახასიათებელია. დე გოლი ახსენეთ, იყო ცნობილი კარიკატურისტი 70-80-იან წლებში, რომელიც დე გოლსაც და, განსაკუთრებით, მიტერანსაც საოცრად აშარჟებდა, განსაკუთრებით, მიტერანის სექსუალურ ცხოვრებას შეეხებოდა მისი კარიკატურები. სხვათა შორის, 80-იან წლებში, „შარლი ებდომდეც“, კარიკატურებში უკვე გაჩნდა რელიგიური თემატიკაც, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სხვადასხვა სარწმუნეობის მიმდევართაგან. პირველ რიგში, ეს შეეხება მუსლიმებს (დღეს საფრანგეთში, სხვადასხვა მონაცემებით, 5-დან 7 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს).
როგორც ამბობენ, 750-მდე შარიათული ზონაა საფრანგეთში, ძალიან დიდია მისი მასშტაბი და ექსპერტები ამას საფრთხილოდ მიიჩნევენ.
- ნუ წარმოვიდგენთ, რომ საფრანგეთში არსებობს ერთიანი მიზნით შეკრული მუსლიმური თემი, რომელიც ორგანიზაციული თვალსაზრისით ჩამოყალიბებულია და პოლიტიკური მოთხოვნები აქვს. მეორე მომენტია, რაც დღევანდელ მსოფლიოს ახასიათებს, რომ ხდება ახალგაზრდების, განსაკუთრებით, მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზაცია. ეს საფრანგეთში თვალსაჩინოა. იყო შემთხვევები, როცა ტრადიციული ისლამის მიმდევარი მშობლები პოლიციას სთხოვდნენ დახმარებას, რადგან მათი შვილი რადიკალურ იდეებს ამჟღავნებდა. ამ შემთხვევაში მსოფლიოში ძალიან დიდ როლს ასრულებს მასობრივი კომუნიკაციები და ინტერნეტი, რადგან ეს ახალგაზრდები რადიკალური ტერორისტული მოძრაობების ვებგვერდებიდან თავიანთ სამოქმედო პროგრამას იღებენ. პრაქტიკულად, რელიგიურ განათლებას არა რელიგიურ სკოლებში, არამედ რადიკალური ჯგუფების ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით იღებენ.
თუმცა არც იუდაიზმი, არც მუსლიმანობა და, მით უმეტეს, ქრისტიანობა ადამიანის კვლას არ ამართლებს. პირიქით, კრძალავს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ კაცობრიობის ისტორია იმას გვასწავლის, რომ რადიკალებს და ტერორისტებს (იმავე ქრისტიანებს, მუსლიმანებს, იუდეველებს) ისე შეუძლიათ „წაიკითხონ“ რელიგიური დოქტრინა, რომ გაამართლონ თავიანთი ქმედებები.
მაგრამ ჯიჰადი უნდა გამოაცხადოს უმაღლესმა ავტორიტეტმა. ვინ უნდა იყოს ასეთი მუსლიმანებისთვის, ვის ენდობიან ისინი და არის თუ არა მუსლიმანებში ჯიჰადისკენ სწრაფვა? იქაც არის აღრევა სარწმუნოებაში. გვახსოვს ბინ ლადენის გამოთქმა - „მე ქრისტიანებს კი არ ვებრძვი, არამედ ვებრძვი - ურწმუნოებას“. ეს იყო ამერიკის მისამართით ნათქვამი, რომელიც მას ურწმუნო ქვეყნად მიაჩნდა.
- ამ შემთხვევაში, სრულიად აღრეულია სიტუაცია, ანუ კლასიკური ისლამური ნორმებიდან სრული გადახვევაა. პრაქტიკულად, დღეს ნებისმიერი რადიკალი, რომელიც სათავეში უდგას ტერორისტულ ჯგუფს, ან მოძრაობას, აცხადებს ჯიჰადს, საღვთო ომს, რაც კლასიკური ისლამით მიუღებელია. მაგალითად, მე-19 საუკუნეში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი და ირანს გამოცხადებული ჰქონდა ჯიჰადი, მაგრამ ეს ჯიჰადი გამოაცხადა ირანელმა უზენაესმა სასულიერო პირმა და არა შაჰმა, ან რომელიღაც მხედართმთავარმა თუ რიგითმა სასულიერო პირმა. ეს მომენტი დღევანდელ ვითარებაში დაკარგულია და სიტყვა „ჯიჰადი“ იქცა ბრძოლისკენ მოწოდებად, რომელსაც ნებისმიერი ჯგუფის მეთაური აკეთებს. სიტყვა „ჯიჰადი“ დიდი პოლიტიკური დატვირთით შეივსო დღეს. ეს არ არის რომელიმე მუსლიმური სახელმწიფოს ქმედება, ეს არის გარკვეული ჯგუფების, ტრანსნაციონალური მუსლიმანური ჯგუფების ქმედება, რომლებიც სხვადასხვა გზით მოიპოვებენ საკმაოდ დიდ დაფინანსებას. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ჯგუფების პირველი სამიზნე, თეორიულად მაინც, არიან ადგილობრივი, ანუ მუსლიმური ქვეყნების ხელისუფალნი - ისინი, ვინც, მათი თვალსაზრისით, განუდგნენ ჭეშმარიტ ისლამს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მუსლიმანურ სამყაროში არ არსებობს ერთიანი იდენტობა. არსებობს სექტანტური დაპირისპირება შიიტებსა და სუნიტებს შორის, კიდევ სხვა მრავალი პრობლემაა, რომლის გამოც არათუ მუსლიმური სამყარო არ არის ერთიანი, არამედ არაბული სამყაროს გაერთიანებაც შეუძლებელია.
ქართველები მივეჩვიეთ ჩვენი უზენაესი სიწმინდეების შეურაცხყოფას. იბეჭდებოდა მოთხრობა თამარ მეფისა და იური რუსის ურთიერთობის შესახებ, რომელიც ქართველებისთვის მეოთხე იპოსტასად ითვლებოდა ოდითგანვე და წმინდა სამების მეოთხე წევრად განიხილებოდა; იბეჭდებოდა სტატიები პატრიარქის წინააღმდეგ, იყო გამოთქმები - მამა ბუასილი და სხვა, ქართველები ამ ყველაფერს შედარებით იოლად „ატარებდნენ“. მენტალობის თვალსაზრისით, მუსლიმანებს შორის სწორედ ალბათ აქ არის განსხვავება, ისინი ამ ყველაფერს არ ეგუებიან. ცოტა ხნის წინ კარიკატურების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩატარდა პანკისში, გროზნოში, აქაური მუსლიმანები მიიჩნევენ, რომ „შარლი ებდოს“ პროვოკატორებმა რაც დაიმასახურეს, ის მიიღეს. კავკასიაში რამდენად დიდი იქნება ტრანსნაციონალური მუსლიმანური ჯგუფების ასპარეზი?
- კავკასია ისეთი რეგიონია, რომ აურაცხელი პრობლემაა დაგროვილი. განსაკუთრებით, ეს შეეხება ჩრდილო კავკასიას, ჩეჩნეთს, სადაც რუსულმა აგრესიულმა პოლიტიკამ თავისი კვალი დააჩნია. ამის გამოძახილია დღევანდელი ვითარებაც, ის, რომ არაერთი ჩრდილო კავკასიელი მეომარი ისლამისტ მებრძოლთა რიგებში დგას ახლო აღმოსავლეთში. ომი ამ ადამიანების პროფესიად იქცა. რაც შეეხება საფრთხეს, დღევანდელ მსოფლიოში დაცული არავინაა, მით უმეტეს, კავკასიის რეგიონში. პროტესტი პანკისში, გროზნოში ჩვეულებრივ მოვლენად უნდა მივიღოთ, რადგან საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა გარკვეული მოვლენისადმი დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ექსტრემისტულ ქმედებაში. ზოგიერთი მუსლიმი ან ქრისტიანი რწმენისა და „სიწმინდეების“ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას იღებს საკუთარი რწმენის შეურაცხყოფად. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ერთადერთი, უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად ტოლერანტული იყოს როგორც თანამორწმუნეების, ისე სხვა სარწმუნოების მოქალაქეების მიმართ.
მართალია, ფრანგული ჟურნალი აღარ ბეჭდავს მსგავს კარიკატურებს, მაგრამ მუსლიმანთა გრძნობებიდან გამომდინარე, პარიზში ტერორისტული აქტები გაგრძელდება?
- ამის პროგნოზირება, ბუნებრივია, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საფრთხე არსებობს და რამდენიმე დაგეგმილი ტერაქტის გაუვნებელყოფაც მოხდა უკანასკნელ ხანებში „შარლი ებდოს“ ტერაქტის შემდეგ. რა თქმა უნდა, სანამ რადიკალიზმი არსებობს, საფრთხეც იარსებებს და დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო თანამეგობრობის მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ.